Facebook Twitter

№ ას-552-527-2016 6 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ხ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს---" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების მოწვევისა და 2013 წლის დივიდენდების განაწილების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. ხ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „მოპასუხე საწარმო“) და მისი დირექტორის - ც. მ-ის (შემდგომში - „მოპასუხე კომპანიის დირექტორი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 მაისის №5 პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობა;

1.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის პარტნიორთა კრების მოწვევისა და 2013 წლის დივიდენდის განაწილების დავალდებულება.

2. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2.1. მოსარჩელის წილი მოპასუხე კომპანიაში შეადგენს 25%-ს;

2.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორი არის კომპანიის 75%-იანი წილის მესაკუთრე.

2.3. 2014 წლის 30 მაისის პარტნიორთა კრებაზე განიხილეს მოპასუხე კომპანიის 2013 წლის წლიური შედეგები და დივიდენდების განაწილების საკითხი. დადგინდა, რომ საწარმოს 2013 წლის გასანაწილებელი მოგება შეადგენდა 32324 ლარს, მაგრამ არასწორი აღრიცხვიანობის გამო საწარმოს დაერიცხა დამატებით 20270 ლარი და სანქცია-საურავი 15000 ლარი, რაც 2013 წელს საწარმოს წაგებაზე მიუთითებდა. თუმცა, მოსარჩელისთვის არ წარუდგენიათ რაიმე საბუთი, რაც დაადასტურებდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრების ფაქტს, რის გამოც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ბათილია პარტნიორთა კრების ოქმიც. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორს უნდა დაევალოს დივიდენდის განაწილება.

2.4. მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ მას არ ეძლევა საშუალება, გაეცნოს საწარმოს საქმიანობასა და ბუღალტრულ დოკუმენტებს.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2013 წლის მოგება არ განაწილებულა იმის გამო, რომ ყველა საფინანსო დოკუმენტი, მოსარჩელის საჩივრების საფუძველზე, გადაგზავნილია ფინანსურ პოლიციაში, რაც ხელს უშლის კომპანიის საქმიანობას. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროექტი შესამოწმებელია. პარტნიორთა კრება დივიდენდების განაწილების შესახებ არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება მანამ, სანამ სახელმწიფო აუდიტის მიერ არ განხორციელდება საბოლოო ბუღალტრული ექსპერტიზა.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი №5; მოსარჩელის სარჩელი პარტნიორთა კრების მოწვევისა და 2013 წლის დივიდენდის განაწილების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის პარტნიორთა კრების მოწვევისა და 2013 წლის დივიდენდის განაწილების დავალდებულების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს საწარმოს ყოველი პარტნიორის მიერ პარტნიორთა კრების მოწვევის წესს და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ესარგებლა კანონით დადგენილი პროცედურით.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება 2013 წლის დივიდენდის განაწილების დავალდებულებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე კომპანიას დაევალა მოსარჩელეზე 2013 წლის დივიდენდის სახით 8081 ლარის გაცემა.

8. სააპელაციო პალატამ მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 მაისის №5 პარტნიორთა კრების ოქმით დაადგინა, რომ 2013 წელს საწარმოს წმინდა მოგებამ შეადგინა 37 198 ლარი, ხარჯები, რომელიც არ გამოიქვითა, 4 874 ლარი იყო, ხოლო საფინანსო მოგება - 32 324 ლარი.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელის წილი შეადგენს 25%-ს.

10. სააპელაციო პალატამ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და 46-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია მოგების მიღება; პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, არის სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღება დივიდენდის სახით. სხვა სიტყვებით, საწარმოს მიერ მიღებული მოგების შესაბამის წილზე პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს ეფუძნებოდა და განმარტა, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებულია პარტნიორთა კრების უფლება და შესაძლებლობა, გაანაწილოს დივიდენდი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონი არ შეიცავს მოთხოვნას, რომ დივიდენდი აუცილებლად უნდა განაწილდეს მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის ასეთი განმარტება უსამართლო და არაპროპორციულად შემზღუდველი იქნებოდა ამ სიტუაციაში, როდესაც ცალსახა იყო, რომ საწარმოს დომინანტი (75% წილის მესაკუთრე) პარტნიორი, კანონით გაუთვალისწინებელ საფუძველზე (საწარმოში 2013 წელს მოგება არ დადგინდა, რადგან საწარმოში მიმდინარეობდა აუდიტორული შემოწმება, შესაბამისად, არ მომხდარა მისი განაწილებაც) მითითებით, არ იღებდა გადაწყვეტილებას 2013 წელს საწარმოს მიერ მიღებული მოგების დივიდენდების სახით განაწილების თაობაზე, რითაც უკანონოდ იზღუდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება საწარმოს მიერ მიღებული მოგების 25%-ზე (რაც შეადგენდა სწორედ 32324 ლარს, 25%-ი კი 8081 ლარი იყო).

