3გ-ად-52-კს-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა და განჩინებაში დაშვებული გრამატიკული შეცდომების გასწორება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 აპრილს ინდივიდუალური საწარმო სამეცნიერო-კვლევითი ფირმა “ბ.-ის” ხელმძღვანელმა ზ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოპასუხეებზე _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოსა და სააქციო საზოგადოება “ს.-ზე” 1994წ. 10 ოქტომბრიდან 2002წ. 15 აპრილამდე სამეცნიერო კვლებითი ფირმა “ბ.-ის” სასარგებლოდ გამოგონების დანერგვის საფასურის 21285 ა.შ.შ. დოლარის, საავტორო ზედამხედველობის შრომის საფასურის 27957 აშშ. დოლარის, საავტორო ჯილდოს 3190 ა.შ.შ. დოლარის და ჯარიმის სახით 83897 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველომ სარჩელი არ ცნო და მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
2002წ. 24 ივნისს მოპასუხე სს “ს”-ს დირექტორმა დ. ჟ.-მ განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და ინდივიდუალურ საწარმო “სამეცნიერო კვლევითი ფირმა ბ.-ის”, მდებარე ქ. ქუთაისი, ...-ის ქუჩა ¹28-ში რიცხულ უძრავ ქონებაზე, აღნიშნული ფირმის საბანკო ანგარიშზე ¹5609650 და ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹28-ში მდებარე ზ. ბ.-ის უძრავი ქონების წილზე ყადაღის დადება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 24 ივნისის განჩინებით სს “ს.-ს” დირექტორს _ დ. ჟ.-ს სარჩელის უზრუნველყოფაზე უარი უთხრა.
2002წ. 25 ივნისს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე სს “ს.-ს” დირექტორმა დ. ჟ.-მ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც მოსარჩელე ზ. ბ.-ისაგან მორალური ზიანის სახით 10000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 ივნისის განჩინებით მოპასუხე სს “ს.-ს” გენერალურ დირექტორს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ინდივიდუალური საწარმოს “სამეცნიერო კვლევითი ფირმა ბ.-ს” ხელმძღვანელმა ზ. ბ.-მ კერძო საჩივარი წარადგინა სასამართლოში და მიუთითა, რომ 2002წ. 25 ივნისს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში დაშვებული იყო შემდეგი შეცდომები: არასწორადაა ნახსენები “ინდივიდუალური საწარმო სამეცნიერო კვლევითი ფირმა ბ.-ა” და მის ადგილს უნდა იკავებდეს “სამეცნიერო კვლევითი ფირმა ბ.-ა”, ასევე განჩინებაში მოყვანილი სს “ს” უნდა შეცვლილიყო სიტყვებით: “წ.-ს ... საზოგადოება “ს.-ო”.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ განჩინება სსკ-ს ნორმათა დარღვევით იქნა გამოტანილი. კერძოდ, არასწორად იყო გამოყენებული სსკ-ს 187-ე, 284-ე და 286-ე მუხლები და აღნიშნული შეცდომების გასწორება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ივლისის განჩინებით ინდივიდუალური საწარმო “სამეცნიერო კვლევითი ფირმა ბ”-ს ხელმძღვანელის ზ. ბ.-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 ივნისისა და 15 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამავე კოდექსის 189-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი შეგებებული სარჩელი სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით შეიტანება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებების მიღებისას მართებულად გამოიყენა სსკ-ს 187-ე, 189-ე, 414-ე და 420-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ. ბ.-ს კერძო საჩივრით გასაჩივრებული აქვს არა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინება, არამედ სასამართლო განჩინებაში არსებული გრამატიკული შეცდომები, რომლებზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, შეიტანება განცხადება და არა კერძო საჩივარი. საყურადღებოა, რომ დღეისათვის მითითებული შეცდომები სასამართლოს მიერ უკვე გამოსწორებულია. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ზ. ბ.-ი სსკ-ს 414-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარეს ან დაინტერესებულ პირს არ წარმოადგენს, რადგან შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სასამართლომ უარი უთხრა მოპასუხე სს “ს.-ს”.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, რამდენად კანონიერად ეთქვა სს “ს.-ს" შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარი და შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უსაფუძვლობის მოტივით უარის თქმა მოქმედი კანონმდებლობით დაიშვებოდა თუ არა, რადგან შეგებებული სარჩელის ავტორს, სს “ს.-ს” დირექტორს, აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებია და იგი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური მეწარმე სამეცნიერო კვლევითი ფირმა “ბ.-ის" ხელმძღვანელის ზ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25 ივნისისა და 15 ივლისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.