Facebook Twitter

3გ-ად-51-კ-ს-02 15 აპრილი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმში, ..... მობინადრე მ. შ-ი 1993 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბელორუსიაში. რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად გადავიდა აგრეთვე მ. შ-ის ძმა ე. შ-ი. იმავე წელს გამოთავისუფლებულ 3-ოთახიან ბინაში შესახლდა ი. შ-ის ოჯახი. მ. შ-ის ძმის _ ე. შ-ის მინდობილობით ი. შ-ემ 27.12.94წ. მოახდინა სამოთახიანი ბინის პრივატიზება.

ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით ბათუმის სამხედრო ნაწილის საექსპლუატაციო კანტორას უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვა მ. შ-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობაზე, ვინაიდან ავადმყოფობის გამო მ. შ-ის ბელორუსიაში გამგზავრება სასამართლომ საპატიო მიზეზით გამოწვეულად მიიჩნია. ამავე გადაწყვეტილებით ცვლილება იქნა შეტანილი სადავო ¹9 ბინის პრივატიზაციის 27.12.94წ. ხელშეკრულებაში, რომლიდანაც ამოირიცხა ¹15 ბინის 18,8 კვ.მ ფართის პრივატიზაცია და მ. შ-ს აღუდგა ამ ფართით სარგებლობის უფლება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 11.07.97წ. განჩინებით ბათუმის სამხედრო ნაწილის საექპლუატაციო კანტორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილება.

22.12.2000წ. ქ. ბათუმის სამხედრო გარნიზონმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარეომებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებელმა სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: 11.12.2002წ. სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნით მათთვის ცნობილი გახდა, რომ 1997წ. დავის არსებითად განხილვისას მ. შ-ის მიერ ბელორუსიიდან წარმოდგენილი საუბნო საავადმყოფოს ისტორიის ამონაწერებში დაფიქსირებული დაავადებები არ განეკუთვნებოდა ქრონიკულ დაავადებებს და მ. შ-ს თავისუფლად შეეძლო ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.01.01წ. განჩინებით ქ. ბათუმის სამხედრო გარნიზონის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა, რაც უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.02.01წ. განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.07.01წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის სამხედრო გარნიზონის საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის 21.02.01წ. განჩინებაზე.

04.10.01წ. ქ. ბათუმის სამხედრო გარნიზონმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მ. შ-ის გამოსახლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.03.02წ. განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად სარჩელის არასათანადო პირის მიერ შემოტანის გამო. 22.03.02წ. ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღინიშნა, რომ ქ. ბათუმში, ..... ოთახის მესაკუთრე არის ბათუმის გარნიზონი, შესაბამისად მხოლოდ მას აქვს ბინის განკარგვის უფლება. მ. შ-ი მესაკუთრის თანხმობის გარეშეა შესახლებული სადავო ფართში და უკანონოდ სარგებლობს ბინით, რის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მ. შ-ის გამოსახლება ¹15 ოთახიდან და თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.03.2002წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. შ-ის განცხადება და იგი ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.05.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. შ-ი გამოსახლებულ იქნა ბინიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს _ ქ. ბათუმის რაიონის საბინაო-საექპლუატაციო ნაწილს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აღუდგა სარგებლობის და არა საკუთრების უფლება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი არ არის სამსახურებრივი ბინა და წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც პენსიონერი სამხედრო მოსამსახურის მემკვიდრის, საკუთრებას, რადგანაც მოპასუხის მამა _ გ. შ-ი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, პენსიაზე გასვლის შემდეგ მიატოვა სადავო ფართი და საცხოვრებლად გადავიდა ქარელის რაიონში, სადაც გარდაიცვალა.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.05.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ის მიერ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.07.02წ. განჩინებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.05.02წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ოთახი არ არის მოსარჩელის საკუთრება, სადავო ფართზე საკუთრების დადასტურების საჭირო მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთანავე, მ. შ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ დადგენილად ცნო, რომ სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიამ თანხმობა მისცა მ. შ-ს ბინის პრივატიზაციაზე, რის გამო პალატამ უსაფუძვლოდ ცნო სხვა სამხედრო მოსამსახურის საბინაო პირობების დაკმაყოფილების საბაბით საბინაო-საექპლუატაციო ნაწილის მოთხოვნა სადავო ოთახიდან მოპასუხის გამოსახლებაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს კვლავ არ უნდა განეხილა სარჩელი დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ბათუმის რაიონის საექსპლუატაციო ნაწილის სარჩელის მოთხოვნა სადავო ოთახიდან გამოსახლების შესახებ, სხვა სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობებით გაუმჯობესების საჭიროების გამო, წარმოადგენს ადრინდელი მოთხოვნის განმეორებას. აღნიშნული მოთხოვნა, პალატის აზრით, არ იქნა დაკმაყოფილებული რამდენიმე ძალაში შესული სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებითა და განჩინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.05.02წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ხოლო წარმოება მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 03.07.02წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი იქნა შეტანილი ბათუმის რაიონის საბინაო-საექპლუატაციო ნაწილისა და ი. შ-ის მიერ. ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სადავო ფართი გამოყოფილია სამხედრო მოსამსახურეების სარგებლობაში (04.10.2000წ. ¹599 ცნობა), რომელშიც ხელმღვანელობის ნებართვით შესახლებულ იქნა სამხედრო მოსამსახურე ი. შ-ე, ოჯახის წევრებთან ერთად. მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილებით 1994წ. ბინა პრივატიზებულ იქნა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით მ. შ-ს აღუდგა ბინით სარგებლობის უფლება, სასამართლომ უარი თქვა მ. შ-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობაზე, ხოლო მ. შ-ის ბინიდან გამოსახლება წარმოადგენს სხვა დავის საგანს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბინა არის სამხედრო მოსამსახურეთა სარგებლობისათვის განკუთვნილი, 1993-97წწ. იგი ცხოვრობდა ბელორუსიაში, სადაც 1994წ. მოპასუხის ოჯახმა მიიღო ოროთახიანი ბინა. სადავო ფართზე სახელმწიფო საკუთრების უფლება დასტურდება ბათუმის გარნიზონის საბინაო-საექპლუატაციო ნაწილის 04.10.01წ. ¹599 ცნობით, 1994წ. საპრივატიზებო ხელშეკრულებით. კერძო საჩივრის შემტანი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საბინაო-საექსპლუატაციო კომისიის მიერ გაცემულ თანხმობას ბინის პრივატიზაციაზე, ვინაიდან თანხმობა მიეცა დამქირავებელ ე. შ-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა სსკ-ს 414-ე, 417-ე მუხლებზე მითითებით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.05.02წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს ი. შ-ის კერძო საჩივარი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 1993 წელს მიიღო სამხედრო დანიშნულების ბინა, საპრივატიზებო ხელშეკრულების თანახმად 1994 წლიდან სარგებლობს ბინით. მ. შ-ს არასწორად აღუდგა სარგებლობის უფლება, იგი უნდა შეწყდეს გამქირავებლის მოთხოვნის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება, ვინადაინ არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია მ. შ-ის ბინიდან გამოსახლებაზე, ადრე მიღებული გადაწყვეტილებები შეეხებოდა სარგებლობის უფლების აღდგენის და ამ უფლების დაკარგვის შესახებ სარჩელის განხილვას.

აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 16.07.02წ. განჩინებით მიიჩნია, რომ კერძო საჩივრები არ არის დასაშვები და დასაბუთებული და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით ბათუმის სამხედრო ნაწილის საექსპლუატაციო კანტორის სარჩელი მ. შ-ის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ამასთანავე, ცვლილება იქნა შეტანილი სადავო ¹9 ბინის პრივატიზაციის 27.12.94წ. ხელშეკრულებაში, საიდანაც ამოირიცხა ¹15 ოთახის 18.8 კვ.მ. ფართის პრივატიზაცია, სადავო ფართზე მ. შ-ს აღუდგა სარგებლობის უფლება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 11.07.97წ. განჩინებით ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა მ. შ-ის მიერ სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 69-ე მუხლზე დაყრდნობით, იმ საფუძვლით, რომ იგი 1993 წლიდან 1997 წლამდე არ ცხოვრობდა საქართველოში და მიტოვებული ჰქონდა სადავო ბინა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ის, რომ მ. შ-ის მიერ გაცდენილი ვადა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია. 22.03.02წ. სარჩელით საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილმა მოითხოვა მ. შ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან, სადავო ფართით უსაფუძვლოდ სარგებლობის გამო, ანუ მოსარჩელემ სადავოდ გახადა მ. შ-ის სადავო ბინით სარგებლობის უფლება, რაც წარმოადგენს სარჩელის განსხვავებულ საფუძველს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 11.07.97წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა არა მხოლოდ ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის სარჩელის დაკმაყოფილებას მ. შ-ის სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, არამედ დაკმაყოფილდა აგრეთვე მ. შ-ის შეგებებული სარჩელი ოთახში შესახლებისა და მასზე უფლების ცნობის შესახებ, რის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით სადავო ბინის ფართი ამოირიცხა 27.12.94წ. ბინის საპრივატიზაციო ხელშეკრულებიდან. ბინაში შესახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივად დადასტურდა მ. შ-ის ბინით სარგებლობის მართლზომიერება, ოთახში შესახლებისა და მასზე უფლების აღიარების შესახებ მ. შ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილებით გამორიცხავს შემდგომში მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ოთახიდან გამოსახლების შესახებ სარჩელზე სასამართლო წარმოებას. ამდენად, საკაციო პალატა მართებულად თვლის სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტას.

ქ. ბათუმის სასამართლოს 13.06.97წ. გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 11.07.97წ. განჩინება, ისევე როგორც ქ. ბათუმის სასამართლოს 09.01.01წ. გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.02.01წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.07.01. განჩინებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა ბათუმის სამხედრო გარნიზონის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კერძო საჩივრებში მოყვანილ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მ. შ-ის მიერ ბინით სარგებლობის უფლების დაკარგვა 1993-97 წლებში სხვა რესპუბლიკაში ცხოვრების გამო, მისთვის ბინით სარგებლობის უფლების აღდგენის არამართლზომიერება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილისა და ი. შ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.07.02წ. და 16.07.02წ. განჩინებები.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.