Facebook Twitter

¹ 3გ-ად-52-კს-03 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სარჩელის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 25 აპრილს შპს “ს.-ის” რექტორმა ჰ. რ.-მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების, ამავე ინსტიტუტის სტუდენტების, სამტრედიის ¹... პროფესიული სასწავლებლის, სამტრედიის პოლიციის, თსუ სამტრედიის ფილიალის და სხვათა მიმართ და მოითხოვა ინსტიტუტისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეცა აბაშის რაიონულ სასამართლოს, ხოლო შემდეგ, განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება (360250 აშშ დოლარი) აღემატებოდა 500000 ლარს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 30 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს ხარვ.- შესავსებად ვადა მიეცა და განემარტა, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მის მიერ დაცული არ იყო საქართევლოს სსკ-ს 178-ე და 179-ე მუხლების მოთხოვნები, გადახდილი არ იყო ასევე სახელმწიფო ბაჟი. ამავე სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის განჩინებით ინსტიტუტის რექტორის ჰ. რ.-ს სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ს.-ის” რექტორის ჰ. რ.-ს კერძო საჩივარი გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 იანვრისა და 4 აპრილის განჩინებები და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ინსტიტუტის რექტორის ჰ. რ.-ს სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებისას უნდა ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადავალების ან განაწილვადების, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესაძლებლობაზე 48-ე მუხლის განსაზღვრული მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით შპს “ს.-ის” რექტორის ჰ. რ.-ს სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებდა სსკ-ს 179-ე მუხლის მოთხოვნებს, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის ცნობა ადასტურებდა ჰ. რ.-ს, როგორც ფიზიკური პირის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და არა კერძო სამართლის იურიდიული პირის შპს “ს.-ის” ეკონომიურ მდგომარეობას. ამიტომ მიიჩნია, სასამართლოს მიერ მიცემული ხარვეზი მოსარჩელემ ვერ გამოასწორა, რადგან ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.

მოსარჩელე კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ ოქმი იმის შესახებ რომ ინსტიტუტი გამოაძევეს იჯარით აღებული შენობიდან და წაართვეს ქონება ასევე, პირადი საქმეების გარეშე წაართვეს 150 სტუდენტი და შემოსავალი, რომელიც სტუდენტებისაგან უნდა მიეღო (4500 ლარი), შეულახეს პატივი და ღირსება და მიაყენეს მორალური ზიანი, ადასტურებდა მოსარჩელის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, რაც არ გაითვალისწინა საოლქო სასამართლომ და არ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის განჩინებით ინსტიტუტის რექტორის ჰ. რ.-ს კერძო საჩივარ დაუშვებლად იქნა მიჩნეული. რადგან გაშვებული იყო კერძო საჩივრის შეტანის ვადა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გამოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ისა და რექტორის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით, ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც დაუბრუნდა სასამართლოს ფოსტის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით, რომ “ადრესატი არ არის ბინაზე”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე რამდენიმე თვის განმავლობაში არ იმყოფებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, რასაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებაც ადასტურებს. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა მ/წლის 19 თებერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს კერძო საჩივრის შეტანის ვადის ათვლაც.

მოსარჩელის მიერ კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2003წ. 28 მარტს, რა დროისათვისაც უკვე გასული იყო სსკ-ს 416-ე მუხლით დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რომლის გაგრძელება ამავე მუხლის მიხედვით დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 416-ე-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს.-ის” რექტორის ჰ. რ.-ს კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებაზე მიჩნეული იქნეს დაუშვებლად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.