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე კომპანიამ და მისმა დირექტორმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე კომპანიისა და მისი დირექტორის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 91 მუხლის პირველ, მე-2, მე-5, მე-6 და მე-10 პუნქტებზე და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კრების მოწვევის უფლებამოსილებით არ უსარგებლია, არ განუსაზღვრავს დღის წესრიგი, არ გაუგზავნია იგი პარტნიორებისათვის. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების თაობაზე ანუ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო საწარმოს შიდა-სამეურნეო საქმიანობაში.

16. დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, განმარტა, რომ კანონი არ შეიცავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის გაცემა-არგაცემის ან დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელ ნორმებს და მათი მოწესრიგების შესაძლებლობას ითვალისწინებს კომპანიის წესდებით.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული წესდების მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანო არის პარტნიორთა კრება (6.1. მუხლი), რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მათ შორის წლიური შედეგების დამტკიცებისა და შედეგების გამოყენებაზე (6.7.7. მუხლი), ხოლო მე-8 მუხლით დივიდენდი ნაწილდება შესაბამისად, ყოველი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით (8.2. მუხლი).

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორც კანონის, ისე საწარმოს წესდების შესაბამისად, დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციას წარმოადგენდა და მასზე გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ მიიღებდა.

19. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საჩივრების საფუძველზე მიმდინარეობდა საზოგადოების შემოწმება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვეოდა, მიიღო თუ არა საზოგადოებამ გასანაწილებელი მოგება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და უნდა დარჩენილიყო უცვლელად.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შემცირებული და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის პარტნიორთა კრების მოწვევის დავალდებულება შემდეგი დღის წესრიგით: 2013 წლის წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება და მოგების არსებობის შემთხვევაში, მისი დივიდენდების სახით პარტნიორებს შორის განაწილება-არგანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

22. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

22.1. კასატორის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის სხდომაზე შეამცირა და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დაზუსტებულ მოთხოვნაზე. კერძოდ, მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორს უნდა დავალებოდა პარტნიორთა კრების მოწვევა დივიდენდთან დაკავშირებით, თუმცა არ მოუთხოვია, რომ სასამართლოს პირდაპირ დაევალდებულებინა დირექტორი დივიდენდის აუცილებლად განაწილების თაობაზე, როგორც ეს თავდაპირველად ჰქონდა მოთხოვნილი, არამედ მოსაწვევ სხდომაზე უნდა ემსჯელათ, დარჩა თუ არა საწარმოს რეალურად მოგება და, თუ დადგინდებოდა მოგების არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავდნენ დივიდენდის განაწილების საკითხს;

22.2. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ საკითხზე, თუ რატომ უნდა მოეწვია კასატორს აუცილებლად კრება და რატომ არ შეიძლებოდა კრების მოწვევის საზოგადოების დირექტორისათვის დავალდებულება, მაშინ როდესაც დივიდენდების განაწილების საკითხი უშუალოდ დაკავშირებულია წლიური ანგარიშის შედგენასა და მოგება-არმოგების დადგენასთან, ხოლო წლიური ანგარიშის შედგენა უშუალოდ დირექტორის ვალდებულებას წარმოადგენს. თუ დირექტორმა არ შეადგინა წლიური ანგარიში, ანგარიშის განხილვა-დამტკიცებაზე კრების მოწვევას აზრი ეკარგება. დირექტორს კი არ შეუსრულებია ვალდებულება და არ შეუდგენია 2013 წლის ანგარიში. ხოლო, თუ სასამართლო დაავალებს დირექტორს ამ საკითხზე კრების მოწვევას, მაშინ იგი იძულებული გახდება, რომ წლიური ანგარიში შეადგინოს. კასატორის განმარტებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორს 2013 წლის წლიური ანგარიში უნდა გაემზადებინა 2014 წლის 1 აპრილს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დაწყებული საგადასახადო შემოწმება დასრულდა 2014 წლის 27 აგვისტოს და საზოგადოებას 2014 წლის 1 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნით დამატებით გადასახდელად, ჯარიმა-საურავიანად, სულ დაერიცხა 23903 ლარი, მოპასუხე კომპანიის დირექტორს მაინც არ შეუდგენია 2013 წლის წლიური ანგარიში.

22.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და საერთოდ არ იმსჯელა იმ მითითებებზე, რომლებიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მისცა მას, კერძოდ, არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

26. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომელიც შეეხება მოპასუხე საწარმოს პარტნიორთა შორის წლიური მოგების დივიდენდის სახით განაწილების საკითხს.

27. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განიხილავს კასატორის იმ პრეტენზიას, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაზე.

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ 2016 წლის 19 აპრილის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის პარტნიორთა კრების მოწვევის დავალდებულება შემდეგი დღის წესრიგით: 2013 წლის წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება და მოგების არსებობის შემთხვევაში, მისი დივიდენდების სახით პარტნიორებს შორის განაწილება-არგანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის სხდომის ოქმი, 12:36:25).

29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს კრების მოწვევის უფლებამოსილებით არ უსარგებლია, არ განუსაზღვრავს დღის წესრიგი, არ გაუგზავნია იგი პარტნიორებისათვის და, გამომდინარე აქედან, სასამართლოს არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება მოპასუხე კომპანიაში პარტნიორთა კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების თაობაზე ანუ სასამართლოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საწარმოს შიდა-სამეურნეო საქმიანობაში.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა ფაქტობრივად არ პასუხობს დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას, რადგან, როგორც მოცემული განჩინების 28-ე პუნქტშია მითითებული, მოსარჩელე საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ მოითხოვდა 2013 წლის მოგების აუცილებლად განაწილებას, არამედ მის მოთხოვნას შეადგენდა 2013 წლის წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება და მხოლოდ მოგების არსებობის შემთხვევაში, მისი დივიდენდების სახით პარტნიორებს შორის განაწილება-არგანაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დაზუსტებისას დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 381-ე მუხლების მოთხოვნები, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მოსარჩელეს არ შეუცვლია დავის საგანი და არც დავის საგნის გადიდებას აქვს ადგილი.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

33. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით.

34. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება 2013 წლის წლიური მოგების დივიდენდების სახით განაწილების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება (სუსგ №ას-1328-1170-2010, 2011 წლის 6 ივნისი).

36. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის განაწილების საკითხს არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საწარმოს წლიური მოგების დივიდენდების სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც გულისხმობს დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოში წლიური მოგების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მოგების დივიდენდების სახით განაწილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზანს სწორედ მოგების მიღება წარმოადგენს და პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოგების არსებობის შემთხვევაში მიიღებენ დივიდენდებს, პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღებას უნდა ჰქონდეს ასევე ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და სწორედ აღნიშნული მიზანი უნდა ამართლებდეს პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების - მოგების მიღების უფლების შეზღუდვას.

39. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციის (განაწილდეს თუ არა მოგება) ფარგლებში შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს, კერძოდ, მოსარჩელე პარტნიორი სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან პირადი დაინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-378-359-2015, 2015 წლის 21 დეკემბერი; №ას-457-436-2015, 2016 წლის 6 ივნისი).

40. მოპასუხე კომპანია შესაგებელში უთითებს, რომ პარტნიორთა კრებაზე დივიდენდები არ განაწილებულა, რადგან ყველა საფინანსო დოკუმენტი, მოსარჩელის საჩივრების საფუძველზე, გადაგზავნილია ფინანსურ პოლიციაში, რაც ხელს უშლის კომპანიის საქმიანობას.

41. მოპასუხის ზემოაღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

42. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ეკისრება სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადასწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საფინანსო დოკუმენტების ფინანსურ პოლიციაში გადაგზავნა წარმოადგენს პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ხელის შემშლელ ფაქტორს. საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --- სამმართველოს უფროსი გამომძიებლის - დ. ჭ-ს მიერ 2013 წლის 19 სექტემბერს გაცემული №-- წერილი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს მიერ მოპასუხე საწარმოდან ამოღებულ საბუღალტრო დოკუმენტებზე მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, ხოლო იმ კითხვასთან დაკავშირებით - შეუძლია თუ არა საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დასრულებამდე შეაფერხოს მოპასუხე კომპანიაში დივიდენდების განაწილება, განმარტებულია, რომ ასეთი უფლებამოსილება საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --- სამმართველოს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ შეუზღუდავს. პარტნიორებს შორის დივიდენდების განაწილება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 45).

44. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 მაისის №5 პარტნიორთა კრების ოქმზე, რომლის თანახმად, 2013 წლის წლიური ანგარიშისა და დივიდენდის განაწილების საკითხის განხილვისას საწარმოს ბუღალტერმა კრებას მოახსენა, რომ კომპანიის მიერ მიღებულმა საგადასახადო მოგებამ შეადგინა 43762 ლარი, წმინდა მოგებამ - 37198 ლარი, ხოლო საფინანსო მოგებამ - 32 324 ლარი. მისი განმარტებით, საგადასახადო შემოწმების პროექტით საწარმოს ერიცხება 20270 ლარი საურავების გარეშე, ხოლო საურავების რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 15000 ლარს; საგადასახადო შემოწმების პროექტი გასაჩივრებულია, განხილვა ჯერ არ დასრულებულა და უცნობია, თუ რა შედეგით დამთავრდება იგი (იხ. ტ.1. ს.ფ. 23).

45. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ კრების ოქმთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 მაისის №5 პარტნიორთა კრების ოქმი ბათილად ცნო და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

46. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათილად ცნობილ კრების ოქმში საწარმოს ბუღალტრის განმარტება კრების ჩატარების პერიოდისთვის საგადასახადო დავალიანების არსებობის თაობაზე საქმის მასალებით არ დასტურდება.

47. საქმეში არსებობს 2014 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №38763 ბრძანება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 27 აგვისტოს კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, მოპასუხე საწარმოს, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 16221 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 10800 ლარი, ჯარიმა - 5421 ლარი (იხ.ტ.1. ს.ფ. 189).

48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებით ვერ დასტურდება პარტნიორთა კრების ჩატარებისას ანუ 2014 წლის 30 მაისისთვის საწარმოზე საგადასახადო დავალიანების დარიცხვის ფაქტი.

49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები (სუსგ №ას-1063-1018-2014, 2015 წლის 8 აპრილი). სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ამოწმებს თავად კრების გადაწყვეტილებას შინაარსობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს სამეწარმეო ურთიერთობის სფეროს მიკუთვნებული სუბიექტების ქმედების მართლზომიერება (სუსგ №ას-1101-1037-2015, 2016 წლის 27 სექტემბერი).

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრების მიერ 2013 წლის წლიური მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღება მიუთითებს პარტნიორთა კრების უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დაადასტურებდა მის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებებს, მოპასუხე მხარემ მოსარჩელის კვალიფიციური სარჩელის საპირისპიროდ ვერ მიუთითა პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღების ლეგიტიმურ სამეწარმეო მიზანზე, რითაც უსაფუძვლოდ შეზღუდა პარტნიორის ქონებრივი უფლება დივიდენდის მიღებაზე.

51. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს, როგორც პარტნიორს, არ უსარგებლია კრების მოწვევის უფლებამოსილებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოპასუხე კომპანიის წესდების 8.1. და 8.2. პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საზოგადოების წლიურ ანგარიშს ადგენს გენერალური დირექტორი სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 (სამი) თვის ვადაში. დივიდენდი ნაწილდება შესაბამისად, ყოველი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით. ამავე წესდების 6.7. და 6.7.7. პუნქტების თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს წლიური შედეგების დამტკიცებისა და შედეგების გამოყენების თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 102, 103).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე კომპანიის წესდების თანახმად, დირექტორის ვალდებულებას წარმოადგენს საზოგადოების წლიური ანგარიშის შედგენა, ამასთან - სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის ვადაში. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის დირექტორს წლიური ანგარიში უნდა შეედგინა 2014 წლის მარტის თვის ბოლომდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დირექტორს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.

53. იმის გათვალისწინებით, რომ დივიდენდი ნაწილდება სწორედ სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით, მითითება იმის თაობაზე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით თავად პარტნიორია უფლებამოსილი მოიწვიოს კრება, არ არის მართებული და საკმარისი, რადგან დირექტორის მიერ 2013 წლის ანგარიშის შედგენის გარეშე პარტნიორის მიერ კრების მოწვევა არ იქნება შედეგის მომცემი და მისი უფლება დივიდენდის მიღებაზე ვერ იქნება რეალიზებული.

54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე კომპანიის დირექტორს დაევალოს პარტნიორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 2013 წლის წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება და მოგების არსებობის შემთხვევაში მისი დივიდენდების სახით პარტნიორებს შორის განაწილება-არგანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (2014 წლის 1 სექტემბრის #--- საგადასახადო მოთხოვნა; შპს „ს-ს“ მიერ 2016 წლის 3 მაისს გაცემული ცნობა 2012-2015 წლებში შპს „ს-ს“ შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესახებ) მთლიანობაში „05“ ფურცლად (ტომი 3, ს.ფ. 52-56).

57. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

58. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 970,74 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ს-ს“ დირექტორს დაევალოს პარტნიორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 2013 წლის წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება და მოგების არსებობის შემთხვევაში მისი დივიდენდების სახით პარტნიორებს შორის განაწილება-არგანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

5. შპს „ს-ს“ (ს/კ: ---) დ. ხ-ის (პ/ნ: ---) სასარგებლოდ დაეკისროს დ. ხ-ის მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 970.74 ლარის გადახდა;

6. კასატორ დ. ხ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2014 წლის 1 სექტემბრის #--- საგადასახადო მოთხოვნა; შპს „ს-ს“ მიერ 2016 წლის 3 მაისს გაცემული ცნობა 2012-2015 წლებში შპს „ს-ს“ შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესახებ), მთლიანობაში „05“ ფურცლად (ტომი 3, ს.ფ. 52-56);

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე