Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1255-1175-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ზ-ო'' (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მერია, შემკვეთი, ან კასატორი) და შპს ,,ზ-ოს” (შემდეგში - მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მენარდე) შორის, 2014 წლის 27 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #125 ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 629-ე მუხლი).

1.1. ხელშეკრულებით მენარდემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ. ბათუმში ნ-ის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება 474 400,00 (ოთხას სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარს შეადგენდა.

1.2. მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა 2014 წლის 25 აგვისტო იყო.

1.3. ხელშეკრულების 13.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საფასურის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

1.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,გ- ი“ ახორციელებდა (შემდეგში - ზედამხედველი).

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. 2015 წლის 16 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მერიამ /შემკვეთმა/ მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 286 770,00 (ორას ოთხმოცდაექვსი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის დაკისრება.

2.2. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში აღწერილ გარემოებებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა 25 აგვისტო იყო, ხოლო მენარდემ ზედამხედველს 2014 წლის 10 სექტემბერს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა. ამ უკანასკნელისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობებს. აღნიშნულის გამოსწორება დაევალა მენარდეს. მან სამუშაოები 2014 წლის 24 დეკემბერს დაასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2014 წლის 24 აგვისტო, ხოლო სამუშაოები შესრულდა 2014 წლის 24 დეკემბერს, ე.ი. მოპასუხემ ვალდებულება 121 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. ხელშეკრულების 13.1. პუნქტზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 286 770,00 ლარს შეადგენდა (იხ. სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით; ტ.2. ს.ფ. 1-50).

3. მოპასუხის შესაგებელი

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით შემკვეთის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან არაერთხელ მიმართა მერიასა და ზედამხედველს შესრულებული სამუშაოების ჩაბარებისა და ანაზღაურების მოთხოვნით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან ამ პერიოდში მერიასა და ზედამხედველს ერთმანეთთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. ამას მოწმობს საქმეში წარდგენილი 2015 წლის 2 თებერვლის წერილი, სადაც შემკვეთი /მერია/მიმართავდა ზედამხედველს, რომ შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, ეს უკანასკნელი კი უარს აცხადებდა მომსახურების ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების დაგვიანებით მიღება-ჩაბარება და არა მოპასუხის მიერ ვადის გადაცილებამ.

3.2. მოპასუხემ ასევე მიუთითა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ამ უკანასკნელმა სამუშაოები შეასრულა ჯეროვნად და ხარისხიანად, დადგენილ ვადაში. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებში, მოსარჩელეს სამუშაოების დადგენილ ვადაში შესრულებაზე პრეტენზია არ ჰქონია. მენარდის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი პრეიუდიციულია და მტკიცებას აღარ საჭიროებს (იხ. შესაგებელი, თანდართული დოკუმენტაციით, ტ.2, ს.ფ. 54-178).

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით (იხ. უსწორობის გასწორების შესახებ სასამართლოს 13.02.2017წ. განჩინება გადაწყვეტილების გამოტანის თარიღთან დაკავშირებით - ტ.2, ს.ფ. 232-233) შემკვეთის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ მენარდეს /მოპასუხეს/ პირგასამტეხლოს სახით 40 147 (ორმოცი ათას ას ორმოცდაშვიდი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის გადახდა დაეკისრა;246 622 (ორას ორმოცდაექვსი ათას ექვსას ოცდაორი) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე;

4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახული გარემოებანი და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ -ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგმში - სსსკ) მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-258-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლები და განმარტა:

4.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ 4-ეტაპიანი სამუშაოს პირველი ეტაპის სამუშაოები მოპასუხემ /მენარდემ/ შეასრულა 11 624,5 ლარის ღირებულების ნაკლებობით, მე-2 ეტაპის სამუშაოები - სრული შესაბამისობით, მე-3 ეტაპის - 5595,15 ლარის ღირებულების ნაკლებობით, მე-4 ეტაპის კი - 16 708,5 ლარის ღირებულების ნაკლებობით. ანუ, 2014 წლის 10 ოქტომბრისათვის სამუშაოები არაჯეროვნად და არასრულად იყო შესრულებული, რაც მენარდემ სრულად გამოასწორა და აღმოფხვრა 2014 წლის 24 დეკემბრისათვის. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რადგან ნაცვლად 2014 წლის 25 აგვისტოსი, მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა იმავე წლის 24 დეკემბერს - 121 (ას ოცდაერთი) დღის ვადაგადაცილებით.

4.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #2-1631/15) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე (საქმე #2/ბ-1204-15), როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებებით არ დადგენილა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეასრულა სამუშაოები, მოსარჩელე კი სწორედ შესრულების ვადას ხდიდა სადავოდ და მიუთითებდა მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების 121 დღით ვადაგადაცილებაზე.

4.5. პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი 0,5%-ის ნაცვლად უნდა განსაზღვრულიყო 0,07%-ით, რაც 40 147.80 ლარს შეადგენს.

5. მოსარჩელისა (შემკვეთის) და მოპასუხის (მენარდის) სააპელაციო საჩივრები

5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:

5.2. პირველმა აპელანტმა (მოსარჩელემ მოითხოვა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

5.2.1. მენარდემ სამუშაოები 2014 წლის დეკემბრის მიწურულს - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 121 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა, როდესაც ტურისტული სეზონი უკვე დასრულებული იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო გონივრული იყო და არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობები.

5.3. მეორე აპელანტმა (მოპასუხემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის სრულად უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.3.1. სასამართლომ ისე დაადგინა მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევა, რომ ამის თაობაზე მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. მოსარჩელის აღნიშნული მტკიცების გასაქარწყლებლად მოპასუხემ წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება (იხ. ტ.2, ს.ფ.128-175), რომელიც შეეხება იმავე მხარეებს შორის საქმისწარმოებას წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე და რომლითაც სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ სამუშაოები დადგენილ ვადებში შეასრულა. სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი არ საჭიროებს დამატებით კვლევას და მტკიცებას, აღნიშნული კი სრულიად გამორიცხავს შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის (მენარდის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა შემკვეთის (მენარდის) სარჩელი

6.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელი იყო და უნდა გაუქმებულიყო

6.2.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში (ტ.2, ს.ფ. 145-175) წარდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავას შეეხებოდა, საიდან გამომდინარე დავაც მოცემულ შემთხვევაში იხილებოდა და სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების 4.19. პუნქტის მე-2 აბზაცში მითითებულია: ,,პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მენარდემ, ქ ბათუმის მერიასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სრულად, დადგენილ ვადაში უნაკლო შესრულება წარუდგინა შემკვეთს, ხოლო შემკვეთმა ქ. ბათუმის მერიამ, არ მიიღო შესრულებული სამუშაო“.

6.2.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 10.02.2016წ. განჩინებით უდავოდ დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 27 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდემ (განსახილველი დავის მოპასუხემ) ვალდებულება შეასრულა დროულად, დათქმულ დროს და ადგილას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. ვალდებულების ხარისხიან შესრულებაზე არ დავობდა მერიაც (განსახილველი დავის მოსარჩელე), მაგრამ იგი მიუთითებდა ვადის გადაცილებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 106-ე მუხლის ,,ბ” პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან, რომ მან 2014 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად (დათქმულ დროში, ვადის დაცვით) შეასრულა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული, საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს.

6.2. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი ეცლებოდა მოსარჩელის (პირველი აპელანტის) მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებაც, რადგან პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების წინაპირობაა მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, რაც განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად გაანალიზების შედეგად არ დადასტურდა.

7. მოსარჩელის (შემკვეთის) საკასაციო საჩივარი:

7.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სასარჩელო მოთხოვნის იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. ამ განჩინების მე- 2 პუნქტი).

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით, საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შემკვეთის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემოთ 15.1.4. ქვეპუნქტი).

14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ სპეციფიურობის გათვალისწინებით, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლითაა დადგენილი და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).

15. მოსარჩელე (მერია, შემკვეთი) საკასაციო შედავებას წარმოადგენს იმაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება (მოპასუხის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა), რომ აღნიშნულის გამაქარწყლებელ ფაქტებზე არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ზედამხედველს სამუშაოთა ჩაბარების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, პირველად კი - 2014 წლის 10 სექტემბერს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაო 24 აგვისტოს დასრულებული უნდა ყოფილიყო. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი უკვე ცხადჰყოფს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ (მენარდემ) ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია.

15.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს მოპასუხის მიერ შესაგებლის ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულების (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინება) როგორც მატერიალურსამართლებრივ, ისე საპროცესოსამართლებრივ მნიშვნელობაზე და განმარტავს:

15.1.1. სსსკ-ის 106-ე მუხლით დადგენილია საპროცესო ვალდებულებისგან (მტკიცების ტვირთისგან) მხარეთა გათავისუფლების სპეციფიკური და განსაკუთრებული, ამასთან ამომწურავი საფუძვლები. კერძოდ, ნორმა ათავისუფლებს მხარეებს ვალდებულებისაგან, წარმოადგინონ მტკიცებულებები ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

15.1.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხის შესაგებელი (სსსკ-ის 201-ე მუხლი) დაეფუძნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დავის გადაწყვეტისთვის მატერიალური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტები დაადგინა. სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია, ანუ სასამართლოსთვის კვლევის, შეფასებისა და განსჯის საგანს აღარ წარმოადგენს, მასში დადგენილი ფაქტები მხარისთვის და სასამართლოსთვის წარმოადგენენ მატერიალურ-სამართლებრივ მტკიცებულებას, რომელიც გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობას პრეზუმირებს მანამ, სანამ მისი გაქარწყლება კანონით დადგენილი წესით არ მოხდება. პრეზუმირებული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად განაპიროებებს იმას, რომ მხარე, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ასეთ ფაქტებზე აფუძნებს, თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან და იგი უბრუნდება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც მისი გაქარწყლება ევალება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან განსახილველი დავის იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე პრეიუდიციული ფაქტები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი, ის შესაძლებელია გაქარწყლდეს (ბათილად გამოცხადდეს) მხოლოდ პროცესუალური საფუძვლით - სსსკ-ის 421-423-ე მუხლის საფუძველზე. მოხმობილი ნორმები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული საფუძვლით სრულებით შესაძლებელია, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებსაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი დაეფუძნა, სხვაგვარად წარმოჩინდნენ/შეფასდნენ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა განაპირობოს.

15.1.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, რომლის სასარჩელო მოთხოვნასაც მოპასუხემ სამართლებრივად ვარგისი შესაგებელი (კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები) დაუპირისიპირა, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზება, ანუ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს მან ვერ დაუპირისპირა სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტებს სამართლებრივ საფუძველს შეურყევდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის მითითება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ (მენარდის მიერ ვალდებულებათა ვადაში შესრულების) ფაქტებზე.

15.1.4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მოპასუხის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულების (სასამართლოს გადაწყვეტილებები) შინაარსიც. როგორც უკვე აღინიშნა, განჩინება მიღებულია დავაზე, სადაც სამართალწარმოების მხარეები და დავის საგანი იგივეა, რაც განსახილველ შემთხვევაში. იმ დავაში მენარდე წარმოადგენდა მოსარჩელეს და შემკვეთისგან (მერიისგან, რომელიც იმ დავაში მოპასუხეა), ითხოვდა შესრულებული სამუშაოს საზღაურს. სასარჩელო მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა. განჩინების 4.19. ქვეპუნქტში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ 2014 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადაში, ხოლო შემკვეთმა (მოცემული დავის მოსარჩელემ) შესრულებული სამუშაო არ მიიღო, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ზედამხედველმა, რომელსაც მენარდის მიერ მერიის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შეედგინა, უარი უთხრა მერიას შესაბამის მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მენარდემ ბოლოს 2015 წლის 26 იანვარს მიმართა როგორც შემკვეთს (მერიას), ისე - სამუშაოების ზედამხედველს, რომ მიეღოთ შესრულებული სამუშაო, თუმცა, უშედეგოდ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, შემკვეთსა და ზედამხედველს შორის არსებულ უთანხმოებაზე, პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა მენარდე, რომელმაც ხელშეკრულება მერიასთან დადო და რა მიზეზითაც არ უნდა დაეგვიანა ამ უკანასკნელს მენარდისაგან შესრულებული სამუშაოების მიღება, იგი ვალდებული იყო, რომ გადაეხადა მენარდისათვის დროული და უნაკლო სამუშაოს შესრულების საზღაური (სსკ-ის 649-ე მუხლი; იხ.ტ.2 ს.ფ. 145-175). მაშასადამე, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულება წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომელიც ასახულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და მას დაეფუძნა სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. სწორედ ასეთ ფაქტებს ენიჭება სასამართლოსთვის პრეიუდიციული მნიშვნელობა, რაც, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შემკვეთის სარჩელის უარყოფის დროს.

15.1.5. პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობის შესახებ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით განმარტებულია: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ.სუსგ # ას-827-791-2014, # ას-592-560-2015; # ას-895-845-2015; # ას-58-56-2016, # ას-1199-1159-2016; # ას-824-790-2016).

16. საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების პარალელურად, კასატორი ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებასაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (იხ. დამატებით გადაწყვეტილება - ტ.2,ს.ფ.326-334) .

16.1. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 1991 -ე მუხლის საფუძველზე მიღებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველიც.

17. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე