საქმე №ას-597-556-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ს-ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ს-ო (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ ს-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ რ-ო, სსიპ ს-ა, სსიპ ს-ო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაცო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, მტკიცებულების საქმისათვის დართვის შესახებ 2016 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სსიპ ს-ომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან შეგებებული კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ რ-ს, სსიპ ს-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და სსიპ ს-ოს (შემდგოში _ ასევე, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა სსიპ ს-ოსა და სსიპ ს-ას შორის წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის თაობაზე 2014 წლის 10 ოქტომბერს შემდგარი შეთანხმების მხარედ აღიარება, შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მისი ცნობა.
1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმოადგენს ისლამური აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებას. 2014 წლის 27 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო #117 დადგენილება (შემდგომში _ #117 დადგენილება), რომლითაც დამტკიცდა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი. ამ წესის მიხედვით, თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, ისინი ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 10 ნოემბრამდე რეორგანიზაციის გზით უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შეექმნათ წარმომადგენლობითი საბჭო. სსიპ რ-ოს 2014 წლის 31 ოქტომბრის #... წერილით ს-ოს ეცნობა, რომ საქართველოს მუსლიმი თემის რელიგიურმა გაერთიანებამ, კერძოდ: სსიპ ს-ომ და სსიპ ს-ამ შექმნეს წარმომადგენლობითი საბჭო. სააგენტომ ს-ოს აცნობა, რომ 2014 წლის 5 ნოემბრამდე წერილობით დაედასტურებინა პოზიცია წარმომადგენლობით საბჭოში მონაწილეობის ან მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ ს-ომ 2014 წლის 4 ნოემბერს გაგზავნილ წერილში სააგენტოს აცნობა, რომ თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში, მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობით საბჭოს დაფინანსება გადაეცა ს-ოს მონაწილეობის გარეშე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ რ-ომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, გარდა ამისა, მისი მითითებით, 2014 წლის 31 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი იყო წარმომადგენლობით საბჭოში მოსარჩელის მონაწილეობის ან მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტის დადასტურება. მოსარჩელის 2014 წლის 4 ნოემბრის #10 წერილით მოპასუხისათვის გაცხადებული თანხმობა, მონაწილეობა მიიღოს პირმა წარმომადგენლობით საბჭოში, არ წარმოადგენს სააგენტოსათვის სამართლებრივი რეაგირების საფუძველს. დავის საგანში მითითებული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება #117 დადგენილებით, რომლის მე-3 მუხლი პირდაპირ მიუთითებს რელიგიური ორგანიზაციების მიერ ანაზღაურების მისაღებად გასატარებელ ღონისძიებებზე და ადგენს ამ ღონისძიებათა გატარების ვადას, ამასთანავე, თავად დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის #177 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ რ-ოს დებულებასთან ერთად, არ ითვალისწინებს სააგენტოს რაიმე სახით ჩარევას #117 დადგენილების მე-3 მუხლით რეგულირებულ ურთიერთობაში;
2.2. სსიპ ს-ამ და სსიპ ს-ომ ასევე არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებით შეიქმნა რ-ო, რომელსაც განესაზღვრა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი _ იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდა ანაზღაურების მიღების წინაპირობების განმსაზღვრელი შესაბამისი ქმედების განხორციელება. ორ რელიგიურ ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გაფორმდა „შეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის თაობაზე“ და მასში შევიდნენ მოპასუხე რელიგიური ორგანიზაციები. ამას წინ უძღოდა მოპასუხეების მხრიდან სააგენტოსა და მოსარჩელესთან შეხვედრა-კონსულტაციები, მოსარჩელეს გაეგზავნა რამდენიმე წერილობითი შეთავაზება ამავე საბჭოში მონაწილეობის მიღების, გაერთიანებისა და საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, რაზეც მან უარი განაცხადა, შესაბამისად, ორი რელიგიური ორგანიზაცია გაერთიანდა კანონის მოთხოვნით და მიიღო დაფინანსება, აგრძელებს საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსთან, ასევე, ახორციელებს შესაბამის პროექტებს. მოსარჩელე ცდილობს, ხელი შეუშალოს საბჭოს საქმიანობას და წარმოჩინდეს დაზარალებულად, რაც არასწორია. მოპასუხეთა მოსაზრებით, არ არსებობს იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სამართლებრივად გამართლება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, მტკიცებულების სახით მოსარჩელის საკონსტიტუციო სარჩელის საქმისათვის დართვისა და განსჯადობის წესების შესაბამისად, საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ განჩინებების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც სსიპ ს-ოს სარჩელი სსიპ რ-ოს მომართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სსიპ ს-ოსა და სსიპ ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა, სსიპ ს-ო აღიარებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით სსიპ ს-ოსა და სსიპ ს-ას შორის წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის თაობაზე 2014 წლის 10 ოქტომბერს შემდგარი შეთანხმების ფარგლებში წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობის მხარედ და აღნიშნული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად.
6. კასატორების მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ს-ომ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
6.2. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა სსიპ ს-ომ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, მტკიცებულების საქმისათვის დართვის შესახებ 2016 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო/შეგებებული საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების თაობაზე სარჩელის (აღიარებითი სარჩელის) საფუძვლიანობა. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა. ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების (რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის კვლევას შეეხება. ამ კატეგორიის სარჩელის ნამდვილობის შემოწმებამდე კი, სავალდებულოა შემოწმდეს მისი დასაშვებობის წინაპირობების არსებობა. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის მიმართ არა თუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც კი არ გააჩნია, რაც მისი სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობაა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.5. პუნქტი). ამ დასკვნამდე კი, საკასაციო პალატა შემდეგ საკითხთა ანალიზის შედეგად მივიდა:
1.3.1. როგორც არაერთხელ აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის #117 დადგენილების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე რელიგიური ორგანიზაციების მიერ შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მოსარჩელის აღიარება. სარჩელის თანახმად, მოთხოვნის იურიდიული ინტერესია ამ დადგენილებით განსაზღვრული საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით მხარე აღნიშნავს, რომ სსიპ რ-ოს მიერ წარმომადგენლობით საბჭოში მისი გაუწევრიანებლობით დაირღვა მხარის კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივ განკარგვაში;
1.3.2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი მოპასუხე რელიგიური ორგანიზაციები, როგორც პირველი, ისე _ სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე განმარტავდნენ, რომ მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, რამდენადაც დადგენილებით განსაზღვრული, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ს-ოც, ხოლო აღიარებითი სარჩელის აღძვრის რეალური მიზანი სოლიდარული პასუხისმგებლობის გარეშე (როგორც წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის) თანხის განკარგვის კონტროლის სურვილი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ წერილობით საპაექრო სიტყვაში, სააპელაციო პასუხსა და საკასაციო საჩივარში წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი მოპასუხეები განმარტავდნენ, რომ მუსლიმი თემი, რომელთანაც კავშირს ადასტურებს მოსარჩელე, დღესაც იღებს და მომავალშიც მიიღებს კომპენსაციას იმ საჭიროების მიხედვით, რაც გააჩნია კონკრეტულ თემს. ამ განმარტების წინააღმდეგ შედავება საქმის მასალებში არ მოიპოვება, მათ შორის არც საკასაციო შესაგებლით და არც შეგებებული საკასაციო საჩივრით არ უარყოფს (არ ედავება) მოსარჩელე დაფინანსების მიღების ფაქტს, რასაც პალატა მხარეთა შორის უდავო გარემოებად მიიჩნევს.
1.3.3. მოხმობილი არგუმენტების გათვალისწინებით, ასევე, სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილებაზე (საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის კონტექსტში განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს ზემოხსენებული დადგენილების შეფასება რელიგიის, გამოხატვის ან შეკრების (გაერთიანების) თავისუფლების, ასევე, დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის კუთხით, რადგანაც ამ საკითხებზე არც ერთ მხარეს არ მიუთითებია, უფრო მეტიც, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე აღძრულია საკონსტიტუციო სარჩელი და მიმდინარეობს საკონსტიტუციო სამართალწარმოება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, 409-ე მუხლით და მხარეთა პრეტენზიების საფუძვლიანობას მათი შედავების ფარგლებში ამოწმებს), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს (შემდგომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს და მე-3 პუნქტით მკაფიოდ ადგენს სუბიექტთა წრეს, რომლებზეც ზიანის ანაზღაურების წესი ვრცელდება. მათ შორისაა საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ისლამური გაერთიანებები. დადგენილების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებთან, საქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმსარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისაგან (იხ. 2.2. მუხლი). დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ნებას წარმოადგენს არა ამავე დადგენილების 3.2 მუხლით განსაზღვრული რეორგანიზაციის გზით ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოსათვის, არამედ, ყველა იმ აღმსარებლობის მიმდევრებისათვის (რელიგიური გაერთიანებისათვის) ზიანის ანაზღაურება, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილების 1.3. მუხლის მოთხოვნებს. მითითებული დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ბენეფიციარუნარიანობა ამ წინაპირობების შესრულებაზეა დამოკიდებული (წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა ან ერთ სსიპ-ად ჩამოყალიბება), რამდენადაც ხსენებული რეგულაცია მიზნად ისახავს იმ სუბიექტის ჩამოყალიბებას, რომელიც გარკვეული ე.წ „შუამავლის“, „გამტარის“ ფუნქციას შეითავსებს სახელმწიფოსა და ბენეფიციარს შორის. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა არ ხელყოფს მორწმუნეთა იდენტობას, პირიქით, ამ შემთხვევაში დაცულია, როგორც ავტონომიურობის, ისე რელიგიური აღმსარებლობის თითოეული აქტიური წევრის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის პრინციპი, შესაბამისად, #117 დადგენილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი შეიძლება მხოლოდ ზიანის საკომპენსაციო თანხის მოთხოვნასთან მიმართებაში გააჩნდეს, რათა სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი ანაზღაურება მიიღოს და შესაბამისი საჭიროებისამებრ განკარგოს. ეს საკითხი განსახილველი დავის ფარგლებში სადავო არაა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.3.2. პუნქტი), უფრო მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელე უდავოდ წარმოადგენს ბენეფიციარს და იღებს კიდევაც შესაბამის კომპენსაციას, საპირისპირო ვითარებაშიც კი, აღიარებითი სარჩელის აღძვრა მით უფრო გაუმართლებელი იქნებოდა, რამდენადაც მოსარჩელეს, როგორც უფლების მქონე პირს, უნდა აღეძრა მიკუთვნებითი სარჩელი და სწორედ ამ შინაარსის მოთხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება.
1.3.4. აქვე მნიშვნელოვანია განიმარტოს დადგენილების 3.3. მუხლი, სადაც საუბარია ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დაკარგვაზე, კერძოდ, მითითებული ნორმა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით ხომ არ შეიცავს სახელმწიფოს მხრიდან ნეგატიური ვალდებულების (თავი შეიკავოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 და მე-11 მუხლებით გარანტირებულ უფლებებში ჩარევისაგან) დარღვევის ნიშნებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს დადგენილების მიზნისა და სულისკვეთების გათვალისწინებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ გამოხატა ურყევი ნება, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს აუნაზღაუროს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი. დადგენილებით განისაზღვრა ანაზღაურების ზოგადი წესი და ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ რელიგიური გაერთიანებები. თუ ეს წინაპირობები დაკმაყოფილებულია, ერთი აღმსარებლობის სახელით მოქმედი იურიდიული პირები თანხებს მიიღებენ არა სახელმწიფოსათვის ინდივიდუალურად მიმართვის, არამედ _ წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის გზით (დამატებით იხ. 1.3.3. პუნქტი), რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. ამასთან, დადგენილების მიმღებმა (სახელმწიფომ) ორგანიზაციული საკითხების მოსაწესრიგებლად (წარმომადგენლების დანიშვნა და საბჭოს ფორმირება) დაადგინა გარკვეული ვადა, რაც ლეგიტიმურია ნორმატიული აქტის განსაზღვრულობის პრინციპთან მიმართებით.
1.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე რელიგიური ორგანიზაციების მიერ შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მოსარჩელის აღიარებისა და შესაბამისად, ორგანიზაციის აღნიშნული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ცნობის მიმართ სსიპ ს-ოს არ შეიძლება გააჩნდეს იურიდიული ინტერესი, რადგანაც, როგორც ითქვა, იგი ამ დადგენილების ბენეფიციარი მხარეა, რამდენადაც უდავოა, რომ აკმაყოფილებს მისი პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს (სამართალსუბიექტობა _ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია სსიპ-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით 2013 წლის 13 ივნისს და მხარეები არ დავობენ, რომ იგი ისლამური აღმსარებლობის რელიგიური გაერთიანებაა), ასევე იღებს რელიგიური თემის საჭიროებიდან გამომდინარე სუბსიდიას (საპირისპირო ვითარებაში, სარჩელის განუხილველად დატოვებით მას არ ერთმევა უფლება, აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი), ხოლო მისი სუბიექტური სურვილი, კონტროლი განახორციელოს წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაზე, ვერ გახდება წინამდებარე სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის განმსაზღვრელი. საკასაციო პალატა ასევე მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა (მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლებისა) ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.
1.5. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი), როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ საქმეზე, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს/შეგებებულ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 70-70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ს-ოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სსიპ ს-ოს შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს სარჩელის ნაწლობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და სსიპ ს-ოს სარჩელი სსიპ რ-ოს, სსიპ ს-ისა და სსიპ ს-ოს მიმართ, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
4. სსიპ ს-ოს (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 28.04.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
5. სსიპ ს-ოს (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ო. ქ-ის მიერ 29.06.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე