Facebook Twitter

№ ას-1036-956-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. ჯ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. კ-ისა (შემდგომში „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და გ. გ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

5.1. 2017 წლის 18 მაისს 15:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ინფორმირებული იყვნენ მხარეები;

5.2. 2017 წლის 17 მაისს აპელანტ ვ. კ-ის წარმომადგენელმა სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ვინაიდან 2017 წლის 18 მაისს წარმომადგენლის სახით მონაწილეობას იღებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ვერ გამოცხადდებოდა სააპელაციო სასამართლოში;

5.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 18 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი, აპელანტმა სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სასამართლოს, რომ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე;

5.4. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 215-216-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს პროცესზე გამოუცხადებლობის ან გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინების წარდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის შეუძლებლობა, ანუ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა ვერ დაადატურეს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, ხოლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. კ-ის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოს სხდომამდე იგი არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე იმავე დღეს სხვა სასამართლოში დანიშნული სხდომის გამო, ხოლო 2017 წლის 17 მაისს განცხადებაც წარადგინა აღნიშნულის თაობაზე. შესაბამისად, აპელანტს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო სხდომა გადაიდებოდა სხვა დროისთვის მისი პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. მითუმეტეს, როდესაც არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხარის მხოლოდ ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზეც აკმაყოფილებს ამგვარ მოთხოვნას, თუმცა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არარსწორად მიიჩნია არასაპატიოდ მხარის გამოუცხადებლობა და სააპელაციო საჩივარი ამ მოტივით დატოვა განუხილველი.

10. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება სხდომათა ჩანიშვნის რიგითობის პრინციპს, რის მიხედვითაც ამ მოტივით სხდომის გადადების მოთხოვნა სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უნდა მიეჩნია. აღნიშნულის დასტურად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მის მიერ საჩივარზე დართულ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის სხდომის ოქმის ამონაწერზე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ოქმით დასტურდება სასამართლო სხდომის 2017 წლის 18 მაისს გადადების ფაქტი, რის გამოც იგი ვერ გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმავე დღეს დანიშნულ პროცსზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 18 მაისს 15:30 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აპელანტ ვ. კ-ეს პირადად ჩაბარდა სასამართლო უწყება, რომლითაც განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე (იხ.ს.ფ. 98).

19. კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომის დღეს იგი წარმომადგენლის სახით იყო დაბარებული ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, რის გამოც ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. ხოლო აღნიშნულის თაობაზე წერილობითი შუამდგომლობით დანიშნული პროცესის წინა დღეს მიმართა სასამართლოს.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის, აპელანტის წარმომადგენლის მიერ პროცესის წინა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მართლაც იქნა წარდგენილი განცხადება-შუამდგომლობა 2017 წლის 18 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე, თუმცა განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოების - სხვა სასამართლოში იმავე დღეს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის მონაწილეობის - დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დადასტურებულად და, შესაბამისად, საპატიოდ მიეჩნია პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა განცხადებაში მითითებული გარემოების გამო.

22. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიღებს და ვერ შეაფასებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართულ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის ამონაწერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 148-149), რომელზე მითითებითაც საჩივრის ავტორი აპელირებს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება მას სააპელაციო სასამართლოში სხდომის გადადების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებისთვის არ დაურთავს და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ მტკიცებულებაზე.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის დადასტურება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე