Facebook Twitter

3გ-ად-51-კს-03 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვა; საქმის წარმოების შეწყვეტა; საქმეზე საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მ. ა-ს, ა. და გ. რ-ების, ე. გ-სა და სხვათა, სულ 32 მეანაბრის წარმომადგენლის ე. გ-ს სარჩელი სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში რიცხული მათი ანაბრის თანხების ანაზღაურების თაობაზე.

2003წ. 14 თებერვალს ე. გ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის “თ”' ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის, “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მე-7 მუხლის, სსკ-ს მე-6 მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართა სადავო ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისობის თაობაზე და განსახილველი საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდიუმისთვის გადაცემა. წარმომადგენელი ასევე მოითხოვდა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნას, საქმის არსებითად განხილვაში მოწმეების, სპეციალისტის მიწვევასა და კომისიური ექსპერტიზის დანიშვნას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით ე. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ს მე-6 მუხლის, “საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, სასამართლო დამოუკიდებელია მხარეთა მითითებებისა და მოთხოვნებისაგან გადაწყვიტოს თუ რომელი კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული საქმის განხილვისას, სასამართლო ასევე დამოუკიდებლად გადაწყვეტს მის მიერ გამოსაყენებელი აქტები რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და იღებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო კონკრეტული საქმის განხილვისას მივა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქმის გადაწყვეტისას მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეული უნდა იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ არის აუცილებელი.

სასამართლო კოლეგიამ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა მოწმეთა სახით ფიზიკური პირების _ თ. ს-ს, ს. მ-ის, ნ. ჯ-ის, ე. თ-ის, რ. გ-ის, მ. ს-ის, კ. დ-ის, რ. ლ-ის, ი. ჩ-ის დაკითხვის თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის “ა" პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციასთან საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების და საქართველოს პარლამენტის დადგენელებების მიღების, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მიერ დასახელებული ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არ შედის საერთო სასამართლოების უწყებრივ კომპეტენციაში და მოსარჩელეთა მოთხოვნა უწყებრივად არ ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 მარტის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საფინანსო ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რა თანხას შეადგენს ლარებში, ინდექსაციის გათვალისწინებით, ნაშთის სახით დარჩენილი მოსარჩელეთა ანაბარი და საექსპერტო დასკვნის მიღებამდე საქმის წარმოება შეჩერდა. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ სსკ-ს 162-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელია საფინანსო ექსპერტიზის დანიშვნა, ვინაიდან საქმეზე წამოჭრილი საკითხების განმარტება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინა მეანაბრეთა წარმომადგენელმა ე. გ-მ, მოითხოვა მათი ნაწილობრივ გაუქმება და ნაწილობრივ ცვლილებების შეტანა. კერძოდ, წარმომადგენელმა მოითხოვა განჩინებების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელში აღნიშნული ნორმატიული აქტების ბათილად ცნობისა და კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, ასევე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საფინანსო ექსპერტიზის ნაცვლად კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა და ექსპერტიზის მუშაობაში პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნული კომისიის ჩართვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 აპრილის განჩინებით ე. გ-ს კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად, რის გამოც საქმე მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი 2003წ. 25 თებერვლისა და 2003წ. 13 მარტის განჩინებებზე დაუშვებელია, ვინაიდან აღნიშნული არ არის გათვალისწინებული საპროცესო კანონმდებლობით. სსკ-ს 414-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ სსკ-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, დარღვეული იქნა კერძო საჩივრის წარდგენის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა. წარმოდგენილი კერძო საჩივარი, სასამართლო კოლეგიის მიერ დაუშვებლად იქნა მიჩნეული 2003წ. 10 მარტის განჩინებაზეც, ვინაიდან ასევე დარღვეული იქნა განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა.

სასამართლო კოლეგიამ კერძო საჩივარი 2003წ. 25 თებერვლის, 10 მარტისა და 13 მარტის განჩინებებზე ჩათვალა დაუსაბუთებლად, ვინაიდან სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სარჩელში მითითებული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არ შედის საერთო სასამართლოების კომპეტენციაში და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მართებულად იქნა საქმის წარმოება შეწყვეტილი. რაც შეეხება ექსპერტიზის დანიშვნას, სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, ვინაიდან მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნენ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ექსპერტიზა თავისი არსით არის კომისიური, ხოლო ვინაიდან მის წინაშე დაისვა მოსარჩელეთა ფულად მოთხოვნების განსაზღვრასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, იგი კომპლექსურიცაა. რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებაში პრეზიდენტის 2001წ. 2 ივნისის ¹258 ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრების მონაწილეობას, სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ ვინაიდან საქმეში ერთ-ერთი მოპასუხე არის საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ შექმნილი კომისიის წევრების მონაწილეობა სასამართლო ექსპერტიზაში გაუმართლებელია ექსპერტთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საოლქო სასამართლოს განჩინებების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმომადგენელ ე. გ-ს კერძო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის, 10, 13 მარტისა და 18 აპრილის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. წარმომადგენელი ე. გ-ა კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის, 10 და 13 მარტის განჩინებებს. საქმეში არსებული ხელწერილის მიხედვით, 25 თებერვლისა და 13 მარტის განჩინებები კერძო საჩივრის ავტორმა პირადად ხელზე ჩაიბარა 2003წ. 24 მარტს, ხოლო 10 მარტის განჩინება მას ასევე ხელზე ჩაბარდა 2003წ. 27 მარტს. სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამავე ნორმის იმერატიული მითითების მიხედვით, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის გაგრძელება დაუშვებელია. კერძო საჩივრის ავტორმა კი 2003წ. 24 და 27 მარტს პირადად ხელზე ჩაბარებული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა 2003წ. 10 აპრილს ე.ი. კანონით იმპერატიულად დადგენილი 12-დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2003წ. 18 აპრილის განჩინებას, გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო, ე. გ-ს კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ.

2. გარდა გასაჩივრების ვადის დარღვევისა, წარმომადგენელ ე. გ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლისა და 13 მარტის განჩინებებზე, სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაუშვებელია, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლო კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებას კერძო საჩივრის ავტორი ნაწილობრივ ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო 13 მარტის განჩინება ეხება საქმეზე საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დანიშვნას. აღნიშნული განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრებას სსკ არ ითვალისწინებს, ისინი შეიძლება გასაჩივრდეს საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2003წ. 18 აპრილის განჩინებას, სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ე. გ-ს კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ.

ამდენად, სსკ-ს 414-ე და 416-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენელ ე. გ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის, 10 და 13 მარტის განჩინებებზე დაუშვებელია. კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას კოლეგიამ სწორად გამოიყენა და განმარტა ზემოაღნიშნული ნორმები, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის, 10 და 13 მარტის, 18 აპრილის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 414-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მეანაბრეთა წარმომადგენელ ე. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის, 10 და 13 მარტისა და 18 აპრილის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.