Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-604-563-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ლ-ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე))

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; იმ განჩინებების გაუქმება, რომელიც წინ უსწრებს გასაჩივრებული განჩინების გამოტანას და რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტი მხარის შუამდგომლობები

დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა, მეურვედ და მზრუნველად დანიშვნა (სარჩელით), ბავშვის დაბრუნება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ლ-ა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, აღმზრდელი ან კასატორი) და ე. კ-ა (შემდეგში - მოსარჩელის მეუღლე) 2009 წლიდან ცხოვრობენ ერთად. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 15 აპრილიდან, თუმცა, არ ეყოლათ შვილი, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება შვილის აყვანის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 1239.1. მუხლი).

2. ა. ფ-ე (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, ბავშვის ბიოლოგიური დედა) მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ხონში. 2013 წელს, იგი 17 წლის ასაკში დაფეხმძიმდა ქორწინების გარეშე. ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა მისი მშობლებისათვის, რის გამოც 2014 წლის თებერვლიდან მოპასუხე დროებით საცხოვრებლად გადავიდა ქ. ზუგდიდში, მოსარჩელისა და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლში.

2.1. 2014 წლის 15 მაისს მოპასუხეს შეეძინა შვილი - გ. ფ-ე (შემდეგში - ბავშვი, მცირეწლოვანი).

3. ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრს 23.06.2014 წელს ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოსარჩელემ და მოპასუხემ. ამ უკანასკნელმა გამოთქვა სურვილი ბავშვის გაშვილებისა და მიტოვების შესახებ და სასურველ კანდიდატად დაასახელა მოსარჩელე, ხოლო მოსარჩელემ თანხმობა გამოთქვა ბავშვის შვილად აყვანაზე.

3.1. მცირეწლოვანი დაბადებიდანვე აღსაზრდელად დარჩა მოსარჩელის ოჯახში.

4. თანხმობის გაცემიდან რამდენიმე თვეში, 2014 წლის 2 სექტემბერს, ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა შვილის დაბრუნება. მან მიუთითა, რომ ბავშვის დაბადების მომენტისათვის არ იმყოფებოდა ქორწინებაში, ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა მშობლებთან. ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ყოფნის დროს შეავსო განცხადება შვილის გაშვილების თაობაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ გააანალიზა რა თავისი მოქმედება, ითხოვდა შვილის დაბრუნებას.

4.1. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შეჩერდა მოსარჩელისთვის ბავშვის მიშვილების პროცედურები.

5. ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ (მოპასუხემ) 2014 წლის 30 სექტემბერს, 20 ოქტომბერს და 18 ნოემბერს განცხადებებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულ განყოფილებას დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხვის მოთხოვნით. მისი განმარტებით, მან ვერ შეძლო ახლობლებში თავშესაფრის მოძებნა და ითხოვდა დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხვას, ან შვილის გადაუდებელი მინდობით აღზრდაში გადაყვანას, რათა მისცემოდა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის უფლება.

5.1. ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 28.01.2015 წლის N04-09-01/445 წერილის თანახმად, მოპასუხის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან ბავშვის გამოყვანა მოსარჩელის (აღმზრდელის) ოჯახიდან ვერ მოხერხდა, ხოლო რეგულარულ მინდობით აღზრდაში დარეგისტრირებულმა მიმღებმა მშობელმა უარი განაცხადა ბავშვის მასთან განთავსებაზე.

5.2. ბიოლოგიურმა დედამ (მოპასუხემ) 2016 წლის 26 იანვარს კვლავ მიმართა განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრს და მოსარჩელის ოჯახისაგან ბავშვის გამოყვანის პროცესში დახმარება მოითხოვა.

5.2.1. ზემოხსენებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, თუმცა, მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. სოციალურმა მუშაკმა მიიჩნია, რომ ბავშვის იძულებით გამოყვანა ბავშვის ფსიქიკას ზიანს მიაყენებდა, რის გამოც მცირეწლოვანი აღმზრდელის ოჯახში დარჩა.

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. აღმზრდელმა 2016 წლის 2 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მცირეწლოვანის ბიოლოგიური დედის (მოპასუხის) წინააღმდეგ და მშობლის უფლების შეზღუდვა და ბავშვზე მეურვედ (7 წლის შემდგომ - მზრუნველად) დანიშვნა მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ მოპასუხე ფეხმძიმობის დროს, თვეების მანძილზე ცხოვრობდა მასთან. ის და მისი მეუღლე ზრუნავდნენ მასზე, აკონტროლებდნენ მის ჯანმრთელობას და კვებას. ბავშვის დაბადების შემდეგ მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთობლივად მიმართეს შესაბამის ორგანოს და გამოხატეს თანხმობა ბავშვის მოსარჩელისთვის მიშვილების თაობაზე. მოგვიანებით ბიოლოგიურმა დედამ შეიცვალა პოზიცია და ბავშვის დაბრუნება მოითხოვა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, ბავშვისთვის საზიანო იქნება, რადგან მცირეწლოვანს ახლო ემოციური კავშირი გააჩნია მასთან და მის მეუღლესთან;

6.2. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა ბიოლოგიური დედისათვის (მოპასუხისთვის) მშობლის უფლების შეზღუდვა, ხოლო აღმზრდელის დანიშვნა ბავშვის მეურვედ (იხ. სასარჩელო განცხადება - ტ.1, ს.ფ.1-15):

7. მოპასუხის შესაგებელი სარჩელზე და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

7.1. მოპასუხემ (ბიოლოგიურმა დედამ) სარჩელი არ ცნო, მიუთითა წინამდებარე განჩინების 2-5 პუნქტებზე და განმარტა, რომ არ არსებობდა მისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 56-65).

7.2. მცირეწლოვანის ბიოლოგიურმა დედამ 2016 წლის 14 ივლისს შეგებებული სარჩელი აღძრა აღმზრდელის წინააღმდეგ და წინამდებარე განჩინების 2-5 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით მცირეწლოვანის ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნება მოითხოვა.

7.3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ აგრეთვე იშუამდგომლა, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართულიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი (იხ.შეგებებული სარჩელი ტ.1.ს.ფ. 108-119).

7.4. სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელიც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაერთო, მხარი დაუჭირა ბიოლოგიური დედის შეგებებულ სარჩელს და არ დაეთანხმა თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას.

8. შეგებებული სარჩელით მოპასუხის შესაგებელი

8.1. შეგებებული სარჩელი არ ცნო აღმზრდელმა და წერილობითი შესაგებლით განმარტა, რომ ბიოლოგიური დედის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შეგებებული სარჩელით მოპასუხის შესაგებელი - იხ.ტ.1, ს.ფ. 135-144).

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები:

9.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის (ბიოლოგიური დედის) შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დედას დაუბრუნდა 2014 წლის 15 მაისს დაბადებული გ. ფ-ე [პირადი # 5..].

9.2. სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1197-1198 -ე და 1204-ე მუხლები, ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციის მე-9 და მე-19 მუხლები, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსს) მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2571, 364-ე და 369-ე მუხლები.

9.3. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ასახულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

9.3.1. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას. საქმეში – ბუგანემი საფრანგეთის წინააღმდეგ (Boughanemi v. France), ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ოჯახური ცხოვრების კონცეფციის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული კონცეფცია, რომელზედაც დაფუძნებულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, გულისხმობს მშობელსა და შვილს შორის კავშირის არსებობას და იგი ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია. ოჯახურ ურთიერთობებზე სპეციალურ ნორმებია ასახული სსკ-შიც, კერძოდ, 1197-ე მუხლის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, ხოლო იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

9.3.2. მშობლის უფლების შეზღუდვის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ საამისოდ უნდა არსებობდეს კონკრეტული ობიექტური გარემოებები, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა. სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა თავდაპირველი სარჩელის არგუმენტაცია, რომ დედისთვის ბავშვის დაბრუნება მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებდა. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ ფსიქოლოგის დასკვნებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ბავშვს პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნია დედის მიმართ, ამ უკანასკნელს კი სურვილი აქვს დაიბრუნოს და აღზარდოს შვილი, აღმზრდელის მითითება ბავშვის ფსიქიკაზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, ბავშვის დედასთან დაბრუნების აუცილებლობის ფაქტობრივ საფუძველს დამატებით იძლეოდა ასევე ის გარემოებები, რომ მოპასუხე იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ნიკოლოზ კუჭავასთან, მათი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვის ბიოლოგიური დედა (მოპასუხე) დასაქმებულია, მის მეუღლესაც ასევე პერიოდულად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება სამუშაოდ და მზად არის, რომ იზრუნოს მოპასუხის შვილზე.

9.3.3. სასამართლომ ერთობლივად შეაფასა საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე მოპოვებული მტკიცებულებები და დადგენილი გარემოებები და დაასკვნა, რომ არსებობდა შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. აშკარა იყო ისიც, რომ თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან კანონიერი საფუძვლის არარსებობის გამო, შეგებებულ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ბავშვის დაბრუნება, რაც მცირეწლოვანის ინტერესებს ემსახურება (იხ. გადაწყვეტილება - ტ.2, ს.ფ. 93-108).

10. თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

10.1 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ამ განჩინების 6.1-6.2 ქვეპუნქტები), ხოლო შეგებებული სარჩელის (იხ. ამ განჩინების 7.2 ქვეპუნქტი) უარყოფა მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

10.1.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტი, რომ თავად ბიოლოგიურ დედას (მოპასუხეს) სურდა მოსარჩელეზე გაეშვილებინა ბავშვი. შვილად აყვანამდე პოლიციაში დაიკითხა მოპასუხე, რომელსაც მასზე განხორციელებული რაიმე სახის ზეწოლა და იძულება არ დაუფიქსირებია;

10.2.1. სასამართლომ არ შეაფასა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის, ნინო ბერულავას 2016 წლის 17 მარტის N 742 დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბავშვის დაშორება აღმზრდელ მშობლებთან ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს მიაყენებდა, ვინაიდან მათ შორის ჩამოყალიბებულია ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა. სწორედ ამ გარემოების გამო ვერ მოახერხა სოციალურმა მუშაკმა ბავშვის გამოყვანა აღმზრდელის ოჯახიდან;

10.2.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოსდა ბავშვმა მოპასუხე აღიქვა, როგორც მშობელი დედა. სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგი ზოგადად საუბრობდა ბავშვის დადებით ემოციურ დამოკიდებულებაზე მოპასუხის მიმართ და არა დეტალურად - როგორც დედის მიმართ;

10.2.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოწმის სახით დაკითხულმა, მოპასუხის არარეგისტრირებულმა მეუღლემ გამოთქვა მზაობა, მზრუნველობა გაუწიოს მცირეწლოვანს; სინამდვილეში, მას ამის მზაობა არ გააჩნია.

11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით აღმზრდელის (ძირითადი მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში, სამართლებრივი შეფასებები (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი) და დამატებით განმარტა:

11.2.1. დაბადების მოწმობის მიხედვით, მცირეწლოვანის დედა არის ძირითადი სარჩელის მოპასუხე და მას მშობლის უფლება შეჩერებული, შეზღუდული ან ჩამორთმეული არ აქვს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელესთნ საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ და სამშობიაროში ყოფნის დროსაც ბიოლოგიურმა დედამ (მოპასუხემ) რამდენჯერმე განაცხადა უარი ბავშვის დათმობაზე, თუმცა, მასზე იმ გარემოებამ იქონია ზემოქმედება, რომ მშობლები ბავშვთან ერთად არ მიიღებდნენ და გაშვილებას დაეთანხმა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმემ დაადასტურა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, ბიოლოგიური დედა 10-ჯერ მაინც იყო მოსარჩელესთან მისული ბავშვის სანახავად. აღნიშნული ფაქტი თავად აღმზრდელმაც დაადასტურა;

11.2.2. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბიოლოგიური დედისათვის ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა საქმეში წარდგენილი სოციალური მუშაკის ის დასკვნები (ტ.1, ს.ფ.45-46, 180-182), რომლებზეც აპელანტი მიუთითებდა და სადაც დაფიქსირებულია, რომ ბავშვი თავს დაცულად და უსაფრთხოდ მხოლოდ აღმზრდელისა და მისი მეუღლის გარემოში გრძნობს და მათთან დაშორება მცირეწლოვანის ფსიქიკას ზიანს მიაყენებს. სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნულ დასკვნებთან დაკავშირებით, გამოკითხა ზემოხსენებული სოციალური მუშაკი, რომელმაც განმარტა, რომ მას ფსიქოლოგიური განათლება არ გააჩნია. დასკვნაში ასახული მსჯელობა, რომ მცირეწლოვანის დაშორება აღმზრდელთან ბავშვის ფსიქიკას ზიანს მიაყენებდა, განაპირობა აღმზდელის ოჯახში ვიზიტისას ბავშვის ქცევამ. სოციალურმა მუშაკმა აღნიშნა, ბავშვის ფსიქიკის გამოსაკვლევად რაიმე სახის სამეცნიერო მეთოდები არ გამოუყენებია და ზოგადი დაკვირვების საფუძველზე მიიღო შესაბამისი დასკვნა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეულმა ფსიქოლოგმა - ლილიანა ცხონდიამ, მის მიერ შედგენილ დასკვნებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ფსიქოლოგიური კვლევა ჩაატარა სამეცნიერო წესებისა და მეთოდების გამოყენებით;

11.2.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კვლევის შედეგად მიღებული შეფასებები გაამყარა სააპელაციო სასამართლოში ბავშვთან მოწყობილმა შეხვედრამაც, რა დროსაც მცირეწლოვანმა მარტივად დაამყარა კომუნიკაცია ბიოლოგიურ დედასთან, მის მიმართ გაუცხოება არ გამოუხატავს, რაც ადასტურებდა, რომ ბავშვს აქვს დადებითი ემოციური, მჭიდრო კავშირი ბიოლოგიურ დედასთან. მისი ბიოლოგიურ დედასთან უმტკივნეულოდ გადაყვანა დამოკიდებული იყო გამზრდელ მშობლებზე, თუ როგორ დაეხმარებიან ბავშვს პოზიტიურად მიიღოს ბიოლოგიური დედა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - 15.02.2017 წ.).

11.2.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა: დავის სწორად გადაწყვეტისა და აპელანტის პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს: 1) მიაყენებს თუ არა ზიანს მცირეწლოვანის ჯანმრთელობასა და მის ფსიქიკურ მდგომარეობას ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნება; 2) არსებობს თუ არა მოპასუხისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; სსკ-ის 1199-ე და 1204-ე მუხლების შესაბამისად, მშობლების უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე. მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია უარი განაცხადოს ასეთ მოთხოვნაზე, თუ მოთხოვნა არ შედის ბავშვის ინტერესებში. ამავე კოდექსის 1256-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და 10 წელს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შვილის გაშვილებაზე თანხმობის მიცემიდან (23.06.2015წ. ტ.1, ს.ფ.23) ორ თვეში - 2014 წლის 2 სექტემბერს წერილობით განაცხადა უარი ბავშვის გაშვილებაზე (ტ.1.ს.ფ.35), რის გამოც, მცირეწლოვანის შვილად აყვანა ვეღარ განხორციელდა.

11.2.5. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავადი იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ასევე მოიცავს მშობელთა უფლებას - მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას - განახორციელონ შესაბამისი ქმედებები (იხ. ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No. 2), 1992 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, სერია A, No. 250, გვ. 35-36, § 90;).

11.2.6. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულების, სათანადო ცოდნის მქონე ფსიქოლოგის დასკვნითა და სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოსაზრებით დასტურდებოდა, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ განახორციელა მოქმედებები არასრულწლოვანის ბიოლოგიურ დედასთან გაერთიანებისათვის, კერძოდ, ფსიქოლოგის მონაწილეობით დაიგეგმა შეხვედრები, რამაც გამოავლინა, რომ არ არსებობდა სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც დაბრუნების შემდეგ ბავშვი აღმოჩნდება, მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს გაუსაძლის მდგომარეობაში.

11.2.7. სასამართლომ ზემოხსენებული მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, არც მოსარჩელეს მიუთითებია და სასამართლომაც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბიოლოგიური დედისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი, რაც გამორიცხავდა აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრისა და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას.

12. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი:

12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე - შეგებებული სარჩელის უარყოფა (იხ.საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.211-221).

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი. ამასთან, განსახილველი სადავო საკითხის სპეციფიკურობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არა მხოლოდ კასატორის დასაბუთებული შედავება, არამედ - სსსკ-ის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ დავებზე, სასამართლოსათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს პროცესუალურსამართლებრივი წინაპირობა განსახილველი დავის არსებითად განსახილველად დასაშვებად.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

18. კასატორის საკასაციო შედავება ძირითადად აგებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების არამართებულობაზე და მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მცირეწლოვანის დაბრუნება ბიოლოგიურ დედასთან უარყოფითად არ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და მის შემდგომ ემოციურ განვითარებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან და საზიანოა მისთვის. ამ არგუმენტების გასამყარებლად კასატორი მიუთითებს შემდეგზე:

18.1. ბიოლოგიურ დედასთან ბავშვის დაბრუნება დიდ სტრესს მიაყენებს მის ფსიქიკას, ამას სასამართლო ადასტურებს ფსიქოლოგის დასკვნით, რომელიც მიუთითებს, რომ ბავშვის აღმზრდელებისაგან განრიდება არ იქნება საზიანო. კასატორის აზრით, აღნიშნული დასკვნა ავტომატურად არ მიუთითებს იმაზე, რომ მისგან განრიდების შემთხვევაში ბავშვის კეთილდღეობა უკეთ იქნება დაცული მის ბიოლოგიურ დედასთან. კასატორი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Johansen vs Norway), სადაც ნათქვამია, რომ „ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას დაცული უნდა იქნეს ინტერესი მშობლისა და ბავშვის ინტერესს შორის. აღნიშნული ბალანსის ძიებისას შესაძლოა ბავშვის ინტერესს პრიორიტეტი ჰქონდეს მშობლის ინტერესთან შედარებით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა“.

18.1.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს ზოგადად იმ მტკიცებულებათა სანდოობაზე (ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დასკვნებზე), რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვისათვის აღმზრდელთან დაშორება შეუქცევადი ფსიქოლოგიური სტრესის მომტანი არ იქნება, ხოლო ბავშის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-9 და მე-19 მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას სწორედ მის ბიოლოგიურ დედასთან გაერთიანება განაპირობებს. საქმეში წარმოდგენილია როგორც ფსიქოლოგის, ისე სოციალური მუშაკის დასკვნები (იხ.ტ.1, ს.ფ. 185-187);

18.1.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაცო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ნდობის უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობს ფსიქოლოგის, როგორც შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნა. ბავშვზე არაერთი დაკვირვების შედეგად ფსიქოლოგმა მონიტორინგი ჩაატარა სამ ეტაპად (იხ. დასკვნა-ტ.1,ს.ფ.174-179). ფსიქოლოგი უშუალოდ ესწრებოდა ბავშვისა და ბიოლოგიური დედის კონტაქტს, დააკვირდა მათი ურთიერთობისა და ქცევების თავისებურებებს და შედეგად დაასკვნა, რომ მცირეწლოვანის ბიოლოგიური დედისთვის დაბრუნება არ აისახებოდა ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად, სწორედ ამ ასპექტის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნებით უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის კანონით დაცული უფლება - იზრდებოდეს დედასთან, ოჯახურ გარემოში, ხოლო დედას, თავის მხრივ, აქვს უფლება და ვალდებულებაც, რომ ზრუნავდეს შვილზე და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება იმისგან, ვისთანაც ბავშვი არამართლზომერად, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე იმყოფება [სსკ-ის 1204-ე მუხლით დადგენილია: „მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე“].ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არ არსებობს მოპასუხისთვის (ბავშვის ბიოლოგიური დედისათვის) სსკ-ის 1205.1-ე [„მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი] და 1279-ე [ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ; ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები; გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი; დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა; ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს; ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული“] მუხლებით გათვალისწინებული მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შემზღუდავი გარემოებანი. აღსანიშნავია, რომ ამ კონტექსტში კასატორი საკასაციო შედავებას არც კი წარმოადგენს და იგი მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასებაზე დავობს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მშვილებელი არაა (ბავშვის შვილად აყვანის პროცედურები შეჩერებულია, რადგან მოპასუხემ უარი განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე (იხ. ამ განჩინების 4.1. ქვეპუნქტი), ხოლო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს იმ უფლებიდან, რომ ბიოლოგიურმა დედამ დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები ოჯახთან გაერთიანების შედეგად.

18.1.3. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 [„1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს“], მე-9 [„1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით“] და მე-19 [„1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. 2. დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნვლე პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის“] მუხლებთან დაკავშირებით ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს იზიარებს, ისევე, როგორც - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოხმობილ პრეცედენტებს (იხ. ამ განჩინების 9.3.1, 11.2.5-.11.2.6 ქვეპუნქტები).

19. კასატორი შედავებას წარმოადგენს იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მრავალჯერ ნასამართლევ პირთან, რომელიც ეწევა არასტაბილურ ცხოვრებას, მაგრამ გამოთქვამს მზაობას, რომ იზრუნებს არასრულწლოვანზე, რაც მისი მხრიდან შეუძლებელია.

19.1. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას, რადგან აღნიშნული მარტოოდენ მხარის სუბიექტური პოზიცია და ვარაუდებია და არ არის გამყარებული სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი არაა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბავშვის ინტერესებს რაიმე სახის ხელყოფა ემუქრება ბიოლოგიური დედის არარეგისტრირებულ მეუღლესთან ურთიერთობის შედეგად. სოციალური მუშაკის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დასახელებული პირი არ არის ერთადერთი, ვისაც მცირეწლოვანზე ზრუნვა ფინანსურად ხელეწიფება. მოპოვებული ინფორმაციის თანახად, მოპასუხე (ბავშვის დედა) თავადაც დასაქმებულია (იხ. დასკვნები; ტ.1, ს.ფ. 45-46; 181-182). საწინააღმდეგო მტკიცებულება, თუ რა ფორმითაა მოსალოდნელი ბავშვის უფლებების ხელყოფა ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მეუღლის მხრიდან საქმეში წარდგენილი არ არის;

19.2. მეტიც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის დედის არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტზე მითითება, არის მოსარჩელის უსარგებლო მცდელობა არასათანადოდ წარმოაჩინოს მოპასუხის (ბიოლოგიური დედის) სახე და მისი ოჯახური გარემო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების კონცეფცია გულისხმობს არა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული წყვილის ოჯახად ცხოვრებას და აქედან გამომდინარე ოჯახური ცხოვრების პატივისცემას, არამედ - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს და მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის ინტენსიურობას, კონტაქტის სიმჭიდროვეს და ფაქტობრივი ოჯახის სახით თანაცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვაგნერი და ჯ.მ.ვ.ლ. ლუქსემბურგის წინააღმდეგ [Wagner and J.M.W.L. v Luxembourg, No 76240/01, 28.6.07, par. 117] აღნიშნა, რომ ოჯახური ცხოვრება იცავს არა მარტო ოჯახებს, რომლებიც ქორწინებით არის შექმნილი, არამედ სხვა დე ფაქტო ურთიერთობაში მყოფ პირებს, რომლებიც ოჯახური ცხოვრების დემონსტრირებას ახდენენ ან ერთად ცხოვრებით ან სხვა ფაქტორებით.

19.3. გარდა ამისა, აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - შეეზღუდოს მოპასუხეს მშობლის უფლება, ხოლო თავად ბავშვის მეურვედ დაინიშნოს, ვერ მიიღწევა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნისა და საკასაციო შედავების დაკმაყოფილების თვალსაზარისით, ზემოხსენებული გარემოების კვლევასა და დადასტურებას იურიდიულად ვარგისი/საკმარისი საფუძველი არ გააჩნია.

20. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბიოლოგიურ დედასთან ცხოვრების უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს და დედის (მშობლის) და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთავს კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება (იცხოვროს შვილთან ერთად ერთ ოჯახად) არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და ამა თუ იმ პიროების გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება.

21. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრის განსაზღვრასა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვაში გამოიხატება (სსსკ-ის 354.1-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდაპირველი მოსარჩელის ძირითადი არგუმენტი იმას ეხება, რომ ბავშვი შეჩვეულია აღმზრდელ მშობლებს, ემოციური კავშირი აქვს მათთან და მის ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნება (იხ. სარჩელის საფუძვლები ამ განჩინების მე-6 პუნქტში). ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ 1988წ., და მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან,თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი (იხილეთ ჰოკანენი, ციტირებულია ზემოთ, § 58). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი(No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი)“ -იხ. ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი # N. 71776/12; 02.02.2016წ.

22. მშობლის უფლების შემზღუდავი ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (სსკ-ის 1205-1207-ე მუხლები), რაზედაც კასატორი თავის სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითებდა კიდეც, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში შეზღუდვის დამწესებელი გარემოებები არ გამოვლენილა და შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანის კანონით დაცული უფლება, იცხოვროს ბიოლოგიურ დედასთან ერთად, თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ინტერესთან - იცხოვროს შვილთან ერთად და, რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი წინაპირობა იმისა, რომ ბიოლოგიურ დედას შეეზღუდოს სსკ-ის 1204-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება (ნორმის დეფინიცია იხ. ზემოთ -18.1.2 ქვეპუნქტში).

23. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვისუფლებათა კონვენციაში“ (იხ: სუსგ-ები # ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; # ას-53-51-2016, 06.07.2016წ; #ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ.).

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე კიგანი ირლანდიის წინააღმდეგ [Keegan v. Ireland, No 32, 9.10.79, par. 32] და გლასერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ {Glaser v. UK, No 32346/96, 19.9.00, par.33] განმარტა: იქ, სადაც დადგინდება ოჯახური კავშირი ბავშვთან, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ მოხდეს აღნიშნული კავშირის განვითარება და უნდა შექმნას შესაბამისი საკანონმდბელო გარანტიები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, დაბადების მომენტიდან, ბავშვის ინტეგრაციას თავის ოჯახში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონტექსტში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მათ შორის მისი სოციალური სამსახურების სახით, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის დროულ დაბრუნებას ბიოლოგიურ დედასთან და დროის ფაქტორის გამო ანუ დაყოვნებით არ მოხდეს ხელშეშლა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის მისი ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნების თვალსაზრისით. სამოქალაქო მართლშეგნების ნაწილია ისიც, რომ აღმზრდელმა ოჯახმა, რომლის პოზიცია განპირობებულია შვილად ასაყვან ბავშვთან დამყარებული ემოციური კავშირით და ბავშვზე ზრუნვით, რაც მისი მუცლადყოფნის პერიოდიდან იკვეთება ბიოლოგიური დედისადმი გამოჩენილი დახმარებითა და ყურადღებით, რადგან მოსარჩელეს და მის მეუღლეს სურდათ შვილის აყვანა, უნდა გადადგას რთული, მაგრამ როგორც ზნეობრივად, ისე სამართლებრივად გამართლებული ნაბიჯი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის და ხელი შეუწყოს მცირეწლოვანის ინტეგრაციას ბიოლოგიურ დედასთან. განსახილველ შემთხვევაში შვილად აყვანის პროცედურა შეჩერდა კანონიერი საფუძვლით იმხანად მოქმედი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის (მხედველობაშია 2009 წლის 18 დეკემბრის რედაქცია, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 4 მაისის კანონის /040200140.05.001.018425/ საფუძველზე) 22-ე მუხლით: 1. შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არა უგვიანეს სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისა, მშობელს (მშობლებს) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის არსებობისას, აგრეთვე მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შეუძლიათ უარი განაცხადონ შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე)“. მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესი გაშვილების პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მშობლის მიერ ადრე გაცხადებული თანხმობის გამოთხოვას ადგენს.

25. განსახილველ შემთხვევაში ბავშვი, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს ბიოლოგიური დედა, 2014 წლის 15 მაისს არის დაბადებული და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის იგი 3 წლის და 5 თვისაა, შესაბამისად, მცირეწლოვანის ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნებას არ სჭირდება მისი თანხმობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ „ძალიან სერიოზული დონის ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ [იხ. ოლსონი შვედეთი წინააღმდეგ; Olson v. Sweden/No.1/ #10465/83, No 130, 24.3.88, par. 72]. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ოჯახის გახლეჩა და ბავშვის არამართლზომიერი საფუძვლით დატოვება აღმზრდელთა ოჯახში, რომელთაც კანონით დადგენილი წესით ასეთი უფლებაც არ აქვთ მინიჭებული. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის დაცვის თვალსაზრისით ბიოლოგიური დედისა და მცირეწლოვანის გაერთიანება, რადგან ბავშვი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა აღმზრდელის ოჯახში, რომ ბავშვის დედა არასრულწლოვანების ასაკში დაფეხმძიმდა, რამაც უსიამოვნება და დაძაბულობა შექმნა მის ოჯახში და რეალურად ბიოლოგიურ დედას არ ჰქონდა თანადგომის ქსელი, რაც მას საშუალებას მისცემდა, აღმზრდელის ოჯახში არ ეცხოვრა ფეხმძიმობის პერიოდში და მის ნაცვლად, სხვებს არ მიეღოთ გადაწყვეტილება ჯერ არ დაბადებული ბავშვის ოჯახზე. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი შეიძლება დაირღვეს მაშინაც, როდესაც შესაბამისი ორგანოები არ დგამენ ადეკვატურ ნაბიჯებს ბავშვის ოჯახში დასაბრუნებლად...ასეთი დარღვევა დადგინდა საქმეში კ.ა. ფინეთის წინააღმდეგ [K.A.v Finland, No27751/95, 14.1.03] “სოციალური კეთილდღობის სამსახურის მხრიდან ოჯახის შესაძლო გაერთიანების სერიოზული და გათვლილი მცდელობის არარსებობის გამო“. ასევე, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს იმ პროცესების მიმდინარეობის სისწრაფე, რომელშიც საქმე ეხება ბავშვს, რადგან ნებისმიერმა პროცესუალურმა შეყოვნებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე [H.v UK, No 9580/81, 8.7.87, par 89-90]. ამ მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იძულებით აღსრულებასაც უჭერს მხარს, რაც სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი და ოჯახური გაერთიანებისა და თანაცხოვრებისათვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად [Hokkanen v. Finland; Amalanchioai v. Romania; Glaser v. Uk; Zavadka v. Poland; Eberhard v. Slovenia].

26. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო განაცხადი; ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეებზე, საკასაციო სასამართლო თავისი ინიციატივითაც იკვლევს გარემოებებს, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით არსებობს საკმარისი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებისათვის. 27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. ლ-ას (პ/ნ 6..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. კ-ას (პ/ნ 6..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 12 აპრილი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე