საქმე #ა-250-შ-3-2018 23 იანვარი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ხ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ა. ა-ის მიმართ საფრანგეთის, რენის სააპელაციო სასამართლოს (რენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს) მესამე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საფრანგეთის რენის სააპელაციო სასამართლოს (რენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს) მესამე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სხვა საკითხებთან ერთად დადგინდა, რომ მეუღლეთა არასრულწოვანი შვილის _ 2013 წლის 9 სექტემბერს დაბადებული მ. ხ-ის მიმართ მშობლის უფლებებს ექსკლუზიურად განახორციელებს დედა _ ნ. ხ-ი და ბავშვის მუდმივ საცხოვრებლად განისაზღვრა მისი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ხ-მა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მას სურს იმ საფუძვლით, რომ საელჩოში წარადგინოს არასრულწლოვნის საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე, მოიპოვოს ბავშვის ქვეყნიდან გასვლის კანონიერი უფლება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებითა და მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანის შესწვლით ირკვევა, რომ:
ა) მხარეები დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილება ექვემდებარება დროებით აღსრულებას;
გ) ნ. ხ-ი საქართველოს მოქალაქეა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები.
მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში არ არის მითითებული მოწინააღმდეგე მხარის _ ა. ა.-ის მისამართი და სხვა კანონით გათვალისწინებული საკონტაქტო მონაცემები, უფრო მეტიც ნ.ხ-ი წერილობით განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მისამართს მოგვიანებით აცნობებს სასამართლოს, თუმცა, ამგვარი განცხადებით მას საკასაციო პალატისათვის არ მოუმართავს. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მართალია, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ა.ა.-ის მისამართი, თუმცა, თავად გადაწყვეტიელბიდან ირკვევა, რომ მხარეს არ აქვს მოგვარებული საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საკითხი და ეს მისამართი არ არის მისი საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ნ.ხ-ს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი ნ.ხ-ი გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ხ-ს უარი ეთქვას საფრანგეთის რენის სააპელაციო სასამართლოს (რენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს) მესამე სამოქალაქო პალატის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე