საქმე№ას-1011-931-2017 16 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. გ.მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და მ.ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2006 წლის 26 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
2. 2011 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შეეძინათ შვილი - დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი ან ბავშვი).
3. მოსარჩელე ბავშვთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ქ. ... პენსიონერი მშობლების სახლში.
4. მოპასუხე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იგი კომბლენც ლანდაუს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელია და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი 3566,96 ევროს შეადგენს.
5. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი ქორწინება თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილია.
6. მოპასუხე მოსარჩელეს თვე-ნახევარში ერთხელ 200 ევროს ურიცხავდა (თვეში დაახლოებით 133 ევროს), ხოლო წელიწადში ორჯერ, ბავშვს 250-300 ევრომდე ღირებულების ამანათებს უგზავნიდა.
7. 2016 წლის 19 აპრილს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მათი მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 1000 ევროს დაკისრების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მოპასუხე გერმანიაში, კომბლენც ლანდაუს უნივერსიტეტში სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს. მოსარჩელის განმარტებით, ჯერ კიდევ მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში, მისი მეუღლის ყოველთვიური ხელფასი 5000 ევროს შეადგენდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხე მოსარჩელის საქართველოში დაბრუნების შემდგომ შვილზე სათანადოდ არ ზრუნავდა, იგი ბავშვის სარჩენად ყოველთვიურად მხოლოდ 130 ევროს აგზავნიდა, რაც მინიმალურადაც ვერ ფარავდა მცირეწლოვნის აღზრდისა და მკურნალობისათვის საჭირო ხარჯებს. მოსარჩელე ასევე ყურადღებას ამახვილებდა ბავშვის ფიზიკურ ნაკლზე, იმაზე რომ არასრულწლოვანს მარცხენა ხელის მტევანზე არცერთი თითი არ აქვს. ამას გარდა, ის ამტკიცებდა, რომ გართულებული ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა, რის გამოც, მას უცხო ქვეყანაში გაუჭირდა ბავშვის მარტო აღზრდა და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული, ერთი წლის ბავშვთან ერთად საქართველოში, პენსიონერი მშობლების სახლში დაბრუნებულიყო.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, 200 ევროს ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის განმარტება, თითქოსდა, მოპასუხე საკუთარ შვილს მატერიალურად საკმარისად ვერ უზრუნველყოფდა. მას დღემდე არ შეუწყვეტია საკუთარი შვილის მატერიალური დახმარება, იგი მოსარჩელეს თვე-ნახევარში ერთხელ 200 ევროს (რაც თვეში 133 ევროს შეესაბამებოდა), ხოლო წელიწადში ორჯერ, დაახლოებით, 250-300 ევრომდე ღირებულების ამანათებს უგზავნიდა. მოსარჩელის მითითება, რომ ბავშვს მარცხენა ხელის მტევანზე არცერთი თითი არ გააჩნია, მოპასუხემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ ბავშვს მარცხენა ხელის მტევანზე მხოლოდ ორი თითი არ აქვს, ხოლო დანარჩენ სამს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად განვითარებული აქვს, მაინც იყენებს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ბავშვის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება.
9. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, ალიმენტის - 400 ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები გამოიყენა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობად მხოლოდ 135 ევროს განსაზღვრის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა (400 ევრო) არ შეესაბამება არც აპელანტის მატერიალურ მდგომარეობას და არც ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელ საჭიროებებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად გასაწევი აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, პირველ რიგში, სამედიცინო დაზღვევისა და მოხუცთა მოვლის დაზღვევისთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 811,28 ევრო (გერმანიაში მომსახურე პერსონალის ხელზე ასაღებ (ნეტო) ხელფასად ითვლება ის სხვაობა, რომელიც რჩება მთლიანი (ბრუტო) ხელფასიდან სახელფასო დაბეგვრის, სოლიდარობის გადასახადის, უმუშევრობის, საპენსიო, მოხუცთა მოვლის და სამედიცინო დაზღვევის გადასახადის დაკლების შემდეგ. მოპასუხის შემთხვევაში, ნეტო ხელფასი 2755.68 ევროს შეადგენს (3566,96-811.28=2755.68). აპელანტის მითითებით, სააპელაციო საჩივარში დაწვრილებით იყო მითითებული მოპასუხის მიერ გასაწევი ხარჯების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მათი ოდენობა 3260 ევროს შეადგენს, რაც ფაქტობრივად უტოლდება ყოველთვიური შემოსავლების ოდენობას. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ალიმენტის - 400 ევროს ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, მოპასუხე ვერ შეძლებდა იმ აუცილებელი ხარჯების გაწევას, რომელიც გერმანიაში ცხოვრების პირობებში გასაწევ ხარჯებს წარმოადგენს.
10.2. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა რაიმე შეფასებას მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის შესახებ, რაც ალიმენტის ოდენობის სწორად განსაზღვრისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა;
10.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ რა ყოველთვიური საჭიროებები გააჩნია ბავშვს. ამდენად, გაურკვეველია რომელ ფაქტობრივ გარემოებას ან/და მტკიცებულებას ემყარება სასამართლოს დასკვნები არსებული ოდენობით, ალიმენტის განსაზღვრის შესახებ;
10.4. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტი, უწევდა თუ არა მოსარჩელეს გარკვეული ხარჯების გაღება იმის გამო, რომ არასრულწლოვანს დაბადებიდან მარცხენა ხელის მტევანზე არ აქვს ორი თითი, ხოლო დანარჩენი სამი თითი კი ნაკლებად განვითარებული აქვს. ამდენად, აპელანტის მითითებით, ცალსახა იყო, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე, არაწორი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
10.5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ არ გამოიკვლია მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელე ფაქტობრივად გაათავისუფლა საალიმენტო ვალდებულებისაგან, ხოლო მოპასუხე არათანაბარ და არასამართლიან მდგომარეობაში ჩააყენა; მისი მოსაზრებით, ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის მოსარჩელეს რეალურად შესაძლოა, ყოველთვიურად მხოლოდ 200-250 ლარი ესაჭიროებოდეს, თუმცა მან მოპასუხისთვის იმ მოცულობის თანხის დაკისრება მოითხოვა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მცირეწლოვნის რჩენა-აღზრდას, არამედ უშუალოდ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნილებებს; ის ამტკიცებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილი იყო ის ფაქტიც, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ყოველთვიურად მხოლოდ 133.33 ევროს (ეკვივალენტი ლარის) გადახდის ნაწილში ცნო, სასამართლომ კი მოპასუხე მხარის პოზიცია მორიგების ფარგლებში 200 ევროს (ეკვივალენტი ლარის) გადახდის შესახებ არასწორად აღიქვა ამ ფარგლებში სარჩელის ცნობად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. პალატის განმარტებით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მცირეწლოვან შვილთან ერთად პენსიონერი მშობლების ბინაში ცხოვრობს, არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არის უმუშევარი და დაკავებულია შვილის აღზრდით, ხოლო მოპასუხე კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელია და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი 3566,96 ევროს შეადგენს, ამასთან, რადგანაც, საქმის მასალებით არც მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირთა ყოფნის ფაქტი დადასტურდა, მოპასუხეს, ყოველთვიურად ალიმენტის - 400 ევროს ოდენობით (რაც მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის მხოლოდ 11,2%-ია) გადახდა, მართებულად დაეკისრა;
11.2. სააპელაციო პალატამ მოპასუხის ყოველთვიურ ხარჯებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აპელანტის მიერ მითითებული ხარჯების უმრავლესობა ნებაყოფლობითია (მათ შორის, ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში, მუდმივი დაზღვევისთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 811,28 ევრო), ამასთან, პალატის დასკვნებით, ის მოპასუხის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მისი პირადი კომფორტისკენ არის მიმართული, რაც ვერ გადაწონიდა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით გარანტირებულ ბავშვის უფლებას – უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
12. აღნიშნული განჩინება, 2017 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებასთან ერთად, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქმეზე მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ბავშვის სარჩოდ ალიმენტის - 135 ევროს ყოველთვიურად განსაზღვრის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოპასუხის ყოველთვიური ხარჯის ოდენობა ფაქტობრივად თითქმის მის ყოველთვიურ შემოსავალს უტოლდება, რომელიც მიმართულია სავალდებულო გადასახადების, პირადი და მოხუცი დედის საჭიროებების უზრუნველსაყოფად;
12.2. სასამართლომ ბავშვის რჩენის ვალდებულება მხოლოდ მოპასუხეს დააკისრა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე კი, მთლიანად გაათავისუფლა ამ ვალდებულებისაგან; გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ბავშვის ყოველთვიური საჭიროებები;
12.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ ყოველთვიურად სამედიცინო დაზღვევისა და მოხუცთა მოვლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 811,28 ევრო, წარმოადგენდა ნებაყოფლობით და არა სავალდებულო გადასახადს, რაც მიზნად ისახავს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და პირადი კომფორტის შექმნას, როგორც ამჟამად, ისე მომავალში, უსაფუძვლოა;
12.4. სასამართლომ არასწორად აღნიშნა გადაწყვეტილებაში, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირთა ყოფნის ფაქტი, რადგან სააპელაციო საჩივარში მოპასუხეს მითითებული ჰქონდა, რომ ჰყავს პენსიონერი დედა, რომელსაც იგი თვეში საშუალოდ 101,28 ევროს უგზავნის, რომლის დასადასტურებლადაც სასამართლოს წარუდგინა თანხის გადარიცხვის დოკუმენტები, რომელთა საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი;
12.5. კასატორის მოსაზრებით, მტკიცებულებებს, რომელთა დართვასაც ის სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა, არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა საქმეზე ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის შემდგომ და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებების გათვალისწინებით, არსებობდა მათი საქმეზე დართვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები. კასატორის მტკიცებით, მას საოქმო განჩინებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ ეთქვა უარი წარდგენილი მტკიცებულებების მიღებაზე, რითაც დაირღვა თანაბარი მოპყრობის პრინციპი და სამართლიანი სასამართლოს უფლება;
12.6. მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მცირეწლოვანს დაბადებიდან მარცხენა ხელის მტევანზე არ აქვს ორი თითი, ხოლო დანარჩენი სამი ნაკლებად განვითარებული აქვს, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს დამატებით გარკვეული ხარჯების გაღება უწევს;
12.7. გადაწყვეტილების გამოტანისას, გათვალისწინებული არ იქნა ის გარემოებაც, რომ კასატორი სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2016 წლის 19 აპრილიდან, 2016 წლის ბოლომდე მოსარჩელეს ბავშვისთვის უგზავნიდა თანხას, ჯამში, მოსარჩელისათვის მოპასუხეს გაგზავნილი აქვს 1900 ევრო, რისი ჩათვლაც არ მოხდა სარჩელის აღძვრის დღიდან დაკისრებულ ალიმენტის ოდენობაში.
12.8. სასარჩელო მოთხოვნა კასატორმა ცნო ყოველთვიურად ალიმენტის - 133,33 ევროს გადახდის ნაწილში, სასამართლომ კი, მოპასუხის პოზიცია მორიგების ფარგლებში 200 ევროს გადახდის შესახებ აღიქვა ამ ფარგლებში სარჩელის ცნობად, რითაც დაარღვია მოპასუხის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
14. 2017 წლის 7 დეკემბერს კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობა (MES 9 17 01493357), რომლის მიხედვითაც საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს, მოსარჩელე ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმდა. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო თვეში 400 (ხელზე ასაღები 320) ლარს შეადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. რადგანაც საქმეზე არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა და მიუთითა, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი, როგორც ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის, რეალური მატერიალური მდგომარეობა, ასევე, ის საჭიროებები, რომლებიც მის არასრულწლოვან შვილს გააჩნდა, რასაც შედეგად დაკისრებული ალიმენტის ოდენობის არასწორად განსაზღვრა მოჰყვა. სახელდობრ:
16.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
16.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორადაა განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 1214-ე მუხლი), თუმცა სრულყოფილად არ არის გამოკვლეული მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები, როგორც ბავშვის, ისე ორივე მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობა (იხ. მითითებული ნორმის ბოლო წინადადება). ამ კუთხით, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი კასატორის ხარჯების ამსახველი მტკიცებულებები სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და აქედან გამომდინარე, არ დადგენილა თუ რომელი ხარჯები წარმოადგენს მოპასუხის მიერ გასაღებ აუცილებელ ხარჯებს. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას იმ ნაწილშიც, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სათანადოდ არც ის რეალური აუცილებელი საჭიროებები გამოკვლეულა, რომლებიც კასატორის არასრულწლოვან შვილს გააჩნია და რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა აღზრდისა და განვითარებისათვის.
16.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად 133 ევროს უხდიდა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დამატებით კვლევას საჭიროებს. თუ დადგინდება, რომ კასატორი მოსარჩელის სახელზე თანხების ჩარიცხვას სარჩელის აღძვრის შემდგომაც აგრძელებდა და აგრძელებს, ამ გარემოების გათვალისწინება უნდა მოხდეს სარჩელის აღძვრის დღიდან დაკისრებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.
16.4. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და სსსკ-ის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სსკ-ის 1202-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას 2017 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი იმ დასაბუთებით, რომ საქმეში უკვე არსებობდა იმავე გარემოებების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები და მიზანშეწონილი არ იყო დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები, მართალია, თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, მაგრამ სწორედ სასამართლოს აკისრია ვალდებულება, ხელი შეუწყოს მხარეების მიერ ყველა არსებით ფაქტზე დროულ და სრულყოფილ განმარტებებს, განსაკუთრებით იმას, რომ მხარეებმა განავრცონ არასაკმარისად წარმოდგენილი მითითებები მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, დაასახელონ მტკიცებულებები და დააყენონ საქმისთვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები. ცხადია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლო შეძლებდა მოპასუხის რეალური მატერიალური მდგომარეობის თაობაზე უფრო დამაჯერებელი და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანას.
17. საკასაციო სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა ცნობა იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე დასაქმებულია და გააჩნია გარკვეული შემოსავალი (იხ. წინამდებარე განჩინების პ.14). ვინაიდან, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ის მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეს დაურთოს ახალი მტკიცებულება ან/და შეფასება მისცეს მას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად უბრუნდება, პალატას მიაჩნია, რომ მითითებული მტკიცებულება სასამართლომ არა მარტო უნდა მიიღოს, არამედ შეაფასოს ის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, რათა ობიექტურად იქნეს გამორკვეული ბავშვის დედის მატერიალური მდგომარეობაც.
18. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს ახალი მტკიცებულებების (მოპასუხის ყოველთვიური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მოსარჩელის დასაქმების შესახებ ცნობის) საქმეზე დართვის შესახებ და ამის შემდგომ გამოიკვლიოს როგორც ალიმენტის გადახდაზე ვალდებული მშობლის (მამის), ისე - ბავშვთან ერთად მცხოვრები მშობლის (დედის) რეალური მატერიალური მდგომარეობა, ასევე - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი საჭიროებები და ისე განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, რა დროსაც უნდა გაითვალისწინოს ალიმენტის ოდენობასთან მიმართებით დადგენილი სასამართლო პრაქტიკაც (შდრ. სუსგ #ას 1141-1061-17, 17.10.17. , #ას-207-197-17 7.07.17, #ას-1167-1122-16, 26.06.17, #ას-675-631-17, 16.06.17, #ას-395-368-17, 2.06.17, #ას-220-210-16, 13.05.16, #ას-326-311-16, 30.06.16, #ას-53-51-16, 6.07.16 და ა.შ.)
19. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257. I-ე , 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ.მ–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი