Facebook Twitter

საქმე№ას-1002-923-2017 12 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ.თ–ძე, ნ.დ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.პ.ჯ.“ (მოპასუხე)

წარმომადგენლები - თ.ლ., შ.გ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი -ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სს „ე.პ.ჯ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან ენერგოკომპანია) ლ.თ–სა და ნ.დ–ეს (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან კასატორები) ელექტროენერგიას აწვდიდა, რომლითაც მარაგდებოდა მათი კუთვნილი, ქ. ბათუმში, ...... მდებარე საოფისე ფართი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან საოფისე ფართი).

2. 2013 წლის 2 მაისს მოსარჩელეებს, დავალიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი ელექტროენერგიის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა 2013 წლის 23 სექტემბერს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მათი სარჩელი დავალიანების დარიცხვის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელეებს ქ. ბათუმში მდებარე უძრავი ქონება, 2013 წლის 26 აპრილიდან 8 თვით გაქირავებული ჰქონდათ შპს „ტ. და კ–ზე“ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც დამქირავებელი). ყოველთვიური ქირა შეადგენდა 800 ლარს. ქირავნობის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრებოდა.

6. ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ, 2013 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე, დამქირავებელს ელექტროენერგია გენერატორის - “AKSA AAP 800E-ის" მეშვეობით მიეწოდებოდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 19 მაისის დასკვნის თანახმად, მითითებული გენერატორის საწვავის, ბენზინის ხარჯი ერთი საათის განმავლობაში მუშაობისას დაახლოებით 3,2 ლიტრს შეადგენდა.

7. მოსარჩელეებსა და დამქირავებელს შორის ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე, 2013 წლის 20 სექტემბერს, შეწყდა.

8. 2015 წლის 13 მაისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ, მატერიალური ზიანის - 18 497,71 ლარისა და მორალური ზიანის - 5 000 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. მათი მტკიცებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხესა და მოსარჩელეებს შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოპასუხემ დენის მიუწოდებლობით დაარღვია ორმხრივი ვალდებულება, რითაც მათ ზიანი მიადგათ. მოსარჩელეების მტკიცებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილი იყო მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც ელ. ენერგიის უკანონოდ გათიშვით გამოიხატა. მათ უძრავი ქონება მესამე პირზე ჰქონდათ გაქირავებული, რის გამოც იძულებულნი გახდნენ დამქირავებელი ელექტროენერგიით - ბენზოგენერატორის საშუალებით ყოველდღიურად 16 საათის განმავლობაში მოემარაგებინათ. მათ მიერ 147 დღეში გახარჯულმა საწვავის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 15 805,44 ლარი, ხოლო გენერატორის საექსპლუატაციო ხარჯმა, 790,27 ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულება 2 თვით ადრე მოიშალა, რამაც დამატებით 2000 ლარის ზიანი მიაყენათ. მოსარჩელეების მითითებით, მათ დამქირავებელთან შეელახათ საქმიანი რეპუტაცია, რადგანაც ვერ შეძლეს ელექტროენერგიით უძრავი ქონების დროულად მომარაგება. საქმიანი რეპუტაციის შელახვას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ბენზოგენერატორით გამოწვეული დაუშვებელი ხმაური ხელყოფდა მეზობლად მცხოვრები პირების უფლებებს.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. მისი მტკიცებით, მოსარჩელეებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დავალიანების გამო, რადგანაც აბონენტი ვალდებული იყო, დადგენილ ვადაში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებელს პროდუქციის მიწოდება შეუწყვიტოს. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ აპელირებდა სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ვინაიდან, იგი სწორედ ენერგოკომპანიის პოზიციებს ამყარებდა, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს დარიცხვისა და შემოწმების აქტების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში, რადგანაც მიიჩნია, რომ ისინი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო შედგენილი. მოსარჩელეებსა და დამქირავებლის ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ მითითებული ხელშეკრულების პირობები ქირავნობის საფასურთან და მისი მოქმედების ვადასთან დაკავშირებით მოსარჩელეებმა არასწორად განმარტეს, ამასთან ნიშანდობლივი იყო, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად ელექტროენერგიის მიუწოდებლობა არ დასტურდებოდა, უფრო მეტიც, ქირავნობის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, დამქირავებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ქონების შენახვისა და კომუნალური ხარჯების გადახდა, შესაბამისად, იკვეთებოდა, რომ მოსარჩელეები კონკრეტულ შემთხვევაში, არ წარმოადგენდნენ სათანადო მოსარჩელეებს.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების სასარგებლოდ, მოპასუხეს 15482,88 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 17.1 მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-18, 394-ე, 317-ე, 992-ე, 415-ე, 411-ე და 412-ე-413-ე მუხლები.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მხრიდან ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტს, მოსარჩელის მიერ მითითებულ დროის შუალედში, უძრავი ქონების ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად;

11.2. აპელანტის მოსაზრებით, ზიანი საერთოდ არ დასტურდებოდა, ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ზიანის გამოანგარიშებისას არ გაითვალისწინა ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოპასუხეს ექნებოდა ელექტროენერგიის მიწოდება რომ არ შეწყვეტილიყო;

11.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ მოსარჩელეებს ფართი საოფისედ ჰქონდათ გაქირავებული. ამასთან, დაუჯერებელი იყო, რომ ოფისი მარაგდებოდა ელექტროენერგიით, დღეში 16 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, უქმე დღეების ჩათვლითაც;

11.4. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ერთი ლიტრი საწვავის ღირებულებას;

11.5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ფართი გაქირავებული ჰქონდა ყოველთვიურად 800 ლარად, ხოლო როგორც მოსარჩელეები უთითებენ, ყოველთვიურად დამქირავებლის სასარგებლოდ ხარჯავდნენ სამჯერ მეტს - 3225.6 ლარს (საწვავის ღირებულების ხარჯი - 107.52 ლარი * 30 დღეზე);

11.6. აპელანტის განმარტებით, ყურადსაღები იყო, რომ დამქირავებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ყოველთვიურად კომუნალური გადასახადების გადახდა;

11.7. აპელანტის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებდა მოსარჩელის მიერ ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტს. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ასევე, გამოიყენებოდა თუ არა კონკრეტული ბენზო გენერატორი, მითითებულ მისამართზე, მითითებული დატვირთვითა და ინტენსივობით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არამართლზომიერი და ბრალეული ქმედება იყო, თუმცა, პალატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა ის მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებმა გენერატორისათვის საწვავის შესაძენად, რაიმე სახის ხარჯი გაიღეს. ამ მხრივ ყურადსაღები იყო ისიც, რომ მოსარჩელეებმა დამაჯერებლად ისიც კი ვერ განმარტეს, თუ სად იძენდნენ საწვავს და როგორ ახდენდნენ მის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე;

12.2. სააპელაციო პალატამ არასარწმუნოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელე (ნ.დ–ძე), რომლის შემოსავალი მხოლოდ პენსიის სახით მიღებული თანხა - 150 ლარი იყო, ყოველდღიურად, საწვავის შესაძენად 107,52 ლარის გადახდას შეძლებდა. პალატის განმარტებით, წარმოუდგენელი იყო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასაკით პენსიონერი ადამიანის მიერ, ოთხი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, მითითებული მოცულობის ტვირთის ხელით გადატანაც.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. მათ ახალი გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, 2016 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინების, რომლითაც მათ უარი ეთქვათ მოპასუხის 2013 წლის 4 სექტემბრის წერილის საქმეზე მტკიცებულებად დართვაზე, გაუქმება მოითხოვეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასწორად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი;

13.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ, მოპასუხის მხრიდან ელექტროენერგიის უკანონო შეწყვეტის გამო, ისინი დაზარალდნენ. მათ პერსონალური ბენზოგენერატორის გამოყენება დასჭირდათ, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა აქვს და, მისგან ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო, მხოლოდ გენერატორის საშუალებით იყო შესაძლებელი უძრავი ქონების ელ.ენერგიით მომარაგება;

13.3. კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ მათ ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტითაც მიადგათ ზიანი, რადგანაც, ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ქირის სახით იღებდნენ;

13.4. მათი მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელეების მიერ საწვავის შეძენისა და მისი ტრანსპორტირების ფაქტები, ასევე ის გარემოება, თუ სად და რა ვითარებაში ასხამდნენ ისინი საწვავს გენერატორში;

13.5. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები სოციალურად დაუცველი არიან და მათ მიერ ყოველდღიურად 107,52 ლარის ბენზინის შეძენა და ტრანსპორტირება არასარწმუნო იყო იმ პირობებში, როდესაც მათ საკუთრებაში გააჩნიათ ავტომობილი, უძრავი ქონება, რომელიც გაქირავებული აქვთ, ასევე, ძველ ბათუმში, ..... მდებარე სამსართულიანი სახლი. გარდა ამისა, მათთან ერთად ცხოვრობს მათი შვილიც ოჯახთან ერთად, რომელთა ყოველთვიური ხელფასი სულ მცირე 4500 ლარს შეადგენს;

13.6. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებაც, რომ, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნაში არ ასახულა გენერატორის მითითებულ ვადაში ინტენსიურად გამოყენების ფაქტი, ზიანის არსებობაც დაუსაბუთებელი იყო; სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მოპასუხის 2013 წლის 23 იანვრისა და 2013 წლის 30 აპრილის დარიცხვის აქტებზე. მითითებული აქტებით ცალმხრივად დადგინდა, რომ მრიცხველი არასწორად აღრიცხავდა ელექტროენერგიას. დამონტაჟებული სიმძლავრის გათვალისწინებით, მოპასუხემ საშუალო დღიურ ხარჯად 75,39 კვტ დაადგინა და შესაბამისი თანხაც დააკისრა მოსარჩელეებს. ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ არის მიუღებელი სააპელაციო სასამართლოსა და თავად მოპასუხისთვის, ისეთივე წესით (საშუალო დღიური ხარჯის შესაბამისად) ზიანის ოდენობის მოსარჩელეების მიერ განსაზღვრა; კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის დამტკიცება, რადგანაც პალატამ უსაფუძვლოდ უგულებელყო მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდებოდა უძრავი ქონების ელ. მომარაგებისათვის ბენზოგენერატორის გამოყენების ფაქტი;

13.7. მათი აზრით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების მიერ ბენზინის ყოველდღიურად შეძენის ფაქტი არასარწმუნო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ შეძლეს იმ ბენზინგასამართი სადგურის დასახელება, სადაც საწვავს ყიდულობდნენ;

13.8. კასატორების მტკიცებით, სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოსარჩელის აღიარებას, რომლის თანახმად, გენერატორში საწვავს დროდადრო დამქირავებლები ასხამდნენ. კასატორების მოსაზრებით, თუ დამქირავებელი საწვავს გენერატორში მუდმივად ჩაასხამდა, ამით არა ზიანის არსებობა, არამედ, არასათანადო მოსარჩელეობის საკითხი დადგებოდა ეჭვქვეშ. გარდა ამისა, როცა ისინი ვერ ახერხებდნენ დამქირავებლის საწვავით მომარაგებას, დამქირავებელი მართლაც ასხამდა გენერატორში შეზღუდული ოდენობის საწვავს, რომლის ღირებულებასაც მოსარჩელეები შემდგომში უნაზღაურებდნენ მას.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. საქმეზე არ არის დადგენილი მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება. გარდა ამისა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებას შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. რადგანაც გამოვლინდა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

16. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობას სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და ამ მოთხოვნის გამომრიცხველი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა განაპირობებს.

16.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტების ნაწილი, კერძოდ:

ა) მოპასუხე მოსარჩელეებს, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქ. ბათუმში მდებარე საოფისე ფართში ელექტროენერგიას ნაწილ-ნაწილ აწვდიდა; ბ) 2013 წლის 2 მაისს მოპასუხემ, დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეებს ელექტროენერგიის მიწოდება უკანონოდ შეუწყვიტა; გ) მან მოსარჩელეებს ელექტროენერგიის მიწოდება 2013 წლის 23 სექტემბერს, სასამართლო დავის წაგების შემდეგ აღუდგინა; დ) მოსარჩელეებს უძრავი ქონება 2013 წლის 26 აპრილიდან 8 თვით გაქირავებული ჰქონდათ შპს „ტ. და კ–ზე“. ყოველთვიური ქირა 800 ლარს შეადგენდა; ე) ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამქირავებელს ელექტროენერგია მიეწოდებოდა ელექტროგენერატორის მეშვეობით, რომლის საწვავის ხარჯი ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 3,2 ლიტრ ბენზინს შეადგენდა; ვ) ქირავნობის ხელშეკრულება დამქირავებელთან ვადამდე - 2013 წლის 20 სექტემბერს შეწყდა, მაგრამ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა, თუ რა სახის ზიანი მიადგათ მოსარჩელეებს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად.

16.2. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მხრიდან მოხმარებული ელ. ენერგიის გადახდის ვალდებულების დარღვევა მოპასუხეს არ აძლევდა უფლებას, სათანადო წინაპირობების არსებობის გარეშე თვითდახმარების გზით (სსკ-ის 118-ე მუხლი) მხარისათვის ელ. ენერგიის მიწოდება შეეწყვიტა. მას უფლება ჰქონდა, შესრულების (დავალიანების დაფარვის) მოთხოვნით (პირველადი მოთხოვნა) სასამართლოსათვის მიემართა. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია (მართლსაწინააღმდეგო მოქმედება) მოსარჩელეებმა დაამტკიცეს, მათ მიუთითეს დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანსა და მის ოდენობაზეც, რომლის შემდეგაც მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა და სწორედ ამ უკანასკნელს ევალებოდა სსკ-ის 494-ე მუხლისა და 394-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დამტკიცება.

16.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დაამტკიცეს, იმაზე მითითებით, რომ მათ ვერ დაადასტურეს, თუ სად შეიძინეს საწვავი და როდის და რა ვითარებაში ასხამდნენ მას გენერატორში, დაუსაბუთებელია. ამ კუთხით, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა - რ. (მოსარჩელის - ნ.დ–ძის ძმა) და ზ. (მოსარჩელეების მეზობელი) დ–ბის ჩვენებები, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის მთავარ სხდომაზე (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის სხდომის ოქმი, 17:21-17:22 წ.; 17:23-17:25 წ.) დაადასტურეს მოსარჩელეების მხრიდან სადავო პერიოდში ბენზოგენერატორის მოხმარების ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ელექტროგენერატორის საწვავის ხარჯი შეიძლება, გაუთანაბრდეს კომუნალურ გადასახადს, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს დასკვნას, რომ ამ ხარჯის გაღება დამქირავებლის ვალდებულებაში შედიოდა. ამრიგად, ვინაიდან, დადასტურებულია, რომ მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგოდ შეუწყვიტა მოსარჩელეებს სადავო პერიოდში ელექტროენერგია, რა დროსაც უძრავი ქონების ელექტროენერგიით მომარაგება ხორციელდებოდა გენერატორის საშუალებით, რომლის საწვავის ხარჯის გაღებაც დამქირავებლის ვალდებულებას არ წარმოადგენდა, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გენერატორს საწვავით უზრუნველყოფდნენ მოსარჩელეები და ამ პრეზუმფციის უარყოფის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომ გენერატორის საწვავით მომარაგება არა მოსარჩელეებმა, არამედ, სხვა პირებმა განახორციელეს.

16.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ასევე სათანადოდ არ გამოიკვლიეს, თუ რა მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავება ხდებოდა ელექტროგენერატორით ყოველდღიურად სადავო პერიოდში. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, აბონენტის ბარათის (იხ. ს.ფ. 46-48) საფუძველზე, გამოკვლეულ უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოება, თუ საშუალოდ რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარდნენ კასატორები ყოველდღიურად და ამის მიხედვით უნდა დადგინდეს, თუ რა ოდენობის საწვავი დასჭირდებოდა ბენზოგენერატორს მისი სიმძლავრის გათვალისწინებით ამ მოცულობის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, სააპელაციო პალატამ უნდა გაითვალისწინოს, ის გარემოება, რომ არა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, კასატორებს მოუწევდათ მოპასუხისგან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა, რაც უნდა გამოაკლდეს ზიანის ოდენობას (იხ. მოსარჩელეების 2016 წლის 24 ნოემბრის განცხადება, რომლითაც ისინი დაეთანხმნენ მოპასუხის პოზიციას, რომ ელექტრო გენერატორით გამომუშავებულ ელექტროენერგიის ღირებულებას უნდა გამოკლებოდა ზიანის არარსებობის შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება, ს.ფ. 209).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მცდარი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები განაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, მხარეთა შორის სწორად უნდა გაანაწილოს მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), სრულყოფილად გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს როგორც სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები, ისე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

18. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

19. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257. I-ე , 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ.თ–ძის და ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი