საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-414-387-2017 15 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "მ--2" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ნაგებობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისი, მ-ი თ-ის გზატკეცილი/ქ. თბილისი, რ. გ-ის ქუჩა №14-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0-; დაზუსტებული ფართობი - 190 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი - 0- 0-; შემდეგში: პირველი უძრავი ქონება) მესაკუთრე ლ. ლ-ეა (შემდეგში: მოპასუხე ან პირველი უძრავი ქონების მესაკუთრე). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება 2013 წლის 13 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა (იხ. ამონაწერი, ტ. 1, ს/ფ 94-95).
2. ქ. თბილისი, მ-ი, თ-ის გზატკეცილზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0-, ნაკვეთის წინა ნომერი 0-; 0-. დაზუსტებული ფართობი 3202 კვ.მ; შემდეგში: მეორე უძრავი ქონება) მესაკუთრე შპს „მ--02“-ია (შემდეგში: მეორე უძრავი ქონების მესაკუთრე, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი). უფლების დამდგენი დოკუმენტი თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 3 ნოემბერს დამოწმებული საკუთრების უფლების მოწმობაა (იხ. ამონაწერი, ტ. 1, ს/ფ 80-81).
3. პირველი და მეორე უძრავი ქონება ერთმანეთის მომიჯნავეა. მოპასუხის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, გაბარიტული ზომები და კონფიგურაცია საგრძნობლად განსხვავდება საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, გაბარიტული ზომებისა და კონფიგურაციისაგან, რის გამოც იქ არსებულ მიწის ნაკვეთებში გადაფარვაა. მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 7.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს დაკავებული და მოსარჩელის ნაკვეთში განთავსებულია მოპასუხის 8.2 გრზ.მ ღობე (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს # 007231115 დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 229-240).
4. პირველი უძრავი ქონება მოპასუხემ წინა მესაკუთრისაგნ არსებული მდგომარეობით შეიძინა და მას რაიმე მშენებლობა არ განუხორციელებია.
5. მოპასუხის კუთვნილი ქვის ღობის დაშლა კონსტრუქციული თვალსაზრისით გაუმართლებელია, ვინაიდან ის უარყოფით გავლენას მოახდენს მიმდებარე შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე. ობიექტი აშენებულია წვრილი ბლოკით სისქით 20სმ h=2,2 მ, დასმულია ნაყარ გრუნტზე და გააჩნია ბეტონის საძირკველი. ღობე დანგრევას არ ექვემდებარება (იხ. შპს საპროექტო, არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია „ბ-ი XXI“-ის 2015 წლის 28 თებერვლის საექსპერტო დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 154-155).
6. მეორე უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრებს შიგნით განთავსებული მოპასუხის ღობის დემონტაჟი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს # 007231115 დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 229-240).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ 2015 წლის 21 ივლისს სარჩელით, ხოლო 2016 წლის 8 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და საინჟინრო ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით.
7.2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების პირველ, მეორე, მესამე და მეექვსე პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და ამ განჩინების მეოთხე და მეხუთე პუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ ის კეთილსინდისიერი შემძენია და მან არ იცოდა, თუ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს ეკუთვნოდა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მეორე უძრავი ქონების მესაკუთრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 179-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, რადგან საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევაში მოპასუხის განზრახვა არ დგინდება, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამ უკანასკნელის ნაგებობა შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში, ამასთან არ დგინდება მესაკუთრის კონკრეტული ინტერესი, თუ რა აუცილებლობითაა გამოწვეული მოპასუხის საკუთრებაში არსებული ღობის დემონტაჟი.
9.3. სასამართლომ გაითვალისწინა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული საექსპერტო დასკვნა, რადგან მე-6 პუნქტში დასახელებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის, თუ რა გავლენას მოახდენს დემონტაჟი იქვე მდებარე ობიექტზე, რომელიც საცხოვრებელი სახლია და შესაძლებელია უფრო მეტი სიკეთე იქნეს დაზიანებული, ვიდრე მესაკუთრის უფლება.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა:
10.2. აპელანტმა ამ განჩინების პირველ, მეორე, მესამე და მეექვსე პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებულია გაათავისუფლოს მის უკანონო მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთი და მოახდინოს ნაგებობის დემონტაჟი.
10.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და სამართლებრივი არასწორად შეაფასა ისინი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 393-ე, 394-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
11.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე და 179-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ თუ საზღვრის დამრღვევი მეზობელი განზრახ მოქმედებს, მაშინ მშენებლობით გამოწვეული უარყოფით ზემოქმედებათა აღკვეთის მოთხოვნას ვერაფერი დაუდგება წინ, ხოლო თუ მშენებლობის დროს მისი მოქმედება განზრახვის გარეშეა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გასაზიარებელი, თუკი უფლებადარღვეულმა მეზობელმა ამ დარღვევის შესახებ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა პრეტენზია; მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი ხდება მოსალოდნელი დარღვევის შესახებ და ამაზე იმთავითვე არ აცხადებს პრეტენზიას, მაშინ უფლებადარღვეულმა მესაკუთრემ უნდა ითმინოს აღნიშნული ზემოქმედება.
11.4. სასამართლომ განმარტა, რომ თმენის ვალდებულება ესაა სამეზობლო ინსტიტუტიდან გამომდინარე საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რა შემთხვეევაშიც სახეზეა ინსტიტუტის კანონისმიერი დატვირთვები. სასამართლომ ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული გარემოება დადგენილად მიიჩნია და განმარტა, რომ ის პირი, ვისგანაც მოპასუხემ პირველი უძრავი ქონება შეიძინა, განზრახვის გარეშე გადასცდა მოსარჩელის ნაკვეთის ფარგლებს. მოსარჩელეს არც წინასწარ და არც დარღვევის შეტყობისთანავე პრეტენზია არ განუცხადებია, ამდენად იგი ვალდებულია შეეგუოს შექმნილ ვითარებას. მას მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა, აპელანტს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია. სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს არა აქვს უფლება მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2. კასატორის პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში აღნიშნული გარემოებების იდენტურია (იხ. 10.2-10.3 ქვეპუნქტები).
12.3. კასატორის განმარტებით სასამართლომ მოპასუხეს უპირატესობა მიანიჭა და მასთან მიმართებით გამოიყენა ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
12.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საზღვრის დარღვევა განზრახვის გარეშე მოხდა. არაგონივრულია სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა ღობის დემონტაჟის ინტერესი, რადგან საკუთრების შეძენით მისი სარგებლობის ინტერესი ცალსახად დადგენილია.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ნიშანდობლივია სამეზობლო ურთიერთობისათვის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
20. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ, რომლის მიწის ნაკვეთის საზღვრებს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეწყობინებისთანავე განაცხადა პრეტენზია. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო ემტკიცებინა, რომ პირველი უძრავი ქონების მესაკუთრემ განზრახ დაარღვია მეორე უძრავი ქონების საზღვრები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა კასატორის სამეზობლო თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
21. კასატორის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 179.1-ე მუხლის დანაწესია, რისი გაქარწყლებაც კასატორმა საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ შეძლო.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ ას-1167-1097-2015, 29.01.16 წ.).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
25. კასატორს სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "მ--02-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "მ--02-ს" (ს/კ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ს-ის (პ/ნ 0.) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1 და საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 7 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე