Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-381-354-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ბ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. პ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – ქონების გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

1.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით თ. პ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, მეიჯარე, პირველი აპელანტი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ შპს ,,ბ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე, საწარმო, მეორე აპელანტი ან კასატორი) დაეკისრა, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3000 (სამი ათასი) ლარის, მიუღებელი შემოსავლის 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის და დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის - 4389 ლარის გადახდა;

1.2.ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1395 ლარიდან 697 (ექვსასოთმოცდაჩვიდმეტი) ლარის, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის-181,50 ლარის, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილის - 775 ლარის ანაზღაურება.

1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 19.11.2013წ. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების- 3000 ლარის-დაკისრებას; იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2014 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ავტომობილის დროულად დაუბრუნებლობის გამო, ორი წლის განმავლობაში მიყენებული ზიანის - 36 000 ლარის ანაზღაურებას; დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოპასუხე საწარმოსათვის 4389 ლარის დაკისრებას და მეიჯარისათვის ავტომანქანის დაბრუნებას - იხ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სასარჩელო მოთხოვნა - ტ.2, ს.ფ. 149-150).

2. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები

2.1.რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ (პირველმა აპელანტმა), ისე - მოპასუხემ (მეორე აპელანტმა).

2.2.პირველმა აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. 1.3 ქვეპუნქტი).

2.3. მეორე აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის უარყოფის შესახებ

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მოწინააღმდეგის (მოპასუხე საწარმოს) გამოუცხადებლობის გამო, 2016 წლის 14 დეკემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის საფუძველზე:

3.1.1. არ დაკმაყოფილდა მეორე აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი;

3.1.2. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;

3.1.3. მოპასუხე საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 24 000 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 181, 50 ლარის გადახდა;

3.1.4. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილის [საწვავმზიდი მაზ 5549 ცისტერნის სახელმწიფო № B-, სარეგიტრაციო № C- № 11-0230 1979 წლის გამოშვება] დაბრუნება;

3.1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1470 ლარის ანაზღაურება.

3.2. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესოსამართლებრივ წინაპირობებზე იმსჯელა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგებაზე მიუთითა, რომელთა შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

3.2.1. საქმეში განთავსებული 2016 წლის 24 ნოემბერს გაგზავნილი სასამართლო უწყებით დგინდება, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს 13.00 საათზე სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მეორე აპელანტს (საწარმოს) ეცნობა კანონით დადგენილი წესით, სასამართლო უწყებით, რაც იმავე წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს, ბუღალტერს თ. თ-ეს (იხ.უწყება, საფოსტო დასტური - ტ.2, ს.ფ.284, 297). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე საწარმო) გაფრთხილებული იქნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს ფაქტი დადასტურებულია მოპასუხე საწარმოს დირექტორის, ი. ჩ-ის განცხადებითაც, რაც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 14 დეკემბერს, რომლითაც დირექტორმა მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სსსკ-ის 216.1-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

3.2.2. განსახილველ შემთხვევაში ირკვეოდა, რომ სასამართლო სხდომის გადადების მოტივად განმცხადებელი მიუთითებდა წარმომადგენლის შეცვლაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ახალი წარმომადგენელი (გ. გ-ე) სხვა სასამართლო პროცესში მონაწილეობდა, რამაც ამ უკანასკნელს ხელი შეუშალა მოცემული დავის განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებაზე.

3.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 99-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. სასამართლოს შეფასებით, წარმომადგენლის შეცვლასთან დაკავშირებით საწარმოს დირექტორის განცხადებაში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და სხდომის გადადების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:

3.3.1. მოპასუხეს (მეორე აპელანტს) სასამართლო უწყება მხარეს ჩაბარდა 2016 წლის 25 ნოემბერს, ანუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე 19 დღით ადრე, ხოლო ახალ წარმომადგენელზე (გ. გ-ე) მინდობილობა გაცემულია 2016 წლის 12 დეკემბერს. ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა თავისი უფლება წარმომადგენლის შეცვლასთან დაკავშირებით განეხორციელებინა გონივრულ ვადაში და დროულად ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის. გარდა ამისა, შუამდგომლობას არ ერთვოდა სასამართლო უწყება, რომლითაც დადასტურდებოდა საწარმოს ახალი წარმომადგენლის გ. გ-ის მონაწილეობა 2016 წლის 14 დეკემბერს სხვა სასამართლო სხდომაზე, აგრეთვე - მტკიცებულება საწარმოს დირექტორის, ი. ჩ-ის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე;

3.3.2. ამდენად, საწარმოს დირექტორის შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

3.4. სსსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა–განმარტებას და დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართლებულია. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

3.5. სსსკ-ის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით, ამასთან მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ წარუდგენია სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე წარმომადენლის, გ. გ-ის ან საწარმოს დირექტორის ი. ჩ-ის გამოცხადების შეუძლებლობაზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

3.6. პირველი აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული დასაბუთებულობის თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, 2014 წლის 19 თებერვლიდან ორი წლის განმავლობაში, საწარმოს (მოიჯარეს) მოსარჩელისათვის (მეიჯარისათვის) ავტომობილი არ დაუბრუნებია, ამასთან, სარჩელის წარდგენის დროისთვისაც /21.03.2016- იხ. სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით - ტ.2, ს.ფ. 1-65/ მოსარჩელის კუთვნილი საწვავმზიდი მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია. კუთვნილი ნივთის დაუბრუნებლობის გამო, მეიჯარემ ვერ შეძლო მისი იჯარით გაცემა და ყოველთვიურად ქირის სახით 1500 ლარის მიღება, რამაც წარმოშვა ზიანი - 36000 ლარის მიუღებელი შემოსავლის სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე, 172-ე, 394.1-ე, 411-ე, 992-ე მუხლების შესაბამისად, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მეიჯარის სააპელაციო მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის უარყოფილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე იურიდიულად გამართლებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რის გამოც, პირველი აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა (იხ. სსსკ-ის 387-ე და 394.1 მუხლები).

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება წინამდებარე განჩინების 3.2.1 ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების საფუძველზე.

4.1.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით, რადგან მისთვის მხოლოდ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ა. გ-ი ვერ წარმოადგენდა საწარმოს სააპელაციო სასამართლოში, ხოლო 13 დეკემბერს შეიტყო, რომ მეორე წარმომადგენელი-გ. გ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავაში მონაწილეობის გამო, ვერ დაიცავდა საწარმოს ინტერესებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ამ დავაში მონაწილეობის დასტურად მოპასუხემ საჩივარს დაურთო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმის ქსეროასლი, სადაც დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელე-შპს ”ს-ის” ინტერესებს იცავდა წარმომადგენელი გ. გ-ე - იხ. ტ.2, ს.ფ.324-328).

4.2. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს უწყება მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 25 ნოემბერს, ანუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე 19 დღით ადრე, სასამართლოს შეფასებით, მხარეს (საწარმოს) ჰქონდა გონივრული ვადა წარმომადგენლის შეცვლასთან დაკავშირებით მოქმედებების განხორციელებისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირებისათვის, რაც მას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, საჩივარი არ შეიცავდა მსჯელობას, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე დირექტორმა ი. ჩ-მა, როგორც საწარმოს წარმომადგენელმა, პირადად გამოცხადება და მონაწილეობა საქმის განხილვაში.

4.3.აღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი მოტივაცია დაედო საფუძვლად მოპასუხის საჩივრის უარყოფას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

5.1. საწარმომ საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვა დასახელებული სასამართლო აქტების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

5.1.1. საწარმოს წარმომადგენლის - გ. გ-ის გამოუცხადებლობა სააპელაციო სასამართლოს 14 დეკემბრის სხდომაზე საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, ვინაიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში მონაწილეობდა სხვა სხდომაზე, აღნიშნულის შესახებ საწარმომ სააპელაციო სასამართლოს აცნობა დილით, სხდომის დაწყებამდე, ხოლო შესაბამისი მტკიცებულების -საქალაქო სასამართლოს ოქმის - წარდგენა შეძლო ამ სხდომის ჩატარების შემდეგ, რაც დაურთო კიდეც საჩივარს (იხ. 4.2.1 ქვეპუნქტი);

5.1.2. ა. გ-ის, რომელიც პერიოდულად უწევდა იურიდიულ მომსახურებას საწარმოს, შეცვლის ინიციატორი არ ყოფილა მხარე, მოპასუხემ მისი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე შეიტყო 12 დეკემბერს, რადგან გ-ი არ არის ადვოკატი და არც საწარმოს თანამშრომელია, შესაბამისად, ვერ წარმოადგენდა მოპასუხის ინტერესებს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე;

5.1.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ, თუმცა, არ გაურკვევია ის საკითხი, რომ ა. გ-ი არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამასთან, ადვოკატთა რეესტრი საჯარო და ხელმისაწვდომია;

5.1.4. საწარმოს დირექტორის, როგორც წარმომადგენლობითი ულებამოსილების მქონე პირის გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე, აღსანიშნავია, რომ დირექტორი არ არის პროფესიით იურისტი, ადვოკატი, არ აქვს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საქმეზე სრულფასოვანი წარმომადგენლობის განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებს საწარმოს დირექტორს, ეს გარემოება არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად იქნეს მიჩნეული, რადგან ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს საწარმოს დირექტორის ფუნქციიდან;

5.1.5. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა, თუ რა გარემოებები ამართლებდა იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნას. მიუღებელი შემოსავლის მთლიანად დაკისრება ეწინააღმდეგება არსებულ სასამართლო პრაქტიკას, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც პროცესუალურ მოწინააღმდეგეს არ აქვს წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხემ დაუკავა ტექნიკა, ხელი შეუშალა მის წაღებაში და სხვ. მოსარჩელე ფიზიკურად ერთხელად კი არ მისულა ავტომანქანის წასაყვანად, შეგნებულად და არაკეთილსინდისიერად დააყოვნა მისი წაყვანა, რათა მაქსიმალურად გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა;

5.1.6. საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რამდენად არის გამართლებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს წერილობით აქვს წარდგენილი სააპელაციო შესაგებელი, ანუ მხარის პოზიცია ცნობილია პირველი ინსტანციის სასამართლოშიც და სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც; მას წარდგენილი აქვს შესაბამისი შუამდგომლობები და მტკიცებულებები, ამასთან, მოსარჩელე არ უთითებს ახალ გარემოებებზე, ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო განაცხადი ცნობილი იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე /საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, თუ გასაჩივრებულია განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოიჯარის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიათა ნაწილი საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

8. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, კასატორის იმ არგუმენტებს უპასუხებს, რომელიც დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, კერძოდ: მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 387-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე, რომელიც იმავდროულად სააპელაციო წესით ასაჩივრებდა მის წინააღმდეგ მოსარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რაც არასაპატიოდ მიიჩნია სასამართლომ (იხ. ამ განჩინების 3.3.1-3.3.2, 3.4 და 3.5 ქვეპუნქტი) .

9. კასატორის მოსაზრების (იხ. ამ განჩინების 5.1.6 ქვეპუნქტი) საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის საპროცესო შედეგები კანონით არის მოწესრიგებული, ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით განიმარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის არსი და მნიშვნელობა და მისი გამოყენების პრობლემური საკითხები, კერძოდ: „შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს, სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 13 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსამართლეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც თუ, სააპელაციო სასამართლო სათანადო პროცესუალური საფუძვლით დაუშვებს აპელანტის მიერ ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებას“ (იხ.საქმე # 121-117-2016; 32-33-ე პუნქტები).

9.1. ამდენად, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან და საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით აღნიშნული საკითხი შეფასებული და განმარტებულია. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ხდება ახალი ფაქტების დასახელება და მტკიცებულებების წარდგენა (იხ. სსსკ-ის 380-ე მუხლი), ამდენად, მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელეს (პირველ აპელანტს) არც კი მიუთითებია ახალ გარემოებებზე, ისე იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით იურიდიულად გამართლებულად სასარჩელო მოთხოვნა, პროცესუალურად უსაფუძვლო არგუმენტია და საწინააღმდეგო დასკვნები ასახულია დიდი პალატის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში.

10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პროცესუალურ საკითხზე, თუ რამდენად დასაბუთებული იყო მოპასუხის პოზიცია, რომ მან ვერ უზრუნველყო წინა წარმომადგენლის, რომელიც ადვოკატი არ არის, შეცვლის შემდეგ ახალი ადვოკატის დროულად გამოცხადება სხდომაზე, რადგან ეს უკანასკნელი სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობდა. ამ კონტექსტში მსჯელობისას საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საწარმოს დირექტორის, როგორც კანონმდებლობით მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობის სავალდებულოობა არ გამომდინარეობს არც კანონმდებლობიდან და არც სასამართლო პრაქტიკიდან, სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპებზე მხარის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით ადვოკატთა ასოციაციის ერთიან რეესტრში კონკრეტული სპეციალიზაციის მიხედვით ადვოკატად რეგისტრირებული პირი ან ორგანიზაციის თანამშრომელი (იხ.სსსკ-ის 93-94-ე მუხლები).

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საწარმომ თავისი წარმომადგენლის შეცვლის შესახებ სასამართლოს მიმართა სხდომის დღეს - 14 დეკემბერს, დილით, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინა წარმომადგენელი -ა. გ-ი სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ვერც შეძლებდა მონაწილეობას, რადგან არც ადვოკატია და არც - საწარმოს თანამშრომელი, ამ საკითხზე კი სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. მოპასუხის ახალი წარმომადგენელი საპატიო მიზეზის გამო (იხ. ამ განჩინების 4.2.1 ქვეპუნქტი) თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ შეძლებდა მონაწილეობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმ საჩივრის დანართის სახით, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, თუმცა, აღნიშნული არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას საწარმოს დირექტორის, როგორც წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გამოუცხადებლობის არასაპატიოობაზე (იხ. ამ განჩინების 4.2-ე ქვეპუნქტი), ეთანხმება კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 5.1.4-ე ქვეპუნქტი) და თავად მხარის, მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს დირექტორის გამოუცხადებლობის შესახებ განმარტავს, რომ არც ეს გარემოება არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას, რადგან საწარმოს წარმომადგენელი არის იურიდიული პირის თანამდებობის პირი, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია და არაა ვალდებული, იმოქმედოს სამეწარმეო საზოგადოების სახელით, თანახმად სსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად: „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში“ (იხ. სუსგ # ას -849-799-2015, 24.06.2016წ). განსახილველ შემთხვევაში, შექმნილი ვითარების შესახებ სხდომის დაწყებამდე წინასწარ აცნობა მოპასუხემ სასამართლოს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარს შესაბამისი მტკიცებულებაც დაურთო, ამდენად, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ.სუსგ - #ას-1666-1654-2011, 08.12.2011 წ.).

13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

14. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზიების ის ნაწილი, რომელიც ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ წინაპირობებს, რის გამოც აკმაყოფილებს განაცხადს და აუქმებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხის საჩივრის უარყოფისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებას.

15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც მან სათანადოდ დაასაბუთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ბ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე