Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-550-512-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. დ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ აღიარება და საჯარო რეესტრში აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ქ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ან აპელანტი) და დ. დ-ას (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან კასატორი) შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 5 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. მოვალესთან ერთად სოლიდარული მოპასუხე კ. ს-ა (შემდეგში: მოვალის მეუღლე ან მამკვიდრებელი) იყო. მოვალის მეუღლე საქმისწარმოების ეტაპზე გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ მოპასუხე იქნა ცნობილი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 2015 წლის 19 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ტ. 1, ს/ფ 12-17).

2. კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა 14 820.5 ლარია, მათ შორის 2 466. 26 ლარი გადახდილია, ხოლო 12 354.24 ლარი გადასახდელია (იხ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ამონაწერი, ტ. 2, ს/ფ 53).

3. ქ.თბილისში, დ-ში, მე-3 მ/რ-ში, მე-14 კორპუსში მდებარე ბინა N71 (შემდეგში: უძრავი ქონება) რეგისტრირებულია მოვალის მეუღლის სახელზე. მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს ზემოაღნიშნულ ბინას და სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, თუმცა, ბინა თავის სახელზე არ გადაუფორმებია (იხ. აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, ტ. 1, ს/ფ 18-21).

4. აღსრულება მიმდინარეობს მოვალის ხელფასიდან და მოძრავი ნივთებიდან (მაგ: ტელევიზორი, მაგიდა; იხ. სახელფასო ცნობა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმები, ტ. 1, ს/ფ 36, 37, 66).

5. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელეს უარი უთხრა უძრავი ქონების რეალიზაციაზე, რადგან ის მოვალის სახელზე არ არის რეგისტრირებული (ტ. 1, ს/ფ 18).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ 2015 წლის 28 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და მოვალის მიერ ფაქტობრივად მიღებული სამკვიდროს საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოითხოვა, რათა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება შესაძლებელი გამხდარიყო.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარდაცვლილი მეუღლის ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს, თუმცა, სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პირის იძულებას, სასამართლოს ძალით საკუთარ სახელზე დაარეგისტრიროს უძრავი ქონება, მით უმეტეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია, როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონებიდან და რაც უკვე ხორციელდება მოვალის ხელფასის დაქვითვისა და მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 134-ე, 180-ე მუხლებით და განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს.

8.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულება დაწყებულია. აღსრულების ფარგლებში კრედიტორის დაკმაყოფილება ხდება მოვალის კუთვნილი მოძრავი ნივთების რეალიზაციითა და მოვალის ფულადი სახსრების - ხელფასიდან თანხების ჩამოჭრის გზით. მოსარჩელემ ვერ შეძლო სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარდგენით სასარჩელო მოთხოვნის მიმართ საკუთარი იურიდიული ინტერესის მართებულობის დადასტურება.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი არგუმენტაციით მოითხოვა:

9.2. მოვალის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება რეალურად ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის დროულად დაკმაყოფილებას;

9.3. მოვალის ქონების, კერძოდ ,,ჟურნალების მაგიდის’’ რეალიზაციით კრედიტორმა მხოლოდ 18 (თვრამეტი) ლარი მიიღო;

9.4. მოვალისათვის ხელფასიდან თანხის გამოქვითვა ატარებს დროებით და უმნიშვნელო ხასიათს, ხელფასი კი, არარეგულარულად, დაგვიანებით გაიცემა;

9.5. მოვალეს ფაქტობრივი მფლობელობის საფუძველზე მიღებული აქვს გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეობა - ბინა;

9.6. საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 180-ე მუხლი, რადგან მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მოვალის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით კრედიტორის დაკმაყოფილება;

9.7. საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1484-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში კი, მოვალის მიერ სამკვიდროს სახით მიღებული ბინის ღირებულება მრავალჯერ აღემატება კრედიტორის წინაშე არსებული ვალის თანხას.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

10.2 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 19 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე აღსრულების ფარგლებში ხდება კრედიტორის დაკმაყოფილება მოვალის კუთვნილი მოძრავი ნივთების რეალიზაციითა და ფულადი სახსრების - ხელფასიდან ჩამოჭრის გზით, ასევე, მოვალე თავს არ არიდებს ვალდებულების შესრულებას და აქედან გამომდინარე არ არსებობს საცხოვრებელ სახლზე აღსრულების მიქცევის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში წარდგენით, მხარეს კანონიერი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება გონივრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, ყოველწლიურად, თუნდაც 3000 ლარის დავალიანების დაფარვის პირობებში, მთლიანი თანხის დასაფარად 5-წლიანი ლოდინი ვერ მიიჩნევა გონივრულად, როდესაც არსებობს კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების რეალური შესაძლებლობა საცხოვრებელ ბინაზე აღსრულების მიქცევის გზით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მხრიდან იკვეთება უფლების ბოროტად გამოყენება და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობა.

10.3 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 1433-ე მუხლზე, 1484-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და აღნიშნა, რომ უდავო გარემოებას წარმოადგენს აპელანტის გარდაცვლილი სოლიდარული მოვალის მემკვიდრედ ყოფნისა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, შესაბამისად, ეს უკანასკნელი ვალდებულია მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესები.

10.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღიარებითი სარჩელის გამართლება (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარება) უკავშირდება კონკრეტული უფლების რეალიზაციას. აღიარებითი სარჩელის მთავარი პირობა - იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენა რეალურს ხდის მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და ასეთი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ემსახურება კრედიტორის იურიდიული ინტერესის ეფექტიანად რეალიზაციას − კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუფერხებელ აღსრულებას. ამდენად, სახეზეა აღიარებითი სარჩელის კანონიერი იურიდიული ინტერესი.

10.5 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოვალის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სამართლის ნორმა, რომელიც დაავალდებულებს მას მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში საკუთრებად დარეგისტრირებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მიუთითა, სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურისადმი პირის მესაკუთრედ აღრიცხვის რეგისტრაციის დავალება წარმოადგენს არა საჯარო რეესტრში საკუთრების იძულებით რეგისტრაციას, არამედ საჯარო რეესტრში იმ უფლების დაფიქსირებას, რაც მოცემულ დავაში სამართლებრივად გააჩნია მოვალეს. სსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და სხვადასხვა მონაცემთა ერთობლიობა, ანუ საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც არსებობს ამ ნივთის მიმართ და თუ სამართლებრივად არსებობს ესა თუ ის უფლება, მაგრამ იგი სხვადასხვა ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით არ ფიქსირდება რეესტრში, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მხარეს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება (სუსგ: Nას 1154-1299-08 02.07.2009). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლების რეგისტრაცია გულისხმობს ნამდვილი უფლების არსებობას, ანუ უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, თუ იგი მართლზომიერი და ნამდვილია. სწორედ ამ ფაქტის დადგენაა სასამართლოს უპირველესი ამოცანა უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტისას, მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება დადგენილია და აღნიშნული არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, მისი არგუმენტი მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით არის ის, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც დაავალდებულებს მას კუთვნილი უძრავი ქონება აღრიცხოს საჯარო რეესტრში.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

11.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის საკმარისად დასაბუთებული;

11.1.2. კასატორი ყოველთვიურად იხდის მოწინააღმდეგის სასარგებლოდ თანხებს, რამაც უკვე 3525, 75 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოვალე არ გაურბის ვალდებულების შესრულებას და მოსარჩელეს დავისადმი იურიდიული ინტერესი არ ჰქონდა. იურიდიული ინტერესი მას ექნებოდა, იმ შემთხვევეში, თუ მოვალე თავს აარიდებდა აღსრულებას;

11.1.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 180-ე მუხლი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიული ინტერესი უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების აღიარებაა, რაც შესაძლებელს გახდის ამ ქონებაზე აღსრულების მიქცევას და მისი რეალიზაციის გზით კრედიტორის დაკმაყოფილებას, თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე თავს არიდებს აღსრულებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო, რადგანაც მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი მითითებული არ ჰქონდა;

11.1.4. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა სსკ-ის 1421-ე მუხლი, ვინაიდან, სამკვიდროს მიღება მემკვიდრის მიერ იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს და დამოკიდებულია მის ნებაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მოვალეს სამკვიდრო მოწმობა, რაც საფუძველია საკუთრების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისა, ნოტარიუსისაგან აღებული არ აქვს;

11.1.5. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და 69-ე მუხლები. მითითებული კანონის 69-ე მუხლში 2015 წლის 11 დეკემბერს შევიდა ცვლილება, შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის პრაქტიკაზე აპელირება, რომელიც მოძველებულია. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში იძულებითი წესით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სახელმწიფოს ინტერესი, ანუ როდესაც კრედიტორად გვევლინება სახელმწიფო, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

12.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 10.2-10.5 პუნქტებშია ასახული და მიუთითებს მათზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის სიძველესა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლთან შეუსაბამობაზე, რადგან ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ არიან. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით ცალსახად დადგენილია, რომ „sajaro reestrSi fiqsirdeba nebismieri ufleba, rac arsebobs am nivTis mimarT da Tu samarTlebrivad arsebobs esaTuis ufleba, magram igi sxvadasxva valdebulebebisgan Tavis aridebis mizniT ar fiqsirdeba reestrSi, sasamarTlos SeuZlia daavaldebulos aseTi moqmedebis Sesrulebis ganxorcieleba“ (იხ. სუსგ ას-1154-1299-08, 02.07.2009 წ.). განსახილველ დავაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება კასატორმა ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რასაც თავად კასატორიც ადასტურებს. ამ ქონებაზე მესაკუთრედ მოვალის დარეგისტრირება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს, რის გამოც კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად იურიდიულად გამართლებულია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არსებითად განსახილველად. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ. დ-ას (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. გ-ას (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 12 ივნისი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე