Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1156-1076-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ქ. ჯ-ე, მ. ჯ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.თბილისში, ნ-ის ფ-ზე, მ-ში, მ-ე კორპუსში მდებარე ბინა №..., ს/კ №0--- (შემდეგში: უძრავი ქონება) გ. ნ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებაშია („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 20-21, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 183-ე, 311-312-ე მუხლები).

2. აღნიშნულ უძრავ ქონებას ქ. ჯ-ე (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და მ. ჯ-ე (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ფლობენ.

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მესაკუთრემ 2016 წლის 18 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

3.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-2 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხეები უძრავ ქონებას კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ, რის გამოც ვალდებულნი არიან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცენ იგი მესაკუთრეს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა არაკეთილსინდისიერად, რადგან აუქციონი, რომელიც ჩატარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე, ეფუძნება არბიტრაჟის მიერ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, არბიტრის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს.

4.2. მოპასუხეების განმარტებით, ამ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.

5.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

5.4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მესაკუთრეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სსსკ-ის 268-ე და 269-ე მუხლების საფუძველზე.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

6.2. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება მათ საკუთრებას არ წარმოადგენს და უკანონოდ ფლობენ მას.

6.3. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ პირველი მოპასუხის ბებია გარდაიცვალა 2006 წლის 15 იანვარს, ხოლო მისმა შვილმა დედის მიერ სიცოცხლეში გაცემული მინდობილობა გამოიყენა და იპოთეკით დატვირთა სადავო ქონება. ხოლო იმისთვის, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი აღარ ყოფილიყო, არბიტრმა თავის გადაწყვეტილებაში პირველი მოპასუხის ბებიის გარდაცვალების თარიღად 2006 წლის 4 სექტემბერი მიუთითა ისე, რომ გამოჩენილიყო თითქოს იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს, ის ცოცხალი იყო, რის გამოც არბიტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს. აღნიშნულზე მითითებით, აპელანტებმა სამოქალაქო საქმის განხილვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შეჩერება მოითხოვეს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 377-ე, 393-ე, 394-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა მესაკუთრის სარჩელის დასაბუთებულობა.

7.3. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ აპელანტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების არაკანონიერებას ძირითადად ასაბუთებენ მოცემული დავის შეუჩერებლობით, სხვა საქმის წარმოების დასრულებამდე. აპელანტები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეჩერებას სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე, ხოლო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის გამო სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი აპელანტების პრეტენზია საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო, არ გაიზიარა.

7.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხეებმა მათი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არ შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი გარემოება წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ვინაიდან მოსარჩელის, როგორც ამ უძრავი ქონების მესაკუთრისა და ამ ბინის შემძენის კეთილსინდისიერება მოპასუხის მხრიდან რაიმე არგუმენტირებული მტკიცებით არ არის გაქარწყლებული.

7.5. სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე, 160-162-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვეს.

8.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 6.2-6.3 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. კასატორების საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამოქალაქო საქმის განხილვის შეჩერების შესახებ მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების უარყოფის თაობაზე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ მეორე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ჯ-ისა და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ. ჯ-ესა (პ/ნ 0---) და მ. ჯ-ეს (პ/ნ 0---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. ჯ-ის (პ/ნ 0---) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N14596280, გადახდის თარიღი 2017 წლის 27 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე