საქმე №ას-48-48-2018 6 თებერვალი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ო-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ვ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვa
აღწერილობითი ნაწილი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ი. ვ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ქ. თბილისში, ჭ-ის ქ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილი (ს/კ #...) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) ე. ო-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და ამ ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელეს უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 8 ნოემბერს. მოპასუხის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადებით მიმართა 2017 წლის 9 ნოემბერს და იმავე დღეს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ვინაიდან აპელანტმა 30 დღიანი ვადის განმავლობაში არ მიმართა სასამართლოს განცხადებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 9 ნოემბრიდან დაიწყო და ამოიწურა ამავე წლის 22 ნოემბერს. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაგვიანებით - 2017 წლის 24 ნოემბერს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1 სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 23-ე და 28-ე დღეს, 2017 წლის 1 და 6 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის გასვლამდე, ის გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, თუმცა ვერ ჩაიბარა, რადგანაც დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.
4.2 სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმის მასალებში არსებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის დადგენილ ვადაში წერილობითი მიმართვა, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მხარე დროულად გამოცხადდა სასამართლოში (იხ. ს.ფ. 81,86).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია. მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 2591-ე და ამავე კოდექსის 369-ე მუხლების პირველი ნაწილების დანაწესებიდან გამომდინარე.
სსსკ-ის 420-ე მულის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, არასწორად განმარტა სსსკ-ის 2591.1 და ამავე კოდექსის 369.1 მუხლები. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან კანონით განსაზღვრულ პერიოდში გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი. სასამართლო, თავის მხრივ ვალდებულია, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეს დროულად გადასცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 23-ე და 28-ე დღეს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, შესაბამისად, მან შეასრულა სსსკ-ის 2591 მუხლით დაკისრებული ვალდებულება. ასევე, დადგენილია, რომ სასამართლოს კერძო საჩივრის ავტორისათვის 2017 წლის 9 ნოემბრამდე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადაუცია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მომჩივნისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან მომდევნო დღეს - 2017 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 ნოემბერს, 24 საათზე (შდრ. საქმეები # ას-988-920-2017, 12.09.17, #ას-895-835-17 8.04.17. #ას-266-254-17 4.04.17). საქმის მასალებით, დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 24 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილ გასაჩივრების 14 დღიან ვადაში წარადგინა (სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამრიგად, სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი