Facebook Twitter

№ა-3273-შ-84-2017 1 თებერვალი, 2018 წელი, ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „შ-ის კ-ის პ-ის ქ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ დ ჯ-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – მოპასუხისათვის 70 475.76 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უკრაინის ჩერკასკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის ჩერკასკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით: შპს „შ-ის კ-ის პ-ის ქ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელის ან შუამდგომლობის ავტორის) სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; შპს „ზ დ ჯ-ს“ (სარეგისტრაციო ნომერი - ---, ადგილსამყოფელი - საქართველო, ქ.თ., წ-ის ქუჩა ---, შემდეგში მოპასუხეს) შპს „შ-ის კ-ის პ-ის ქ-ის“ (ადგილსამყოფელი - ---, უ., ჩ-ის ოლქი, ქ.შ-ა, ლ-ის ქუჩა) სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების სახით 70 475.76 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის 70 475.76 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

4. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, ორჯერ გაეგზავნა მოპასუხეს მის იურიდიულ მისამართზე: თ., ყ-ის ქ.#107, თუმცა ადრესატს იგი ვერც ერთხელ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ მისამართზე ხსენებული შპს-ს მოძიება ვერ მოხერხდა; ამასთან, დასახელებულ მისამართზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლების განმარტებით, ისინი შპს-ს დირექტორ გ.კ-ეს არ იცნობენ, ეს უკანასკნელი იქ არ ცხოვრობს. საბოლოოდ, სასამართლო გზავნილი გაიგზავნა საქმის მასალებში მითითებულ, შპს-ს დირექტორის, გ.კ-ის საცხოვრებელ მისამართზე - თ., ლ-ის შესახვევი ---, სადაც იგი ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, შვილს - ნ.კ-ეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის საფუძველზე, აღნიშნული მიიჩნევა ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებად.

5. მოპასუხეს საკასაციო სასამართლოში რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმეზე დადგენილია, რომ უკრაინის ჩერკასკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით: შუამდგომლობის ავტორის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხეს (სარეგისტრაციო ნომერი - ---, ადგილსამყოფელი - საქართველო, ქ.თ., წ-ის ქუჩა ---) მოსარჩელის (ადგილსამყოფელი - ---, უ., ჩ-ის ოლქი, ქ.შ-ა, ლ-ის ქუჩა) სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების სახით 70 475.76 აშშ დოლარის გადახდა.

8. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან, მოპასუხე მხარე, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

10. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

11. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „შ-ის კ-ის პ-ის ქ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ჩერკასკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ზ დ ჯ-ს“ (სარეგისტრაციო ნომერი - ---, ადგილსამყოფელი - საქართველო, ქ.თ., წ-ის ქუჩა ---, შემდეგში მოპასუხეს) შპს „შ-ის კ-ის პ-ის ქ-ის“ (ადგილსამყოფელი - ---, უ., ჩ-ის ოლქი, ქ.შ-ა, ლ-ის ქუჩა) სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების სახით 70 475.76 აშშ დოლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე