Facebook Twitter

№ა-294-შ-5-2018 7 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ლ-ი (ლ-უ)

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ცვლილება შევიდეს მენემენის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებულ დაბადების მოწმობაში და მოსარჩელის - ე. პ-ეს ასული ლ-ის (ლ-უს) სახელი - „ე.“, შეიცვალოს სახელით - „ხ.“.

2. საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ე.-ხ. ლ-ის (ლ-უს, განმცხადებლის) დაბადების მოწმობაში მონაცემების შესწორების, აგრეთვე, ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მოსახლეთა რეესტრის (სადაც განმცხადებელია რეგისტრირებული) ოჯახის სარეგისტრაციო ნომრის (34870) მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით დადგინდა ის ფაქტი, რომ ე.-ხ. ლ-ის (ლ-უს) დაბადების ნამდვილი თარიღია „ათას ცხრაას ოთხმოცდაორი წლის ოცდახუთი დეკემბერი“, რიცხვით: „25-12-1982წ“.

3. ე. ლ-მა (ლ-უმ), წარმომადგენელ რ.რ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა:

4.1. შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლას;

4.2. მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან უფლებამოსილ ადვოკატთან (რომელსაც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული აქვს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით განსახილველ საქმეებზე ადვოკატად გამოსვლის უფლებამოსილება) კანონით დადგენილი წესით შედგენილი რწმუნებულება.

5. 2018 წლის 6 თებერვალს რ.რ-მა საკასაციო სასამართლოში შემოიტანა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ე. ლ-ის შუამდგომლობით განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტების უკან დაბრუნება. მოგვიანებით, სასამართლოს მოხელესთან სატელეფონო კომუნიკაციისას მან მოთხოვნა დააზუსტა, კერძოდ, ითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ ე. ლ-ის შუამდგომლობის განუხილველად დატოვება. აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი შესაბამისი აქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება, მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

9. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე წარმოდგენილია შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მოგვიანებით ამ უკანასკნელმა მოითხოვა აღნიშნული შუამდგომლობის განუხილველად დატოვება. როგორც აღინიშნა, დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის განიხილოს განცხადება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ლ-ის (ლ-უს) შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ე.გასიტაშვილი

ბ.ალავიძე