საქმე №ას-109-109-2018 18 ივნისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ხ-ე, შ. ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ. ხ-ემ და შ.–მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვეს დამსაქმებლის 2014 წლის 22 ივლისის #311 და #312 ბრძანებების ბათილად ცნობა (შემდგომში _ გათავისუფლების ბრძანებები), სამუშაოზე აღდგენა (სს „ს-ის“ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის კონტროლიორად) და მოცდენის მთელი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის, თვეში 1 500-1 500 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში კონტროლიორებად, 2014 წლის 21 ივლისიდან გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დამსაქმებლის უფროსის პასუხის თანახმად, 2014 წლის 21 ივლისიდან სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2014 წლის 7 ივლისის ოპერატიული თათბირის ოქმის თანახმად, დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 27 მაისის #25/26 დადგენილებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის 13.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უხეშად დარღვევისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: რევიზიის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ 30 მგზავრი უბილეთო იყო. შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად მიჩნეულ იქნა ის, რომ მოსარჩელეები, 2014 წლის 11 ივნისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ინაწილებდნენ ვაგონებს და ამოწმებდნენ მგზავრთა გაბილეთიანებას. მატარებელში სულ ხუთი ვაგონი იყო. ზ. ხ-ეს შესამოწმებელი ჰქონდა სამ ვაგონში მყოფი მგზავრების, ხოლო შ. ს–ს - ორ ვაგონში მყოფი მგზავრების გაბილეთიანება. მატარებლის გაჩერებისას, მოსარჩელეები აცდიდნენ მგზავრებს ამოსვლას, საკუთარი ადგილის დაკავებას და შემდეგ სთხოვდნენ ბილეთის შეძენას. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, აფრთხილებდნენ საჯარიმო ქვითრის გამოწერის შესახებ, რის შედეგადაც მგზავრები ბილეთს იძენდნენ. საგარეუბნო მსვლელობის მატარებლის დაძვრის შემდგომ, მოსარჩელეები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, როდესაც ვაგონში გამოჩნდა სამოქალაქო სამოსში ჩაცმული მონიტორინგის ჯგუფის ორი თანამშრომელი (მათ კონტროლიორებისთვის თავი არ წარუდგენიათ). მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებმა დაიწყეს მგზავრთა შემოწმება. აღნიშნულ თანამშრომელთა განმარტებით, შემოწმების შედეგად, მათ ვაგონებში აღმოაჩინეს 30 უბილეთო მგზავრი. მოსარჩელეთა მითითებით, ბილეთი ყველა მგზავრს ჰქონდა, გარდა იმ ახალამოსული მგზავრებისა, რომლებიც სალარო აპარატთან იმყოფებოდნენ. მონიტორინგის თანამშრომლებს კონტროლიორებისთვის ჯარიმის ქვითრის შედგენა არ მოუთხოვიათ, ისე შეადგინეს აქტი და მოაწერეს ხელი. პრობლემურია ქსანი-ძეგვის მონაკვეთი, საიდანაც მოთხოვნის გარეშე ამოსული მგზავრები ბილეთს არ იღებენ. მოსარჩელეების განმარტებით, მათი ქმედება არ შეიძლება, შეფასდეს იმგვარ დარღვევად, რაც გაამართლებდა სამსახურიდან გათავისუფლებას. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გამოჩენისას, მატარებელში ბილეთის აღების პროცესი არ იყო დასრულებული, რის გამოც 30 უბილეთო მგზავრის გადაადგილებაზე მითითება არასწორია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა დაკისრებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულეს, რამაც განაპირობა მათი სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სს „ს-ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 27 მაისის #25/26 დადგენილებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის 13.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რევიზიის დაწყებისას, მათ აღმოაჩნდათ 30 უბილეთო მგზავრი. კონტროლიორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება, არ გაატარეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები _ საჯარიმო ქვითრების და/ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა, რითაც უხეშად დაარღვიეს სამუშაო აღწერილობის მე-4 პუნქტის 4.2 და 4.3 ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივნისის #1-1/1381 ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნები), გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელმა მოსარჩელეთა წარმომადგენელს, რომელმაც 2014 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მოითხოვა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება, ამავე წლის 20 აგვისტოს #5097 წერილით აცნობა მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძველი. მითითებული წერილი მხარეთა წარმომადგენელს გაეგზავნა 2014 წლის 25 აგვისტოს და ჩაბარდა 2014 წლის 26 აგვისტოს. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის წინააღმდეგ, დასაქმებულებმა სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 6 ოქტომბერს მიმართეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 22 ივლისის #311 და #312 ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ დამსაქმებლის ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის კონტროლიორებად, ასევე, დამსაქმებელს მათ სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის დაეკისრა 1 500-1 500 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში იყვნენ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის, საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის, აღმოსავლეთ ბიუროს კონტროლიორები და მათი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს. მოსარჩელეთა უფლებამოსილებას წარმოადგენდა:
- საგარეუბნო მატარებელში უბილეთო მგზავრების გამოვლენა და გაბილეთიანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მათ უნდა უზრუნველეყოთ უბილეთო მგზავრის გამოვლენა, საჯარიმო ქვითრის გამოწერა, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ახსნა-განმარტებების მიცემა ამ კატეგორიის მგზავრისათვის.
- შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეები საკუთარ შრომით მოვალეობებს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ: მუშაობის პერიოდში მათ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების რომელიმე ზომა.
- დამსაქმებლის დირექტორის 22.07.2014წ. #311 და #312 ბრძანებებით მოსარჩელეებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების საფუძვლად მიეთითა ოპერატიული თათბირის ოქმი. მტკიცებულება, რასაც ეფუძნება მოსარჩელეთა გათავიუფლების თაობაზე ბრძანება, არის ე.წ ოპერატიული თათბირის ოქმი, რომლის თანახმად:
- 2014 წლის 11 ივნისს, კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელთა მიერ, მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე შემოწმებულ იქნა საგარეუბნო მატარებელი #685 - ბორჯომი-თბილისი, რომელსაც ემსახურებოდნენ საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის კონტროლიორები ზ. ხ-ე და შ. ს–ი.
- კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელთა განმარტებით, სადგურ მცხეთაში მატარებელში მგზავრი არ ასულა. შემოწმების დროს მატარებელში იყო 230 მგზავრი, მათ შორის 30 უბილეთო, რომლებიც იმყოფებოდნენ მატარებლის სხვადასხვა ვაგონში. უბილეთო მგზავრების მიმართ კონტროლიორების მიერ არ იყო შესრულებული დაკისრებული ვალდებულება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარების შესახებ.
- აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს ფილიალ მგზავრთა გადაყვანის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, დირექტორის მოადგილის წერილი. ინსპექტირების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტით კონტროლიორების მიერ უხეშად იქნა დარღვეული სამუშაო აღწერილობის მე-4 პუნქტის 4.2. და 4.3. ქვეპუნქტები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 26.06.2012წ. #1-1/1381 ბრძანების მოთხოვნები. ოქმში მითითებული სს „ს-ის“ კონტროლიორის სამუშაო აღწერილობის 4.2. და 4.3. ქვეპუნქტები, რომლებიც აწესებს შემდეგ რეგულაციას:
- საგარეუბნო მატარებლის კონტროლიორმა უბილეთო მგზავრის გამოვლენისას უნდა გამოწეროს საჯარიმო ქვითარი, საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ახსნა-განმარტება მისცეს ამ კატეგორიის მგზავრებს; უბილეთო მგზავრის იდენტიფიცირების პრობლემის დროს დაუკავშირდეს პატრულს. მოსარჩელეები კონტროლიორის სამუშაოს აღწერას გაცნობილნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარებული ჰქონდათ მისი ასლი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 26.06.2012წ. #1-1/1381 ბრძანების 3.2. მუხლის თანახმად, თანამშრომელი (კონტროლიორი) უფლებამოსილია, მგზავრს მოსთხოვოს სამგზავრო ბილეთის წარდგენა მატარებლის მსვლელობის განმავლობაში და/ან მატარებლიდან ჩასვლისას ან ამოსვლისას. მატარებელზე ამოსვლისას ბილეთის მოთხოვნის უფლება ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალურ მატარებლებზე.
1.2.2. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ოპერატიული თათბირის ოქმში ასახული ფაქტი (აღმოჩენილი 30 უბილეთო მგზავრი) და ასეთის დამტკიცებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ თავად ოქმი. მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ინსპექტირების ჩატარების პროცედურის კანონიერების დამტკიცების მიზნით, წარდგენილ იქნა, როგორც კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება, ისე _ მისი ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ რეგიონალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა გაბილეთიანების კონტროლის წესი. რეგიონალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა გაბილეთიანების კონტროლის წესის 1.2. პუნქტის თანახმად, მგზავრთა გაბილეთიანების კონტროლს ახორციელებს კონდუქტორი (კონტროლიორი), ხოლო მისი საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმების შემთხვევაში - დირექტორთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე ან/და სს „ს-ის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის ბრძანების შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილი მაკონტროლებელი პირები. წესების 2.3. პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი შემოწმების (რევიზიის) შემთხვევაში მაკონტროლებელი პირები ამოწმებენ: აქვს თუ არა მგზავრს ბილეთი და ნამდვილია თუ არა ის რევიზიის მომენტისათვის (2.3.1); გამოკრულია თუ არა თვალსაჩინო ადგილას გადახდის ელექტრონული საშუალებით ბილეთების შეძენის წესი და უბილეთო მგზავრობისათვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები (2.3.2.); დაცულია თუ არა ხელბარგის გადაზიდვის ნორმა (2.3.3.); უბილეთო მგზავრის გამოვლენის შემთხვევაში, კონდუქტორის (კონტროლიორის) მეშვეობით უზრუნველყოფენ საჯარიმო ქვითრის გამოწერას (2.3.4.). საჯარიმო ქვითრები საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, უტყუარად იმის მტკიცება, რომ მონიტორინგის მომენტში მატარებელში იმყოფებოდნენ უბილეთო მგზავრები და მათი რაოდენობა იყო 30, დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, შემოწმების დროს მატარებელში იმყოფებოდა დაახლოებით 230 მგზავრი 5 ვაგონში. გაბილეთიანების პროცესს აკონტროლებდა მხოლოდ ორი კონტროლიორი. ასეთ ვითარებაში, ორი კონტროლიორის მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელება და უბილეთო მგზავრების გამოვლენა მართლაც გარკვეულ დროსთან იქნებოდა დაკავშირებული. მგზავრთა ნაწილი საჭიროებდა კონტროლიორებისგან მოწოდებას (ზოგჯერ არაერთს) გაბილეთიანების მიზნით. შესაბამისად, მართლაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლების მიერ მგზავრთა გაბილეთიანების შემოწმების დაწყებისას, მატარებელში ყოფილიყვნენ უბილეთო მგზავრები, თუმცა, როგორც მოსარჩელეებმა აღნიშნეს, მცირე რაოდენობითა და გაბილეთიანების მოლოდინის რეჟიმში. რაც შეეხება 2012 წლის 26 ივნისის ბრძანების 3.2. პუნქტს, ამ რეგულაციის თანახმად, მატარებელზე ამოსვლისას ბილეთის მოთხოვნის უფლება ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალურ მატარებლებზე. შესაბამისად, შეუძლებელია გადაჭრით მტკიცება იმისა, რომ მგზავრობის დასრულების მომენტში მატარებელში იქნებოდა, თუნდაც ერთი უბილეთო მგზავრი. ამდენად, არ დგინდება შემოწმების დროს მატარებელში 30 უბილეთო მგზავრის არსებობა, ხოლო ბილეთის გარეშე, მაგრამ გაბილეთიანების პროცესში არსებული რამოდენიმე მგზავრის არსებობა არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელეთა მხრიდან დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევად. მოპასუხის შინაგანაწესის მე-16 პუნქტში მოცემულია დისციპლინური სასჯელების სახეები, რომელიც გათვალისწინებულია დასაქმებულის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის (გაფრთხილება; პირგასამტეხლოს დაკისრება ერთ თვემდე შრომის ანაზღაურების ოდენობით; დაბალანაზღაურებად ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების დროებითი შეჩერება). მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა მოსარჩელეებთან შეწყვიტა შრომის ხელშეკრულება (შინაგანაწესის მე-13 პუნქტი), რაც არათანაზომიერია და არ ადასტურებს დამსაქმებლის მხრიდან უფლების მართლზომიერად გამოყენების ფაქტს.
1.2.3. მოსარჩელეების წარმომადგენელმა 2014 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მიმართა დამსაქმებელს მის მარწმუნებლებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით. 2014 წლის 20 აგვისტოს #5097 წერილით მოპასუხემ აცნობა დასაქმებულთა გათავისუფლების საფუძველი, რომელიც ადრესატს გაეგზავნა 2014 წლის 25 აგვისტოს და ჩაბარდა ამავე წლის 26 აგვისტოს. დასაქმებულებმა თავდაპირველად სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2014 წლის 17 სექტემბერს, რომლის წარმოებაში მიღებაზეც ეთქვათ უარი. მოსარჩელეებმა 2014 წლის 24 სექტემბერს, კვლავ მომართეს სასამართლოს სარჩელით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სარჩელის მიღებაზე კვლავ უარი განაცხადა. საბოლოოდ, სარჩელი 2014 წლის 6 ოქტომბერს იქნა წარდგენილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განსახილველად იქნა მიღებული.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. პალატა უარყოფს კასატორის შედავებებს, რომლებიც ძირითადად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს შეეხება და აღნიშნავს, რომ სასამართლომ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის სწორი განმარტების გზით, მართებულად დააკისრა დამსაქმებელს დასაქმებულთა მხრიდან შრომითი მოვალეობების უხეშად დარღვევის მტკიცების ტვირთი, რომელსაც თავი ვერ გაართვა კასატორმა. ამ მხრივ სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სრულად შეესაბამება მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). იმ ვითარებაში კი, როდესაც არ დასტურდება დასაქმებულთა მხრიდან შრომითი მოვალებების უხეში დარღვევა, მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება პალატამ სწორად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის, ასევე, შრომის სამართალში მოქმედი თანაზომიერების პრინციპის (Ultima Ratio) დარღვევად, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია და არსებობს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფაქტობრივი საფუძველი. გარდა ამისა, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, პალატა მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.07.2015წ. ოქმზე, სადაც სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების ასლები გადასცა მოპასუხეს და მას მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებები არ წყვეტს ხანდაზმულობას, ის კვლავ საკუთარ მოსაზრებას უჭერდა მხარს და ითხოვა სასამართლოს მხრიდან საკითხის შეფასება (იხ. სხდომის ოქმი: 13:23:26სთ; 13:26:42 სთ; 13:28:26 სთ). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის თავდაპირველად წარდგენის მომენტიდან (რომელიც შკ-ის 38-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილებით განსაზღვრულ ვადაში იქნა აღძრული), ვინაიდან წარმოებაში მიღებული სარჩელი აღძრულია 6-თვიანი ვადის დაცვით, სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობა შეწყდა სარჩელის თავდაპირველად წარდგენის მომენტიდან და არ არსებობს დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავების გაზიარების საფუძველი. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთბის არამართლზომიერად შეწყვეტის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 30.01.2018წ. #8048 და 20.02.2018წ. #8630 საგადახდო დავალებებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 ლარის, სულ _ 600 ლარის, 70% _ 420 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/კ #2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 30.01.2018წ. #8048 და 20.02.2018წ. #8630 საგადახდო დავალებებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300-300 ლარის, სულ _ 600 ლარის 70% _ 420 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი