Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-896-836-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ა. მ-ი, ი. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ი. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი ი. მ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ა. მ-ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და ი. მ-ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, განუხილველად დარჩა ნაწილობრივ, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი, პირველი მოპასუხის მოთხოვნის - 11 690.76 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 373-ე, 374-ე მუხლების საფუძველზე.

5. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით აპელანტს მისი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 467.63 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის, 31 მარტისა და 24 აპრილის განჩინებებით პირველ მოპასუხეს 7-7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა.

7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს - დ. მ-ეს (საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელს - ე. ე-ეს პ/ნ 3-) სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2017 წლის 5 მაისს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ს/ფ 35). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა 2017 წლის 6 მაისს დაიწყო და ამავე წლის 15 მაისს (12 მაისი უქმე დღე, 13-14 მაისი - შაბათ-კვირა) ამოიწურა. აპელანტს ამ დროის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

8. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, 63-ე, მე-60, 61-ე, 368.5-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი პირველი მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით აპელანტმა საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა.

10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 47-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ პირველი მოპასუხის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა დასტურდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარის ახსნა-განმარტებით.

11. პირველი მოპასუხის განმარტებით, იმის ნაცვლად, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაეთავისუფლებინა, მას ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა გაუგრძელა, რაც აპელანტის ინტერესებში არ შედიოდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად 2017 წლის 5 მაისს პირველი მოპასუხის წარმომადგენელს - დ. მ-ეს (საადვოკატო ბიუროს სახელით ჩაიბარა ე. ე-ემ- იხ. მე-7 პუნქტი) ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი (იხ. ტ. 2, ს/ფ 35).

16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-8 ქვეპუნქტებში და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 6 მაისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 15 მაისს ამოიწურა (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 368.5-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოხმობილი ნორმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს, რომ შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და უტყუარი მტკიცებულებებით გამყარებული, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი არც ერთი მტკიცებულება, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ემსჯელა. ამავე მუხლში ნათქვამია, რომ სასამართლოს, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, მოტივირებული განჩინება გამოაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თუ რა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაათავისუფლა მხარე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რითაც არ უნდა დაარღვიოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები (სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლები).

18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, აპელანტის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016 წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე