საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1177-1097-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი– მ. ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ი, ა. ჭ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა, ძირითადი თანხის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ბ-ს (შემდეგში: მსესხებელი, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), ა. ჭ-ასა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი გამსესხებელი) და ბ. ბ-ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე გამსესხებელი) შორის 2014 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ 3 თვით, სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით, მეორე მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, ხოლო პირველი მოპასუხისგან - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა პ-ი №3-5, სართული 1, ფართი 41.87 კვ.მ; ს/კ 0-. (იხ. ხელშეკრულება და სხდომის ოქმი, ს/ფ 14-17; 112-122).
2. მოსარჩელემ დაარღვია მოპასუხეთათვის სესხის დაბრუნების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (იხ. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება და სხდომის ოქმი, ს/ფ 18-23; 25-31; 112-122).
3. ნოტარიუსმა ი. ნ-მა 2015 წლის 29 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი №150683621, სადაც კრედიტორი პირველი გამსესხებელია. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 0.1% ანუ 10 (ათი) აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 14 ნოემბრიდან აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. აღსრულება მიექცა მოსარჩელის იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ს/ფ 18-20).
4. 2016 წლის 16 აპრილს, იმავე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №160390722, სადაც კრედიტორი მეორე გამსესხებელია. სააღსრულებო ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 9 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 0.1% ანუ 9 (ცხრა) აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 13 სექტემბრიდან აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. აღსრულება მიექცა მოსარჩელის იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ს/ფ 21-23).
5. მოწმე მ. ჩ-ას განმარტებით, მას მოსარჩელისგან მიღებული აქვს 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც სამ იპოთეკარს შორის განაწილდა და წარმოადგენდა სესხზე დარიცხულ სარგებელს და არა სესხის ძირითად თანხას. ამავე თანხიდან მოპასუხეებს გადაეცათ სესხზე დარიცხული სარგებელი (იხ. სხდომის ოქმი, ს/ფ 112-122).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ 2016 წლის 3 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილებების შეტანა და ძირითადი თანხის შემცირება მოითხოვა.
6.2. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ის კვლავ აგრძელებდა თანხების გადახდას, მან მეორე მოპასუხეს 2 000 ლარი გადაუხადა, ხოლო პირველ მოპასუხეს - 3 000 ლარი, მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა გადახდილი თანხა არ გამოაკლეს სესხის ძირითად თანხას და ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცლების გაცემა მოითხოვეს.
6.3. მსესხებელმა მოითხოვა პირველი გამსესხებლისადმი არსებული დავალიანების, ძირითადი თანხის შემცირება 3 000 ლარით, ხოლო მეორე გამსესხებლისადმი - 2 000 ლარით.
7. მოპასუხეთა შესაგებელი
7.1. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მსესხებელს მათთვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ თანხა არ გადაუცია. აღნიშნული არ დასტურდებოდა საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. სასამართლომ უდავოდ ცნო ამ განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული გარემოებები და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილის დაფარვის მიზნით პირველ მოპასუხეს 3 000 ლარი გადასცა, ხოლო მეორე მოპასუხეს - 2000 ლარი.
8.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით, მოწმის განმარტებით (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც ვერ შეძლო საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.
8.4. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316.1-ე, 317-ე, 327-ე, 361.2, 623-ე, 625-ე, მე-400 მუხლები და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეებისათვის სესხის დაბრუნების თაობაზე, ხოლო სსკ-ის 302-ე მუხლის მე-31 ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხეთათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში სესხის ძირითადი თანხის შემცირების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ (მსესხებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
9.1.1.სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად მოპასუხეებისათვის მსესხებლის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, რაც მცდარი იყო, რადგან აღნიშნული დასტურდებოდა მხარის ახსნა-განმარტებით, ასევე - მოწმის განმარტებითაც. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა სესხზე დარიცხულ სარგებელს და არა სესხის ძირითად თანხას. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 102-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა, რამაც ხელი შეუშალა სამართლიანი სასამართლოს პრინციპისა და მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით, მსესხებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასება, იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 302.31-ე მუხლებით და განმარტა, რომ აპელანტს უნდა ემტკიცებინა მოპასუხეთათვის ძირითადი თანხის ანგარიშში ფულის გადაცემის ფაქტი, მის მიერ წარმოდგენილი მოწმის განმარტებით კი აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, გადახდილი 2 000 დოლარი არა ძირითად თანხას, არამედ სარგებელს წარმოადგენდა, მაგრამ ასევე საგულისხმოა, რომ არც აღნიშნული 2 000 დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება იყო საქმეში წარდგენილი.
10.3. სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენება სარწმუნოდ მიიჩნია, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ნასესხებ თანხას მსესხებელი არამართლზომიერად ფლობდა, შესაბამისად, მსესხებელი, თანხის დაბრუნებას დაუყოვნებლივ ითხოვდა ან გამსესხებელთან შეთანხმებით, თანხას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული სარგებლის გადახდის სანაცვლოდ აყოვნებდა. სასამართლოს შეფასებით, ამგვარი შეთანხმება, როგორც წესი, ან ახალი სესხის ხელშეკრულების პირობაა, ან მხარეთა შეთანხმებაა სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვაგვარ დაშვებას ვერ გააკეთებდა, რადგან არსებობს ვალდებულების ერთიანად შესრულების მოვალეობა, რომლის მიხედვითაც ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება, სსკ-ის 378-ე მუხლზე დაყრდნობით, მხოლოდ კრედიტორის თანხმობით ხდება. შესაბამისად მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა კრედიტორის თანხმობისა და თანმდევი ნების დადასტურება იმაზე, რომ ეს უკანასკნელი სესხად მიცემულ თანხას ნაწილ-ნაწილ დაიბრუნებდა, რაც არ განხორციელებულა, შესაბამისად აპელანტმა (მოვალემ) ვერ შეძლო სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას, ხოლო მისი განხილვა მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის.
11.3. კასატორის აზრით, მას შემდეგ რაც მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ მიღებული თანხა არ წარმოადგენდა ძირითადი თანხის ნაწილს, შესაბამისად, სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მსესხებლის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
16. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ 1) სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები; 2) არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენება; 3) მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს (მსესხებელს, მოვალეს) უნდა ემტკიცებინა მოპასუხეებისადმი (გამსესხებლებისადმი, კრედიტორებისადმი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესრულების ფაქტი, რაც მან ვერ შეძლო. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენება. სასამართლოს სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ 2 000 აშშ დოლარი გადაიხადა სამი იპოთეკისათვის და ეს თანხა სარგებლისათვის იყო განკუთვნილი (ამ განჩინების მე-5 პუნქტი). სწორედ ამიტომ არც მოწმის და არც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსესხებლის მიერ მოპასუხეთათვის, საერთო ჯამში 5 000 ლარის გადახდის ფაქტი, მით უმეტეს დავალიანების ძირითადი თანხისათვის (იხ. ამ განჩინების 10.2-10.4 ქვეპუნქტები).
19. საკასაციო სასამართლოს განმარტებით „ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა“ (იხ. სუსგ ას-988-1021-2011, 15.11.2011 წ.)
20. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (იხ. სუსგ # საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ; შდრ. სუსგ # ას-1195-1115-2017, 27.10.2017 წ.).
21. მოხმობილი სასამართლო პრაქტიკისა და სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი თავად მოვალეს აწევს. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მატარებელია კასატორი, რომელმაც ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა სათანადო და დასაბუთებული მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს დაადასტურებდა სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით.
22. სააპელაციო სასამართლომ კანონისა და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, თუმცა, მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო, რამაც მისი სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა საფუძვლიანად და კანონიერად განაპირობა.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. ბ-ს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. მ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 14674619, გადახდის თარიღი 2017 წლის 13 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე