Facebook Twitter

საქმე №ას-246-246-2018 22 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ბ.მ–ძე, გ.ბ–ძე, ე.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ქ. ქობულეთში, ....., ბინა #18 მე-3 სართული მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) ბ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და ამ ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელეს უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხემ და მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩართულმა მესამე პირებმა გ.ბ–ძემ და ე.მ–ძემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩართული მესამე პირების გ.ბ–სა და ე.მ–ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 91-ე და 364-ე მუხლებზე მითითებით დაასკვნა, რომ მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმული გ.ბ–სა და ე.მ–ის მიმართ გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათ კანონიერ ენტერესს არ ხელყოფს, ამასთან ისინი არ არიან მხარეები ან დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები. ამავე სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ.მ–ძემ, გ.ბ–ძემ და ე.მ–ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის და ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების საგანი, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება, რომელსაც საკასაციო საჩივრით ასაჩივრებენ გ.ბ–ძე და ე.მ–ძე, გამოტანილია არა ამ უკანასკნელთა სააპელაციო საჩივრის განხილვის, არამედ ბ.მ–ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) არაა გამოტანილი გ.ბ–ძის და ე.მ–ძის მიმართ, ამასთან, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, შესაბამისად, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება. (შდრ. საქმეები # ას-458-437-2015, 28.05.15, #ას-623-593-13, 20.06.13). რაც შეეხება ბ.მ–ძის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ის ხარვეზიანია, რის გამოც მას უნდა განესაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის არის დასახელებული თანხის 5% - 200 ლარი, რაც ნაკლებია ზემოაღნიშნული ნორმით საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობაზე, აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 - დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 364-ე, 91-ე, 396-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

17. გ.ბ–ძის და ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

18. ბ.მ–ძეს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 300 (სამასი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).

19. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

20. განემარტოს კასატორს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;

21. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა