№ ას-1175-1095-2017 13 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. ქ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 ივლისს, 16:00 საათზე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებულნი იყვნენ სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე - კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა სასამართლო უწყება, თუმცა მათ პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებიათ. ამასთან, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-242-ე, 387-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ქ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 20 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. იგი მიუთითებს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო (კერძოდ, ჰქონდა ასთმური შეტევა) დანიშნულ დროს ვერ შეძლო სასამართლოში მისვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
12. გასაჩივრებული განჩინებით ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 20 ივლისს 16:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს, დ. ა-ეს (რომელიც რწმუნებულის უფლებამოსილებას ახორციელებდა მის სახელზე ზ. ქ-ის მიერ 2018 წლის 21 აპრილამდე გაცემული მინდობილობის საფუძველზე - იხ. ტ. 1, ს.ფ. 93) ჩაბარდა სასამართლო უწყება, რომლითაც განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 82).
17. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომის დღეს მას ჰქონდა ასთმური შეტევა, რის გამოც ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
19. პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომის დღეს იმგვარად იქნა გაუარესებული, რომ მან ვერ მოახერხა პროცესზე მისვლა. მითითება აღნიშნულ გარემოებაზე დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული საპატიო მიზეზის არსებობას ან/და აღნიშნული მიზეზის თაობაზე სასამართლოს დროული ინფორმირების შეუძლებლობას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი