საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-393-366-2017 2 ივნისი, 2017 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ჭ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს-ა" (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
თავდაპირველი მოპასუხეები - ზ. უ-ი, ნ. უ-ი, ა. უ-ის და თ. უ-ის კანონიერი წარმომადგენელი - ნ. უ-ი, ა. უ-ი, ნ. მ-ის კანონიერი წარმომადგენელი - ა. უ-ი, რ. ა-ი, მ. გ-ი, ზ. გ-ის, ს. გ-ის და მ. გ-ის კანონიერი წარმომადგენელი - მ. გ-ი, ა. უ-ი, ყ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება არამართლზომიერი მფლობელობისაგან
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისში, ს-ის გამზ. №51-ში (ს/კ №0-) მდებარე ფართი (შემდეგში: უძრავი ქონება) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ს- ის’’ (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სახელზე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ-1, ს.ფ 18).
2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობენ მ. ჭ-ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ზ. უ-ი, ნ. უ-ი, ა. უ-ის და თ. უ-ის კანონიერი წარმომადგენელი - ნ. უ-ი, ა. უ-ი, ნ. მ-ის კანონიერი წარმომადგენელი - ა. უ-ი, რ. ა-ი, მ. გ-ი, ზ. გ-ის, ს. გ-ის და მ. გ-ის კანონიერი წარმომადგენელი - მ. გ-ი, ა. უ-ი, ყ. გ-ი.
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მოსარჩელემ 2015 წლის 8 ივლისს სარჩელით, ხოლო 2015 წლის 30 სექტემბერსა და 5 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლება.
3.2 მოსარჩელემ ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხეები შსს-ს მიერ გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა აღეკვეთათ, რასაც მოპასუხეები გაეცნენ და ხელი მოაწერეს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, მეზობლებისადმი აგრესიას გამოხატავენ და სანიტარულ ნორმებს არღვევენ.
4. მოპასუხეთა შესაგებელი
4.1 მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლით არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი შემდეგი დასაბუთებით:
4.1.1 არიან სოციალურად დაუცველნი და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი;
4.1.2 არ იკვეთება მოსარჩელის ინტერესი სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რადგან შენობა ავარიულია;
4.1.3 მოსარჩელემ მათ შესთავაზა სადავო უძრავი ქონების შესყიდვა, რისი საშუალებაც მოპასუხეებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ აქვთ;
4.1.4 მოპასუხეთათვის თავშესაფრის გამოყოფაზე უარი განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი უარი განაცხადა მოპასუხეთათვის სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემაზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.
5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 1198-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.3 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხეები, კი სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
5.4 სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხეთა მითითებას იმის თაობაზე, რომ არ უნდა მოხდეს არასრულწლოვანი პირების გამოსახლება სადავო ფართიდან, რადგან აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებული კონვენციის დანაწესებს და მიუთითა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ასევე, ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ბავშვს შეექმნას ცხოვრების სათანადო დონე, სახელმწიფო, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი პირობები ამ პასუხისმგებლობის რეალიზაციისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები, კერძოდ: არასრულწლოვანი პირების კანონიერი წარმომადგენლები - მშობლები, უკანონოდ შეიჭრნენ და უკანონოდ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას არასრულწლოვან შვილებთან ერთად. სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლები ვალდებული არიან, იზრუნონ შვილებზე მხოლოდ კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე, როცა ირღვევა სხვა პირის უფლება - საკუთრების უფლება, რომელიც აღიარებულია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტით - კონსტიტუციით და უზრუნველყოფილია საერთაშორისო კონვენციებით, ცალკეული კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ამ უმნიშვნელოვანესი უფლების, ისეთი საკანონმდებლო ,,მექანიზმებით’’ დაცვა, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მისი ხელყოფა. საკუთრების უფლება კონსტიტუციური უფლებაა და წარმოადგენს ერთგვარ ,,დაცულ სფეროს’’, რომელშიც სხვა გარეშე პირის უკანონო ჩარევა იწვევს საპასუხო რეაქციას მესაკუთრის და, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდანაც.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1 პირველმა მოპასუხემ და ყ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 აპელანტმა გაიმეორა შესაგებელში მითითებული პოზიცია და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხეები სოციალურად დაუცველი პირები არიან.
6.3 აპელანტის განმარტებით, სადავო ფართი საცხოვრებლად აბსოლუტურად უვარგისი იყო, მან შესაძლებლობის ფარგლებში მოაწესრიგა იგი, თუმცა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ აქვს; მარტოხელა დედაა, ჰყავს სტუდენტი შვილი - ყ. გ-ი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
6.4 აპელანტისათვის გაუგებარია, მესაკუთრემ როგორ და რისთვის უნდა გამოიყენოს სადავო ფართი, როცა შენობაში მღრღნელები და ქვეწარმავლები შედიან და იქ ცხოვრება სახიფათოა. სადავო უძრავი ქონება მოსარჩელისათვის გამოუსადეგარია, ხოლო მოპასუხეთათვის - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.
7.3 სასამართლოს შეფასებით, აპელანტებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მათ ჰქონდათ სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება.
7.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მძიმე სოციალური მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებს. ეს გარემოება კი მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არის.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
8.2 კასატორმა საკასაციო საჩივარში შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებების იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (იხ. ამ განჩინების 4.1.1-4.1.4 და 6.2-6.4 პუნქტები).
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
13.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
13.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
14. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ის, როგორც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პირი არ უნდა დარჩეს დაუცველი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება და არა კერძო პირს, როგორიც ამ შემთხვევაში მოსარჩელეა. მოპასუხის პრეტენზიას, რომ მოსარჩელე ისედაც გამოუსადეგარ ნივთს მაინც ვერ გამოიყენებს, ამიტომ იგი მოპასუხეთა მფლობელობაში უნდა დარჩეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მესაკუთრის უფლება, ფლობდეს, სარგებლობდეს ან არ სარგებლობდეს საკუთრებით, კონსტიტუციით გარანტირებული და ხელშეუვალია.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-1043-1004-2016, 12.12..2016 წ; №ას-901-867-2016, 09.12.2016 წ; №ას-3-3-2016, 09.03.2016 წ; №ას-1082-1039-2016, 14.02.2017 წ; №ას-292-276-2017, 31.03.2017 წ; №ას-358-334-2017, 13.04. 2017 წ.).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
17. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე