საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ზ-19-ბ-1-2018 18 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ლ. შ-ი
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინების ბათილად ცნობა, საქმისწარმოების განახლება და აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი ნ. ბ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული.
6. 2018 წლის 9 იანვარს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. შ-მა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინების ბათილად ცნობა, საქმისწარმოების განახლება და აღსრულების შეჩერება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
6.1. ბინაში (უძრავ ქონებაში), რომელიც ნ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან იქნა გამოთხოვილი, სარჩელის აღძვრისას და ამ განცხადების წარდგენის დროისათვისაც ლ. შ-ი ცხოვრობდა და ცხოვრობს, მასსა და ნ. ბ-ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე;
6.2. აღნიშნული დავის შესახებ განმცხადებლისთვის, როგორც მესამე პირისათვის, უცნობი იყო 2018 წლის 5 იანვრამდე, აღსრულების დაწყებამდე.
7. ლ. შ-ის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. განმცხადებლის მითითებით, მას განსჯადობის წესი და განცხადების წარდგენის ვადა დაცული აქვს.
8. ლ. შ-ი, ასევე, შუამდგომლობს აღსრულების დროებით შეჩერებას, რათა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი ინტერესები არ დაზარალდეს.
9. განცხადების განხილვის მიზნით საქმე გამოთხოვილ იქნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოდან და უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2018 წლის 17 იანვარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლომ შეამოწმა განცხადების დასაშვებობის წინაპირობები და მიიჩნევს, რომ ლ.შ-ის განცხადება დაუშვებელია რამდენიმე საფუძვლით:
10.1. სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში;
10.2. მოხმობილი ნორმის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში განსჯადობის წესი დარღვეულია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას გულისხმობს, რომლითაც, თავის მხრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად, 2017 წლის 5 მაისს, კანონიერ ძალაში შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ნ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ა. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება;
10.3. ლ. შ-ის პრეტენზია საქმეში მესამე პირად ჩაუბმელობის თაობაზე ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები კანონითაა დადგენილი და ამ ფარგლებში სსსკ-ის მე-11 თავით გათვალისწინებული საპროცესო უფლების რეალიზაცია არ მოიაზრება. სწორედ ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ პირის განცხადებაზე, რომელიც აყენებს პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის ეტაპზე მისი მესამე პირად ჩაუბმელობის თაობაზე. ამასთან, სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ და მეორე წინადადებებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ლ. შ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადების განმხილველი განსჯადი სასამართლო არ არის. მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადება და მეორე ნაწილი არ გამოიყენება, რადგან განცხადება არ შეეხება საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას (განჩინებას) და ამ საქმეზე არც რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობაა მოთხოვნილი;
10.4. განცხადების განუხილველად დატოვების მორიგი საფუძველია ის გარემოება, რომ ლ. შ-ი არაუფლებამოსილი პირი, წარმოადგინოს განცხადებაში მითითებული მოთხოვნა. იგი არ არის სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რადგან როგორც განცხადებაზე დართული ქირავნობის ხელშეკრულებიდან ჩანს, მან 2011 წლის 7 აპრილს უძრავი ქონების ერთი ოთახი დაიქირავა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქირავნობა ამ დრომდე გრძელდება. ეს ასეც რომ იყოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 572-ე მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს, დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. დამქირავებლის უფლებებს კი სსკ-ის 575-ე მუხლი იცავს, მათ შორის მესაკუთრისგანაც. სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ. შ-ი ვერ იქნება ნ. ბ-სა და ა. ნ-ეს შორის უკვე გადაწყვეტილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი დაინტერესებული პირი.
10.5. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის არსებობს უთანხმოება ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელი დავის საგანია და ქირავნობის მომწესრიგებელი ნორმებით უნდა გადაწყდეს.
11. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოთ მოხმობილ ნორმებსა და მათ საფუძველზე განვითარებულ მსჯელობაზე, რაც იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ლ. შ-ი არ არის განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირი, მან არაგანსჯად სასამართლოს მომართა და ასეც რომ არ იყოს, მას სსსკ-ის 432-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიები არ წარუდგენია სასამართლოსათვის (იხ. სუსგ ა-4265-ბ-15-2015, 15.01.2016 წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 429-ე, 422-ე, 424-ე, 432-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. შ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. ლ. შ-ის შუამდგომლობა, აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი