№ ას-1283-1203-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ყ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ც-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი. ყ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ც-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, რომლებიც პროცესის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობა პროცესის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე და ვინაიდან აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციოო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ყ–მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
7. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, 2017 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება ჩაიბარა მისმა ყოფილმა ადვოკატმა, ქ. ტ-ემ, რომელსაც ამ დროისათვის უფლებამოსილება გაუქმებული ჰქონდა და ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში. ამასთან, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც თავად შეძლო პროცესზე გამოცხადება. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, აგვისტოს თვეში მის შვილს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი, რის გამოც მკურნალობდა თურქეთში, მართალია, ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და აქ აგრძელებენ მკურნალობას, თუმცა მის გარდა ბავშვს არავინ ჰყავს, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს შეატყობინა წერილობით, თუმცა მან უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მხარის მოთხოვნა პროცესის სხვა დროისთვის გადადების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ყ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
11. გასაჩივრებული განჩინებით ი. ყ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის ორი საფუძვლით: 1) მისი განცხადებით, 2017 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - მის ყოფილ ადვოკატს, რომელთანაც ამ დროისათვის გაუქმებული ჰქონდა მინდობილობა; 2) მან პროცესის წინა დღეს სასამართლოში წარადგინა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს განიხილავს და შეამოწმებს ცალ-ცალკე მის მიერ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.
17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 20 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის დროს აპელანტის მიერ ქ. ტ-ეზე გაცემული მინდობილობა გაუქმებული იყო. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ი. ყ–ის მიერ 2016 წლის 29 იანვარს ქ. ტ-ეზე უვადოდ გაცემულ რწმუნებულებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 79) და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია ზემოაღნიშნული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს ემსჯელა აპელანტის წარმომადგენლის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 20 სექტემბრისათვის (სასამართლო სხდომის დღეს) აპელანტის ინტერესებს იცავდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ქ. ტ-ე.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 71-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა ქ. ტ-ემ და სააპელაციო სასამართლომ დანიშნული სხდომის უწყება გაუგზავნა სწორედ მას, სააპელაციო საჩივარში მითითებული სამუშაო ადგილის მისამართზე - თბილისი, ქ. #--- (იხ. ტ. 1, ს.ფ. 87-95; ტ. 2, ს.ფ. 20). დადგენილია, რომ გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, მენეჯერმა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 23). შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ქ. ტ-ისათვის აპელანტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის უწყების მხარისათვის გაგზავნა და ჩაბარება მოხდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.
20. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ აპელანტმა სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოში წარადგინა პროცესის წინა დღეს, 2017 წლის 19 ივნისს, შესაბამისად, იგი ინფორმირებული იყო აღნიშნული სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე.
21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ უარის თქმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია აპელანტის წარმომადგენლის მიერ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი, აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის მიზეზების კვლევას საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. თუმცა მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატამ მაინც შეისწავლა და შეაფასა საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუმადგომლობა თანდართული დოკუმენტებით და მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული შუამდგომლობა ადასტურებს დანიშნულ დროს აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.
22. კერძოდ, როგორც 2017 წლის 19 ივნისის განცხადებით ირკვევა, აპელანტი სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადებას მოითხოვს შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რის დასტურადაც განცხადებას ურთავს შვილის დაბადების მოწმობის ასლს და სტამბულის ამერიკული საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს გაცემული ცნობის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს, რომლის შესაბამისად, 2017 წლის 5 აგვისტოს რ. ც-ემ (ი. ყ–ის შვილი) მიმართა საავადმყოფოს სიცხის, ხველისა და დისკომფორტის გამო, პირველადი შემოწმების საფუძველზე დუდგინდა სასუნთქი სისტემის ინფექცია და გადაყვანილ იქნა სტამბულის ამერიკულ საავადმყოფოში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 24-28).
23. ამრიგად, აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ აპელანტის შვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მკურნალობა თურქეთში ჩაუტარდა 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე. შესაბამისად, არ დგინდება 2017 წლის 20 სექტემბრისთვის (სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის დროისათვის) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესების ფაქტი, რაც შეუძლებელს გახდიდა სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოცხადებას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე