Facebook Twitter

საქმე №ას-581-540-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. ჯ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ო. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. და რ. ს-ეების მიმართ მოძრავი ნივთების ნასყიდობის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1996 წლის 4 აპრილს მოსარჩელემ დავა დაიწყო სასამართლოში ამავე მოპასუხეების მიმართ ქონების ნასყიდობის საფასურის _ 6 800 000 მანეთის დაკისრების მოთხოვნით, თუმცა, სასამართლო სხდომა არ შედგა მოპასუხეების მიმალვის გამო. მოგვიანებით, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, რის გამოც მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის განჩინებით სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. სარჩელის თანახმად, მოთხოვნილი 6 800 000 მანეთი შეადგენს 18 010 ლარს. მოსარჩელე განმარტავს, რომ 1994 წელს მას ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი, რის გამოც მოპასუხე შ. ს-ეს მიჰყიდა ავეჯი, ასევე, მსუბუქი ავტომობილი. გარიგება დაიდო ზეპირად, მოწმეთა დასწრებით. ავტომობილი გადაფორმდა რ. ს-ის სახელზე. მოპასუხემ პირობა დადო, რომ 15 დღის ვადაში გადაუხდიდა შეძენილი ქონების საფასურს, ეს პირობა მამა-შვილმა დაარღვია.

2. მოპასუხეების პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარდგენილა, სასამართლოს სხდომაზე კი, რ. ს-ემ განმარტა, რომ მოსარჩელესთან ნასყიდობა არ დაუდია, მოსარჩელემ ავტომანქანა გაატანა რუსეთში გასაყიდად, თუმცა, არც შეთანხმების დრო და არც ავტომობილის ღირებულება არ ახსოვს, გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა გადაეცა მოსარჩელეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ, კერძოდ:

მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, 2001 წლის 11 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და შ. და რ. ს-ეებს ო. ჯ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისრა 18 010 ლარის გადახდა, ხოლო 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გააუქმა ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ყოფილან მოწვეული საქმის განხილვაზე და საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 მარტის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სარჩელი რ. ს-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, მტკიცებულებათა გამოთხოვა და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს და მიუხედავად იმისა, მხარე ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით მიუთითებს თუ არა მოცემული ნორმით გათვალისწინებულ რომელიმე წინაპირობაზე, ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებაა, უპირველესად შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ამ დარღვევათაგან რომელიმეს არსებობა. ამ ჩამონათვალს განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია („ე1“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სწორედ ზემოაღნიშნული საპროცესო წინაპირობა.

1.2. წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ზეპირი ფორმით დადებული მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის დაკისრება. სააპელაციო პალატამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებული იყო, ამავდროულად, დადგენილად მიიჩნია გარკვეული ფაქტები (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტი) და იმსჯელა მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებზე, რომელთა ურთიერთშეჯერება გამორიცხავს ერთმანეთს.

1.3. უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებზე. იგი, როგორც პირველ, ისე _ სააპელაციო სასამართლოში განმარტავდა, რომ წინამდებარე საქმეში არსებული მასალები არ იყო სრულყოფილი (სწორედ ამ კონტექსტში აფასებს საკასაციო პალატა კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საქმისათვის დართვის თაობაზე, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე (1) მუხლის თანახმად, რადგანაც საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას და შესაბამისად, არ იღებს ახალ მტკიცებულებებს, ამ შუამდგომლობაზე თავად ვერ მიიღებს გადაწყეტილებასაც). ეს გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სარჩელითაც, რომელიც დასათაურებულია, როგორც ე.წ „განმეორებითი სასარჩელო განცხადება“. ამ სარჩელში საუბარია სასამართლოში არსებულ სხვა სარჩელზე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, 2000 წლის 12 მაისს დატოვა უმოძრაოდ და მოსარჩელე მოითხოვს ხარვეზის გამოსწორების შედეგად სწორედ თავდაპირველად წარდგენილი, უმოძრაოდ დატოვებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საქმის მასალებით ირკვევა ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2002 წლის 22 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდგომ საქმე დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მიმართვა, რომლის საფუძველზეც საქმე 2002 წლის 17 აპრილს დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, საქმის შემდგომი მოძრაობის თაობაზე სხვა მასალები არ მოიპოვება. საქმის წარმოება გრძელდება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი მოითხოვდა გაუქმებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. სწორედ ამის შემდგომ იქნა გამოთხოვილი წინამდებარე სამოქალაქო საქმე სსიპ საერთო სასამართლოს დეპარტამენტის არქივიდან.

1.3.1. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმის მასალების ასლების გადაღების შესახებ მოსარჩელის განცხადებაზე, რომელთა ჩაბარების შემდგომ იგი გამოთქვამს პრეტენზიას საქმეში თავდაპირველი სარჩელისა და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე და როგორც უკვე აღინიშნა, სამივე ინსტანციის სასამართლოსაგან მოითხოვს საქმის მასალების მოძიებას. ამ მხრივ, საქმეში არ მოიპოვება სამართალწარმოების შემაჯამებელი აქტები, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა საქმის მასალების გამოთხოვაზე ან დადგინდა მათი დაკარგვის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ კი, მხოლოდ მოსარჩელის წინააღმდეგობრივ პოზიციაზე მითითებით ჩათვალა, რომ სარჩელი იყო ფორმალურად დაუსაბუთებელი და არ უცდია იმის გარკვევა, მოსარჩელე თავისი არა ერთი განცხადებით ხომ არ მოითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3511-3516 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებით სარგებლობას (დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა). ამ მხრივ მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად შეიძლება იქნას განხილული, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სადაც საუბარია სარჩელში მითითებული კონკრეტული ფაქტების დადგენილად მიჩნევის წინაპირობებზე), ისე _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება.

1.4. გარდა ზემო აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებებს იმის შესახებ, რომ შ. ს-ესა და ო. ჯ-ს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, როგორც ავეჯის, ისე _ ავტომანქანის, ხოლო, რ. ს-ესთან იმავდროულად ავტომანქანის ნასყიდობის თაობაზე. ამ მხრივ სასამართლო ეყრდნობა რ. ს-ის განმარტებებს, რომელიც, მისი შეფასებით, ადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს (სკ-ის 429-ე მუხლი), თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის კონტექსტში, გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების სტანდარტს ცდება დასკვნის საფუძვლად სასამართლოს მიერ იმგვარი განმარტებების გამოყენება, როგორიცაა _ „მეტი და მეტი ფული უნდოდა და „შავებს ახვედრებდა ყოველთვის“, როლანდით (შავი იყო) აშინებდა. ფული „შავებმა“ წაართვეს“. გაურკვეველი რჩება, სასამართლოს სურს იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სახეზე იყო რაიმე სახის იძულება თუ სხვა პირისათვის შესრულების გადაცემა (სკ-ის 373-ე მუხლი). იძულების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი ითვალისწინებს, როგორც მხარის, ისე _ მესამე პირისაგან მომდინარე იძულების ცნებას, ამასთან, ამავე კოდექსის 86-ე მუხლით განსაზღვრული იძულების ფორმების დასადგენად შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს მათ შორის იძულების წყაროს სტატუსს _ ე.წ „ქურდული სამყაროს წევრი“, „კანონიერი ქურდი“ (მაგალითად: იხ. სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი).

1.5. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლო ადგენს, რომ შ. ს-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა პირის გარდაცვალების გამო, თუმცა, საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, რას ემყარება სასამართლოს ეს დასკვნა, იმ პირობებში, როდესაც საქმეში პირის გარდაცვალების მოწმობა არ იძებნება, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 2 მარტის წერილის თანახმად, შ. ს-ის (დაბ: 1939 წლის 15 დეკემბერს) გარდაცვალების შესახებ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია არ არის (საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის წარმოება შეწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რადგანაც მოცემული დავის საგანი ნასყიდობის საფასურის გადახდაა და ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე (1) მუხლის შესაბამისად, დასაშვებია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვერც მოსარჩელემ წარადგინა და ვერც სასამართლოს მხრიდან იქნა მოძიებული ინფორმაცია შ. ს-ის გარდაცვალების შედეგად მის მიერ სამკვიდროს დატოვებისა და სამკვიდრო ქონების კანონით ან ანდერძით მემკვიდრის მიერ მიღების თაობაზე, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა კვლევის შედეგად დადგინდება მოპასუხის გარდაცვალების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, შ. ს-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვები იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არა 272-ე მუხლის „ე“, არამედ _ 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, იგი შეეხება კრედიტორის გარდაცვალებას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კრედიტორი (მოსარჩელე) ცოცხალია და იგი მოითხოვს საქმის განხილვას, ამასთანავე, დავის საგანი არა კრედიტორისათვის პირადად შესასრულებელი ვალდებულება, არამედ, ნასყიდობის თანხის ანაზღაურებაა). თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ ავეჯის ნასყიდობა გარდაცვლილ პირთანაა დადებული, რომელსაც სამკვიდრო არ დაუტოვებია, მაშინ ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.

1.6. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი მოიცავს არა სამართალწარმოების ფორმალურ, არამედ, იმგვარ განხორციელებას, რომელიც სხვა ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) მოითხოვს სასამართლოს მხრიდან მხარეთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებასა და მტკიცების თანაბარ საშუალებათა განსაზღვრას (სსსკ-ის მე-5 მუხლი). ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია სასამართლოს მხრიდან მხარეთა შუამდგომლობების ანალიზი, მით უფრო, როდესაც გაურკვეველია, თუ რამ შეაფერხა წინამდებარე საქმის განხილვა, რომელშიც სრულყოფილად არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო, მხარე მოითხოვს თავდაპირველი სარჩელის საქმისათვის დართვას. სასამართლომ მოცემული საკითხი უნდა გადწყვიტოს იმგვარად, რომ მხარის ბრალისაგან დამოუკიდებლად, მას არ შეეზღუდოს შესაძლებლობა, დაიცვას დარღვეული უფლება. სამართალწარმოების პრინციპების სხვაგვარი განხორციელება (ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ მოპასუხე, სარჩელის ხანდაზმულობის ინსტიტუტით არ სარგებლობს) და ერთ-ერთი მხარისათვის შეუსაბამო საპროცესო ტვირთის დაკისრება (როდესაც იგი თავად ხდის სადავოდ მტკიცებულებათა დაკარგვას), საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-6 მუხლით რეგლამენტირებული სამართლიანი სასამართლოს კონცეფციიდან.

1.7. წინამდებარე განჩინებაში ასახული დასაბუთებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით და თავად გადაწყვიტოს სარჩელის ბედი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს უფლების საკითხი.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მხარეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, 15.05.207წ. #ა-1970-17 და 12.06.2017წ. #ა-2433-17 განცხადებებზე დართული შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობები 5 (ხუთი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით დავაზე სამართალწარმოება არ სრულდება, პალატა მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების საკითხი როგორც მხარეთა შორის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (სსკ-ის 55-ე მუხლი) უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, 15.05.207წ. #ა-1970-17 და 12.06.2017წ. #ა-2433-17 განცხადებებზე დართული მტკიცებულებები: საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობები 5 (ხუთი) ფურცლად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2017წ. განჩინებით ო. ჯ-ს სახელმწიფო ბაჟის _ 700,25 ლარის გადახდა გადავადებული აქვს საქმის განხილვის დასრულებამდე.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური