საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-54-გან-1-2018 11 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ა. ტ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ს (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების განმარტება
დავის საგანი – მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ის (დაბადებული: 12 ოქტომბერი, 2010 წ.) მამად დადგინდა ი. მ-ს, მამის სახელი: კ., რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი.
2. 2018 წლის 8 იანვარს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების განმარტება ითხოვა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დასახელებული განჩინება, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების მიზნით, სამოქალაქო რეესტრს წარედგინა, თუმცა სამოქალაქო რეესტრის განმარტებით შესაბამისი ცვლილება ვერ დარეგისტრირდება, რადგან უზენაესი სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დათქმას, რომ აღნიშნული განჩინების აღსრულება სამოქალაქო რეესტრს დაევალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მიერ კანონით დადგენილი წესით ცნობილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.
4. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
5. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან გამომდინარე ცხადია, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
6. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულია: „ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ის (დაბადებული: 12 ოქტომბერი, 2010 წ.) მამად დადგინდა ი-ის მ-ს, მამის სახელი: კ-, რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი“.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების განმარტება, რომლის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ის (დაბადებული: 12 ოქტომბერი, 2010 წ.) მამად დადგინდა ი-ის მ-ს, მამის სახელი: კ-, რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი.
8. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა. ტ-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლითაც ის ითხოვდა, რომ საქართველოს მოქალაქე, 2010 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ა. ქ-ის პირად მონაცემებში შესულიყო ცვლილება, და, საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილების შესაბამისად, არასრულწლოვნის მამად ი-ის მ-ს, მამის სახელი კ. მითითებულიყო და მამის გვარი მინიჭებოდა არასრულწლოვანს.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ტ–ი და ა. ქ-ი საქართველოს მოქალაქეები არიან. აღნიშნული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც სავალდებულოა. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, განსამარტი განჩინება 2017 წლის 29 ნოემბრიდან კანონიერ ძალაშია შესული და შესასრულებლად სავალდებულოა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე იმ ცვლილების რეგისტრაციაა, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადგენილი. იქედან გამომდინარე, რომ ა. ქ-ი არის საქართველოს მოქალაქე და მისი პირადი მონაცემები საქართველოს სამოქალაქო რეესტრშია რეგისტრირებული, სამოქალაქო რეესტრს ევალება მოახდინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ცალსახად დადგენილი ცვლილების რეგისტრაცია.
11. საკასაციო სასამართლო ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტს განმარტავს, რათა განუხორციელებელი არ დარჩეს ა. ქ-ის პირადი მონაცემების ცვლილება, რაც სასამართლოს განჩინებითაა დადგენილი. უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ქ-ის (დაბადებული: 12 ოქტომბერი, 2010 წ.) მამად დადგინდა ი-ის მ-ს, მამის სახელი: კ-, რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი. აღნიშნული, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო რეესტრმა ა. ქ-ის პირად მონაცემებში ცვლილება უნდა დაარეგისტრიროს, კერძოდ, ა. ქ-ის მამად დადგენილია ი-ის მ-ს (მამის სახელი - კ.) და რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი, ე.ი. მამის გვარს - „მ-ს“ ატარებს ბავშვი - ა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე ა. ტ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტოს შემდეგნაირად: საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ - სამოქალაქო რეესტრმა დაარეგისტრიროს ცვლილება, რაც დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების 2017 წლის 17 აპრილის N973/2017 გადაწყვეტილებით, კერძოდ ა. ქ-ის (დაბადებული: 12 ოქტომბერი, 2010 წ.) მამად დადგინდა ი-ის მ-ს, მამის სახელი: კ-, რომლის გვარსაც მომავალში ატარებს ბავშვი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე