საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1140-1060-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. უ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთაში, ს-ოში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 7.. (შემდეგში: უძრავი ქონება) მესაკუთრეა მ. ჯ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 15-16).
2. უძრავ ქონებას ფლობს დ. უ-ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მესაკუთრემ 2016 წლის 18 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის მოთხოვნით;
3.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-2 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე მის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, რის გამოც ის ვალდებულია მესაკუთრეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს იგი (იხ. ტ.1, ს.ფ.1-35 - სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით).
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო, მან აღნიშნა, რომ სესხის თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადც ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება დაიტვირთა, სადავოა, ასევე უძრავი ქონების ღირებულება შეუსაბამოა აუქციონით ნივთის შეძენის ღირებულებასთან.
4.2. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.
5.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 312-ე, 162-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მესაკუთრეს იმ შემთხვევაში არ შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება, რაც მის მართლზომიერ ფლობას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს უძრავი ქონების მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.2. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა, რომ მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია;
6.3. მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრე ხელშეკრულების საფუძველზე გახდა, ხოლო სესხის თანხა უძრავი ნივთის ღირებულებასთან შეუსაბამო იყო;
6.4. გამოსახლება მას გაუმართლებლად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რაც მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას ხელს შეუწყობს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო აპელანტი არამართლზომიერად ფლობს მას.
7.3. სასამართლომ სსკ-ის 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ხოლო რეესტრის მონაცემების მიხედვით მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა.
7.4. სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები განმარტა და აღნიშნა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, ხოლო აპელანტის მითითება, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით ის არგუმენტი, რომ მფლობელს სადავო უძრავი ქონების გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მხედველობაში ვერ მიიღება.
7.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ასევე, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის, ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8.2. კასატორმა სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები გაიმეორა და დამატებით განმარტა, რომ მის გარდა აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობენ: ც. ს-ე, ნ., ლ. და კ. უ-ები და მათ სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. სასამართლომ კი ისე დააკმაყოფილა სარჩელი უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, რომ არ გაურკვევია სხვა მფლობელები და მათი მხრიდან ქონების ფლობის მართლზომიერების საკითხი.
8.3. სარჩელით არ არის მოთხოვილი ქონების მფლობელი ყველა პირისაგან ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება კანონშეუსაბამოა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. აპელანტის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუერობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. სარჩელით მესაკუთრე ითხოვდა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას მოპასუხის (კასატორის) უკანონო მფლობელობიდან და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, რაც მართებულად დააკმაყოფილა სასამართლომ, შესაბამისად, ამ კონტექსტში კასატორის არგუმენტი, რომ მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირების შესახებ არ უმსჯელია სასამართლოს დაუსაბუთებელი შედავებაა, რომელიც მხარის მიერ წარდგენილია არა წერილობით შესაგებელში (იხ. ტ.1, ს.ფ.40-47), რაც ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენს სსსკ-ის 201-ე მუხლის საფუძველზე, არამედ - საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ არგუმენტად არის მითითებული, რაც სამართალწარმოების ამ ეტაპზე განხილვის საგანი ვერ გახდება (იხ. ტ.3, დაზუსტებული სააპელაიცო საჩივარი - ს.ფ. 9-18 და საკასაციო საჩივარი - ს,ფ,54- 64).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. უ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ. უ–ს (პ/ნ 3..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N14450529, გადახდის თარიღი 2017 წლის 18 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილ
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე