Facebook Twitter

საქმე №ას-1450-1370-2017 6 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. კ-ე, ნ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ვ. მ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ჯ. ხ-სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) და ვ. ი-ას შორის 2004 წლის 20 აგვისტოს დადებული, ქ. რ-ი, დ-ის ქ. # ...-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ ... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება ან საცხოვრებელი ბინა) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას მოითხოვდა, დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

2. 2017 წლის 8 მაისს ვ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი განმცხადებელი) და ნ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე განმცხადებელი) კ-ეებმა (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც განმცხადებლები ან კერძო საჩივრის ავტორები) განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეეხო მათ ინტერესებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ყოფილან მიწვეული სასამართლო განხილვაზე. ისინი 2007 წლის სექტემბრიდან ვ. ი-ასგან შეძენილ სადავო ბინაში ცხოვრობენ, თუმცა მათ, ვ. ი-ას გარდაცვალების გამო, სადავო ქონების გადაფორმება ვერ მოახერხეს. განმცხადებლების მითითებით, მოსარჩელემ იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონება მას არ ეკუთვნოდა და, მიუხედავად ამისა, მათი გვერდის ავლით, მაინც დაიწყო სასამართლო დავა და ისინი, როგორც დაინტერესებული პირები, არ ჩართო სასამართლო პროცესში. მათი მტკიცებით, 2007 წლიდან ნამდვილად ცხოვრობენ სადავო ბინაში, რასაც კომუნალური გადასახადის ქვითრები და სადავო მისამართზე მათ სახელზე გაგზავნილი წერილებიც ადასტურებდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, განცხადება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლებს არ წარუდგენიათ ვ. ი-ასაგან უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან, მათ სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინეს მხოლოდ წყლის გადასახადის დამადასტურებელი სამი (2011, 2012 და 2013 წლების) ქვითარი, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2007 წლისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის 2008 წლის წერილები, სადაც პირველი განმცხადებლის საცხოვრებელ მისამართად მითითებული იყო სადავო ქონების მისამართი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებლები ვერ მიიჩნეოდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირებად, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უშუალოდ მათ ინტერესებთან კავშირი არ იკვეთებოდა. პალატის დასკვნებით, განმცხადებლების მხრიდან სადავო ქონების სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფაქტობრივი ფლობა, არ ადგენდა მათ კანონიერ უფლებასა და ინტერესს აღნიშნულ ბინაზე. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ განმცხადებლებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომელიც უძრავ ქონებასთან განმცხადებლების სამართლებრივ კავშირს დაადასტურებდა, შესაბამისად, რადგანაც, არ იკვეთებოდა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლებიც.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს განმცხადებლებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განცხადების ხელახლა განხილვის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ განმცხადებლებს არ წარუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომელიც სადავო ქონებაზე მათ სამართლებრივ კავშირს დაადასტურებდა. ყურადსაღებია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, განმცხადებლებისთვის წინასწარ არ უნდა მოეთხოვა იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც ცალსახად დაადასტურებდა განმცხადებლების საკუთრების უფლებას, ამ კუთხით, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აღნიშნული არსებითი განხილვის დროს უნდა მომხდარიყო, კერძოდ კი, განმცხადებლები მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს შესაგებლის ფარგლებში წარადგენდნენ და სწორედ მაშინ შეეცდებოდნენ მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცებას;

4.2. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, განსახილველ დავაზე პირველმა ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. ამდენად, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ სააპელაციო ინსტანციაში, სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდა და სწორედ ამ პროცესუალური ინსტიტუტის (დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების) გამოყენებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიც. ამდენად, ცხადია, რომ განმცხადებლებს არც საკუთარი ინტერესების იმავე პირობებში დაცვისა და არც მტკიცებულებების წარდგენის საშუალება მიეცათ;

4.3. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რომ განმცხადებლები, განსახილველ შემთხვევაში, ნამდვილად წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი 2007 წლიდან სადავო სახლში კანონიერად ცხოვრობენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მათ გააჩნიათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მათ არ წაერთვათ საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგანაც განმცხადებლების მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით ითხოვენ, რომ ისინი არ იყვნენ მიწვეული საქმის განხილვაზე, იმ პირობებში, როდესაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლახავს მათ კანონიერ ინტერესებს, კერძოდ, მათ სადავო უძრავი ქონება ვ. ი-ასგან 2007 წლის სექტემბერში შეიძინეს და მას შემდეგ მითითებულ სადავო ბინაში ცხოვრობენ.

8. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

9. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონტექსტში დაინტერესებულია პირი, რომლის უფლებრივ მდგომარეობასა ან/და ინტერესებზე ზეგავლენას ახდენს საქმის განხილვის შედეგი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის კანონიერ ინტერესსაც მართლმსაჯულების აქტი შეეხება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები (წყლის გადასახადის 2011, 2012 და 2013 წლების ქვითრები, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2007 წლისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის 2008 წლის წერილები) არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უშუალო შემხებლობაშია კერძო საჩივრის ავტორების უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ მათ ინტერესებთან. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება განმცხადებლების მხრიდან სადავო ბინის შეძენის ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, სწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კერძო საჩივრის ავტორები, განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირებს არ წარმოადგენენ.

11. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ის და ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი