საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-754-705-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე –სს „ა-ა“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „დ-ი“, შპს „ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სს "ა-ის" (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს "დ-ის" (შემდეგში: პირველი მოპასუხე), რ. კ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და შპს ,,ჯ-ის“ (შემდეგში: მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მეორე და მესამე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აპელანტებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და სააპელაციო საჩივრის ავტორებს დაევალათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის 4 240 (ოთხი ათას ორას ორმოცი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, წარდგენა.
4. სასამართლოს მიერ განსაზღრულ ვადაში მეორე მოპასუხემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი. სახელმწიფო ბაჟის ნაწილში აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელება იმ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა, რომ ამ ვადაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოასწრო. მესამე მოპასუხეს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით, მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა. მეორე მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა 7 (შვიდი) დღით გაგრძელდა.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 3 მაისს, აპელანტმა განცხადება წარადგინა თანდართული დოკუმენტებით და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ხოლო ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას უზრუნველყოფს. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სსსკ-ით დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქოსამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება).
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული შესაძლებლობის რეალიზება მთლიანად შუამდგომლობის ავტორზეა დამოკიდებული, მასვე ევალება სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დასაბუთება და სასამართლოსათვის უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, რადგან მას არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. სასამართლომ ამ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია, ცნობები იმის შესახებ, რომ მეორე მოპასუხეს უძრავი ქონება არ აქვს საკუთრებაში; ასევე, ცნობები იმის შესახებ, რომ მეორე მოპასუხეს ერთი ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულებები აქვს და მეორე ბანკის ანგარიშზე მხოლოდ 0.06 ლარი აქვს განთავსებული.
10. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის მე-2, მე-5 და 215-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას, სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერი ინტერესები. ერთი მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ბოროტად იყენებდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის უფლებას, რითაც ცდილობდა დავის გაჭიანურებას, რაც საბოლოო ჯამში, მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს აზიანებდა.
12. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ადასტურებდნენ. მას არ მიეცა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რის გამოც წაერთვა თავისი უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 8-11 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.
18. "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ №ას-299-284-2016).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 16 მარტს იქნა წარდგენილი; აპელანტებს ორჯერ განესაზღვრათ ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის; მეორე მოპასუხემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მესამედ, 2017 წლის 3 მაისს, მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება ითხოვა. აღნიშნული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს უმყარებს შინაგან რწენას, რომ მხარე საქმის განხილვას აჭიანურებს, რადგან მას ჰქონდა გონივრული და საკმარისი დრო (2017 წლის 16 მარტიდან ამავე წლის 3 მაისამდე), გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი ან სასამართლო დაერწმუნებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაში. კერძო საჩივრის ავტორმა ამ ვადაში აღნიშნული ვერ უზრუნველყო, რამაც სსსკ-ის 368-ე მუხლის თანახმად მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
20. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს კერძო საჩივრის ავტორის 2017 წლის 13 აპრილის განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟი არასწორად განსაზღვრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 106 000 ლარის გადახდა. მეორე მოპასუხემ გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, გაასაჩივრა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის საქალაქო სასამართლოს მისთვის 106 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ ეთანხმება. აქედან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულება 106 000 ლარს შეადგენს (სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 106 000 ლარის 4%-ს 4 240 ლარს (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე