Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-478-446-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – ი. ა-ე, თ. გ-ე, ჯ. ბ-ე, გ. მ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მეორე კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ა-ე, თ. გ-ე, თ. ჭ-ა, ჯ. ბ-ე, გ. მ-ე, დ. გ-ძე (მოპასუხეები)

მესამე კასატორი - გ. გ-ძე, დ. გ-ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მესამე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ივლისის №697 ბრძანებით, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (შემდეგში - მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, უზუფრუქტუარი, უნივერსიტეტი) არსებობის მთელი პერიოდით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა - ყოფილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ყოფილი სსიპ ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთთან ერთად (იხ. მტკიცებულებები, ტ.1,ს.ფ.17-31 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 242-ე მუხლი).

1.1.ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის, 2006 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რაც დარეგისტრირდა (სსკ-ის 243-ე მუხლი).

2. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონება, სხვასთან ერთად, მოიცავდა ქ. ბათუმში, მ-ის ქ. №2-ში მდებარე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელ შენობას.

2.1. აღნიშნულ შენობაში სხვადასხვა ოთახებს, ოჯახებთან ერთად, წლების განმავლობაში ფლობდნენ შემდეგი პირები:

2.1.1. მოპასუხე თ. გ-ე, როგორც სტუდენტი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის ბრძანების საფუძველზე 1968 წლიდან შესახლდა საერთო საცხოვრებელში. იგი საერთო საცხოვრებელში ჩაწერილია მუდმივად და რეგისტრირებულია 1983 წლის მარტიდან, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს (იხ.ტ.1, ს.ფ.98-108);

2.1.2. მოპასუხე ი. ა-ემ 1989 წელს განცხადებით მიმართა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორს, დაერთოთ მისთვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში დროებით ცხოვრების უფლება. 1989 წლის 22 სექტემბრიდან ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, ამასთან, რეგისტრირებულია ამავე მისამართზე (იხ.ტ.1,ს.ფ.90-91);

2.1.3. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომელთა საერთო კრებაზე, 1989 წლის 16 ოქტომბერს გადაწყდა, მოპასუხე ჯ. ბ-ის მამას - დ. მ-ს ძე ბ-ეს (დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კადრის წევრს), როგორც სტიქიური უბედურების გამო დაზარალებულს, ნება დართვოდა, ეცხოვრა ინსტიტუტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში. ამ მოპასუხეს ოჯახთან ერთად დაკავებული აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი 2009 წლის 1 სექტემბრიდან და ამავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები (იხ.ტ. 1, ს.ფ.127-141).

2.1.4.მოპასუხე გ. მ-ე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1996 წლის №3-84 ბრძანებით, 1996 წლის 1 ოქტომბრიდან შესახლდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში და დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს (იხ.ტ.1, ს.ფ.158-161);

2.1.5. ციური და დ. გ-ძეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1990 წლის №3-112 ბრძანებით, 1990 წლის 1 ოქტომბრიდან, სხვა სტუდენტებთან ერთად, შეასახლეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, სადაც დღემდე ოჯახით ცხოვრობენ (იხ.ტ.1, ს.ფ.176-197);

2.1.6. მოპასუხე თ. ჭ-ა სადავო ფართში შესახლებულია 1962 წლიდან, ქ. ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1962 წლის 23 ოქტომბრის №589 გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 24 ოქტომბერს ნ. დ-ს ასულ ჭ-ას სახელზე გაცემული ორდერის საფუძველზე, სადაც ოჯახის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად მითითებულია თ. ჭ-აც, რომელიც ნ. ჭ-ას მეორე რიგის მემკვიდრეა (იხ.ტ.1, ს.ფ.115-122).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. უზუფრუქტუარმა 2014 წლის 4 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული პირების (შემდეგში - მოპასუხეები, პირველი აპელანტები, პირველი კასატორები) ოჯახებთან ერთად გამოსახლება მოითხოვა მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებიდან.

3.2. მოსარჩელემ მიუთითა ამ განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე, აგრეთვე, სსკ-ის 161-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხეები ოჯახებთან ერთად უნდა გამოსახლებულიყვნენ უზუფრუქტუარის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართებიდან, რადგან ეს უკანასკნელი შენობის გარემონტებას და დანიშნულებისამებრ გამოყენებას გეგმავდა (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-16).

3.3. სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა მესამე პირმა (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში: არ -ის ეკონომიკის სამინისტრო ან მესამე პირი).

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში აღწერილ გარემოებებზე და განმარტეს, რომ ისინი წლების მანძილზე კანონიერ საფუძველზე ფლობდნენ დაკავებულ შენობას (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 78-98, 349-360).

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება (სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი), მდებარე - ქ. ბათუმში, მ–ის ქ №2-ში;

5.1.1. მოპასუხეთაგან წინამდებარე განჩინების 2.1.6 ქვეპუნქტში მითითებული პირისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

5.1.2.ასევე, არ დაკმაყოფილდა უნივერსიტეტის სარჩელი მოპასუხეების ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში.

5.2. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლები, სსკ-ის 162-ე, 312-ე, 170-ე, 172-ე, 242-ე, 243ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლები და განმარტა:

5.2.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას, არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი წარედგინება მაშინ, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, ანუ როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

5.2.2. დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ივლისის №697 ბრძანებით, უნივერსიტეტს არსებობის მთელი პერიოდით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთთან ერთად. მოსარჩელისათვის გადაცემული ქონება, მოიცავდა ქ. ბათუმში, მ-ის ქ. №2-ში მდებარე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელ შენობასაც, სადაც მოპასუხეები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ წლების განმავლობაში. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია მართლზომიერი უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეების მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან ეს უკანასკნელები არ წარმოადგენენ სსკ-ის 160- 162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ნივთის მოპასუხეთა მართლზომიერი ფლობის ფაქტზე მიუთითებდა, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა და ასეთის არსებობაზე ვერც მოპასუხეები მიუთითებდნენ, მოსარჩელემ კი შეძლო მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება მოპასუხეთა წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნის ნაწილში.

5.2.3. უნივერსიტეტის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ამ განჩინების 2.1.6 ქვეპუნქტში დასახელებული მოპასუხის მიმართ, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, რადგან აღნიშნული მოპასუხე, როგორც აწ გარდაცვლილი ნ. ჭ-ას მემკვიდრე, სადავო ფართს ფლობს მართლზომიერად, კერძოდ, მამკვიდრებლის ფართზე მფლობელობის უფლება ქ. ბათუმის, მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1962 წლის 23 ოქტომბრის სხდომის №589 გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე მიენიჭა. მამკვიდრებლის ოჯახის შემადგენლობაში, სხვა პირებთან ერთად, მითითებულია აღნიშნული მოპასუხე, რომელმაც ფართის ფლობის უფლება მიიღო როგორც გარდაცვლილის მეორე რიგის (დისწული) მემკვიდრემ. აღნიშნულს ადასტურებდა 25.07.2013წ. მემკვიდრის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, მის მიმართ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

5.2.4. სასამართლოს შეფასებით, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში: მოსარჩელეს, მიუხედავად სასამართლოს შეთავაზებისა, არ დაუსახელებია მოპასუხედ კონკრეტული პირები, რომლებიც მოპასუხედ დასახელებულ პირებთან ერთად უკანონოდ ფლობენ სადავო ნივთებს. მოპასუხეების ოჯახის წევრებს არ მისცემიათ საპროცესო სტატუსი, არ მოუწვევიათ საქმის განხილვაზე და მათ არ ჰქონდათ საშუალება, დაეცვათ საკუთარი კანონიერი ინტერესები. ამდენად, ამ პირთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაირღვეოდა მათი კონსტიტუციური უფლება სასამართლო წესით დაცვის შესახებ. ვინაიდან ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები არ გამოკვლეულა, ამ ნაწილში სარჩელი უარყოფილი იქნა.

6. მოსარჩელისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები

6.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე - მოპასუხეებმა.

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებულ ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

6.2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 244-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ სსსკ-ის 244-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც პირდაპირ ავალებს სასამართლოს, შეაფასოს მტკიცებულებები, განსაზღვროს, თუ რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი ის გარემოებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და ა.შ. მოსამართლეს სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითებია იმ გარემოებებსა და მოსაზრებებზე, რომლითაც უარყოფდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებსა და კანონიერ არგუმენტებს.

6.3. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უნივერსიტეტის სარჩელის მთლიანად უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

6.3.1. ამ განჩინების 2.1.4 -2.1.5 ქვეპუნქტში დასახელებული მოპასუხეების (მათ სააპელაციო საჩივარი დამოუკიდებლად შეიტანეს) მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეები ქ. ბათუმში, მ-ის ქ. №2-ში მდებარე ფართს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ. ისინი არ დაეთანხმნენ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა სადავო ნივთებზე მართლზომიერ მფლობელობას. მოპასუხეთა მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მათი პოზიცია, რომ სადავო ფართის მართლზომიერებას ადასტურებს ბრძანება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.4 -2.1.5 ქვეპუნქტები), რომლის საფუძველზე მათ ჰქონდათ უფლება, დაუფლებოდნენ ფართს ყოველგვარი ვადის გარეშე, ჯერ როგორც სტუდენტი, შემდეგ კი - როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელი - პროფესორი. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სადავო ფართი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელია. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება;

6.3.2. დანარჩენი მოპასუხეების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა ისინი. საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებებით, სხვადასხვა დროს, სტუდენტებთან ერთად, შესახლდნენ საერთო საცხოვრებელში. ამჟამად ისინი საერთო საცხოვრებელში მუდმივად არიან ჩაწერილი, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ოჯახებით და მათ მიერ დაკავებული ფართი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური კომუნალური მომსახურებით. მოპასუხეებმა მიუთითეს იმ პრეტენზიაზეც, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართა არაუფლებამოსილმა პირმა, სადავო ქონების უზუფრუქტის წესით მფლობელმა და არა მესაკუთრემ, რაც ეწინააღმდეგება კანონს.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და განმარტა:

7.2.1. ამ განჩინების 2.1.1.- 2.1.5 ქვეპუნქტებში დასახელებულ მოპასუხეებს დაკავებული ფართის ფლობის უფლება არ გააჩნდათ. დადგენილია, რომ ეს პირები სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შესახლდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ქონება მესაკუთრემ (სახელმწიფომ) უზუფრუქტით დატვირთა, უზუფრუქტუარმა მოპასუხეებს წაუყენა დასაბუთებული პრეტენზია და ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მოსთხოვა. მოსარჩელის განმარტებით, ის აპირებს სადავო ქონების გარემონტებას, რაც მოპასუხეებს შეატყობინა კიდეც. მოპასუხეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერების დასადგენად. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უზუფრუქტუარი უფლებამოსილია, ნივთი გამოიყენოს, როგორც მესაკუთრემ. ამ ნორმათა შესაბამისად, გადაწყვეტილება მათი გამოსახლების ნაწილში, დასაბუთებულია და აღნიშნული მოპასუხეების მფლობელობა სადავო ქონებაზე უნდა შეწყდეს;

7.2.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ამ განჩინების 2.1.6 ქვეპუნქტში დასახელებულ მოპაუხესთან დაკავშირებით, რომელიც მართებულად იქნა მიჩნეული სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი (გარდაცვალების შემთხვევაში - მისი მემკვიდრე), რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. დადგენილია, რომ 2.1.6 ქვეპუნქტში დასახელებულ მოპასუხის მამკვიდრებელი სადავო საცხოვრებელ ფართს დაეუფლა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის - ბინის ორდერის საფუძველზე. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოპაუხე, როგორც მემკვიდრე, სადავო ქონების კანონიერი მოსარგებლეა. სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება), შესაბამისად, ამ მოპასუხის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა დაუშვებელი იყო.

7.2.3. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონებიდან მოპასუხეთა ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში მოპასუხე დასახელებული უნდა იყოს. მას სარჩელი და თანდართული მასალები უნდა ჩაჰბარდეს კანონით დადგენილი წესით და სასამართლოს სხდომაზე თავის დაცვის საშუალება მიეცეს. ამის გამო, სარჩელის აღძვრა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ დაუშვებელია. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება ვერც აღსრულდება, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულება სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის წინააღმდეგ მიმდინარეობს. არაიდენტიფიცირებული პირი კი, სააღსრულებო ფურცელში მოვალედ, ცხადია, ვერ ჩაიწერება. ამგვარად, ამ ნაწილში, საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.

8. მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივარი:

8.1. მხარეებმა - მოსარჩელემ და მოპასუხეთაგან -ი. ა-ემ, თ. გ-ემ, ჯ. ბ-ემ, გ. მ-ემ, გ. და დ. გ-ძეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს;

8.1.1. პირველმა კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა;

8.1.2 მეორე კასატორმა (უნივერსიტეტმა) მოითხოვა სარჩელის უარყოფილ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

8.1.3. მესამე კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

9 . საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

9.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო განაცხადები დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ -ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. საკასაციო საჩივრის ფარგლებში მესამე კასატორი (გ. და დ. გ-ძეები) მოითხოვენ, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში და არ დაკმაყოფილდეს სარჩელი. კასატორები მიუთითებენ წინამდებარე განჩინების 2.1.4 ქვეპუნქტში მითითებულ დოკუმენტზე, რომელიც მათი მტკიცებით, ანიჭებთ უფლებას, რომ სსკ-ის 159-ე მუხლიდან გამომდინარე, ჩაითვალონ ნივთის მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელებად. დ. გ-ძე დღესაც უნივერსიტეტში მუშაობს და კითხულობს ლექციებს. კასატორები მიუთითებენ იმ გარემოებაზეც, რომ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და სხვა თავშესაფარი, გარდა აღნიშნული ფართისა, არ გააჩნიათ. იდენტური საკასაციო შედავება წარმოადგინეს სხვა მოპასუხეებმაც (პირველმა კასატორმა), რომლებიც უთითებენ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აცხადებენ, რომ სასამართლომ მათ მიმართ დაუსაბუთებლად არ დაადგინა სსკ-ის 155-ე და 162-ე მუხლებით განსაზღვრული მფლობელობისა და მართლზომიერების ფაქტი. მათი განმარტებით, არ ვლინდება იმგვარი ფაქტების კუმულაციური ერთობლიობა, რომელიც სადავო ნივთის უკანონო მფლობელობის დადგენისათვის აუცილებელ წინაპირობას ქმნის, უფრო კონკრეტულად კი არ დასტურდება უნივერსიტეტის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი პირობა - მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.

12.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85.3-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც, ასევე, ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

12.1.1. მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: უდავოა და მხარეები პრეტენზიას არ აცხადებენ იმ გარემოებებთან მიმართებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უზუფრუქტუარს, ხოლო მოპასუხეები - ფლობენ ქონებას, რომელიც უზუფრუქტის საგნის შემადგენელი ნაწილია. უზუფრუქტუარის უფლებებს უზუფრუქტის საგნის მიმართ ადგენს სსკ-ის 242-ე მუხლი: „უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა“. მაშასადამე, უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე უზუფრუქტუარი, როგორც მართლზომიერი მფლობელი, ნივთზე მფლობელობის განხორციელებისას გათანაბრებულია მესაკუთრესთან. საკუთრების, როგორც აბსოლუტური უფლების განსაზღვრება მოცემულია სსკ-ის 170-ე მუხლში (ნორმის დეფინიცია იხ. ზემოთ 5.2.1 ქვეპუნქტში). უდავოა, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება მოიცავს, როგორც ნივთით სარგებლობის, ასევე სხვათა უკანონო სარგებლობაში (მფლობელობაში) მყოფი ნივთის გამოთხოვის უფლებასაც. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“.

12.1.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოება: აქვთ თუ არა უზუფრუქტის საგნის ამჟამინდელ მფლობელებს (მოპასუხეებს) ნივთის ფლობისთვის უკეთესი უფლება, ვიდრე მოსარჩელეს ანუ დასტურდება თუ არა სსკ-ის 172-ე მუხლის შემადგენლობა. დადასტურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფერხდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით. ამის გამოსარკვევად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე ფლობენ მოპასუხეები სადავო ფართს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხეებს ნივთზე მფლობელობა გადაეცათ უსასყიდლოდ, იმ ორგანიზაციების ადმინისტრაციის კეთილი ნების საფუძველზე, რომელთა ბალანსზეც, ანუ მფლობელობაშიც ეს ქონება მისი გადაცემის დროს იმყოფებოდა (იხ. სუსგ # ას-1205-1449-05, 31.07.2006წ.). ე.ი. მოპასუხეთა მფლობელობა სადავო საგანზე თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა [სსკ-ის 615-ე მუხლი: „თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის“].

12.1.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც უზუფრუქტუარია და ნივთით სარგებლობის უფლებებში მესაკუთრესთანაა გათანაბრებული, ამ ნივთზე არსებული არამართლზომიერი მფლობელობის წინააღმდეგია. სსკ -ის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. საჯარო წესრიგში მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის, ვინც ნივთზე ბატონობას სამართლებრივი საფუძვლებით ახორციელებს. მართლზომიერება არსებობს მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი საფუძველი. ამ მიზნით მოსარჩელემ ჯერ წერილობით, შემდეგ კი ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, მოპასუხეებისგან ამ ოთახების გამოთავისუფლება მოითხოვა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს აძლევს უფლებას, რომ სსკ-ის 161-ე მუხლზე მითითებით, მოითხოვოს ნივთის გამოთხოვა მათგან, ვისაც მასზე მფლობელობის უფლება არ (აღარ) აქვს. მის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მესაკუთრემაც, არაპირდაპირმა მფლობელმა (ეკონომიკის სამინისტრომ), რომელიც პროცესში მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) სტატუსით მონაწილებდა.

12.1.4 ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვლინდება ვინდიკაციური მოთხოვნის განხორციელების ყველა სავალდებულო წინაპირობა და მათ შორის მესამე პირობაც [„მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება“], რომლის არარსებობაზეც მოპასუხეები საკასაციო შედავებაში მიუთითებენ.

12.1.5. საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მოპასუხეების საკასაციო შედავების შეფასებისას განმარტოს იმ რეალური უფლების წარმოშობის შესახებ, რომელიც სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საერთო საცხოვრებელში შესახლებულ პირთა ნივთმფლობელობის საფუძველს განსაზღვრავდა. აღნიშნული რეგულირდებოდა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის მე-4 თავით. საბინაო კოდექსის 119-120-ე მუხლები ითვალისწინებდა საერთო საცხოვრებელში მუშა-მოსამსახურეთა დროებითი მუშაობის პერიოდში შესახლების შესაძლებლობას. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, საერთო საცხოვრებელში მუშებს, მოსამსახურეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მიეცემოდათ ოთახი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით. საცხოვრებელი ფართობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაცია გასცემდა საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართის დაკავების სპეციალურ ორდერს, რომელშიც აღინიშნებოდა ორდერის გაცემის საფუძველი, მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების გვარი, სახელი და მამის სახელი. ამდენად, საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართის დაკავების აუცილებელ წინაპირობას, როგორც მუშა-მოსამსახურეებისათვის, ასევე, მისი ოჯახის წევრებისათვის, წარმოადგენდა სპეციალური ორდერი.

12.1.6. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს სადავო ფართის გადაცემის იმ დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებული ორდერი, მათ ნივთმფლობელობა მხოლოდ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს, რაც შესაბამისი ორგანიზაციების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების სახით გაფორმდა და არა ორდერით. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც საერთო საცხოვრებელში ორდერის გარეშე ცხოვრების ფაქტი დადგინდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „......მოსარჩელეებმა ვერც იმ დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებული მათთვის სადავო ფართის გადაცემისა (სპეციალური ორდერი) და ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი წარმოადგინეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არ არსებობს ის ობიექტური ფაქტორი, რომელიც მისცემდა უფლებას თავდაპირველ მოსარჩელეებს თავი დაეცვა ვინდიკაციური სარჩელისაგან და სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად, ისინი, როგორც სადავო ფართის არამართლზომიერი მფლობელები, ვალდებული არიან ნივთი დაუბრუნონ მესაკუთრეს “ (იხ.სუსგ # ას-307-712-06, 17.11.2006წ.) .

13. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო შედავებას, იგი დაფუძნებულია იმაზე, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ამ განჩინების 2.1.6 ქვეპუნქტში მითითებული მოპასუხის წინააღმდეგ, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებთან მიმართებით სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა, სარჩელი უარყოფილია მოპასუხეთა ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში.

13.1. მოსარჩელის მტკიცებით, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპში სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი, ჩართულობის თვალსაზრისით, რაც გამოიხატა იმით, რომ სასამართლოს შეეძლო, დაევალებინა მხარეებისთვის, რომ შეევსოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, წარმოედგინათ დამატებითი მტკიცებულებები და ა.შ. მოსარჩელის მიზანი უკანონოდ დაკავებული ფართიდან მოპასუხეების გამოსახლებაა, შესაბამისად, ამ მოთხოვნაში ის გულისხმობდა იმ ოჯახებსაც, რომლებიც მოპასუხეებთან ერთად ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის შეუძლებელი იყო წლების განმავლობაში მოპასუხეებთან ერთად მცხოვრები პირების იდენტიფიცირება, სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი და არასწორად დასდო ბრალი მოსარჩელეს, რომ არ დააზუსტა მოპასუხეთა ოჯახის წევრები, ანუ მოპასუხე პირთა წრე.

13.1.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის საკასაციო შედავების მართებულობას და კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ განმარტავს: სსსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს - პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. იგი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც გარანტირებულია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება (იხ. სუსგ # ას-1057-1087-2011, 03.01. 2012 წ.) ;

13.1.2. უნივერსიტეტს სარჩელის აღძვრისას, სსსკ-ის 178-ე მუხლის საფუძველზე უნდა მიეთითებინა ყველა იმ მოპასუხის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, ვის წინააღმდეგაც აპირებდა სასამართლო გზით მოთხოვნის წარდგენას.

13.1.3. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხეების ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ საპროცესო მხარის სტატუსი, ისინი საქმის განხილვაზე არ მოუწვევიათ და არ მიეცათ საშუალება, დაეცვათ საკუთარი კანონიერი ინტერესები. განსახილველ შემთხვევაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეებს სხვადასხვა საფუძვლით აქვთ დაკავებული სადავო ფართი, შესაბამისად, თითოეული პირის მიმართ ინდივიდუალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული გამოსახლების სამართლებრივი წინაპირობა. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას მტკიცებულებათა ერთობლიობით აფასებს და აანალიზებს. საქმეში მესამე პირის ან ძირითადი მხარის ჩართვა საპროცესო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული და ემსახურება კონკრეტულ მიზანს - თუკი სასამართლო გადაწყვეტილებამ შეიძლება, რომ შემდგომში გავლენა მოახდინოს მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, მას აქვს უფლება, საპროცესო მოვალეობათა ფარგლებში დაიცვას საკუთარი ინტერესი (იხ. სსსკ-ის 89-ე და 91-ე მუხლები). სსსკ-ის 89-ე მუხლის მიზნებისათვის, „დაინტერესებულ პირად ამა თუ იმ პრეტენზიის მქონე სუბიექტის მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სუბიექტური ინტერესის არსებობა, ასეთ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის, ერთ-ერთი მხარის მიმართ, ვის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება“ (იხ. სუსგ # ას-949-899-2015). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხეთა ოჯახის წევრების არათუ მოპასუხე მხარედ, არამედ მესამე პირებად ჩართვაც კი არ მოუთხოვია. აღნიშნული გარემოება სამართლებრივ საფუძველს აცლის იმ მოთხოვნას, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოპასუხეთა ოჯახის წევრების მიმართაც უნდა გაევრცელებინათ. რაც შეეხება მოსარჩელის შედავებას, რომ მას არ ხელეწიფებოდა მოპასუხეების ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზირებს იმ დისპოციზიციიდან გამომდინარე, რომელიც სსსკ-ითაა განმტკიცებული: მოსარჩელე მხარე თავად ასახელებს დავის საგანს, განსაზღვრავს მის მოცულობას და მათ შორის სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრეს. როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, მოსარჩელე ზოგადად ითხოვდა „ოჯახის წევრების გამოსახლებას“ (ამგვარადაა ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნა), თუმცა, მიუხედავად სასამართლოს შეთავაზებისა, მან არ დააზუსტა მოპასუხე პირთა ოჯახის წევრების ვინაობა, მათ შორის, არ უცდია თუნდაც შესაბამისი შუამდგომლობის დაყენება, თუკი მისთვის, ამა თუ იმ მიზეზების გამო, ობიექტურად შეუძლებელი იყო მოპასუხე პირთა იდენტიფიცირება. ამ გარემოებათა გამო მოპასუხეთა ოჯახის წევრების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლების გამოკვლევა არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა, რის გამოც სამართლებრივი წინაპირობა ამ საკასაციო შედავების დასაკმაყოფილებლად არ არსებობს.

13.2. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო შედავებას ამ განჩინების 2.1.6 ქვეპუნქტში დასახელებული მოპასუხის მიმართ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნულ მოპასუხესთან დაკავშირებით განსხვავებული სამართლებრივი ვითარება დაადგინეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 12.1.3. ქვეპუნქტში ასახულ მსჯელობაზე და ამავდროულად, მიმოიხილავს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო ფართში ცხოვრების უფლება აღნიშნულ მოპასუხეს წარმოეშვა არა თხოვების ხელშეკრულების (კრების მიერ გამოვლენილი კეთილი ნების) საფუძველზე, არამედ ორდერით, რომელიც 1962 წელს ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით გაიცა ნ. ჭ-ას სახელზე (იხ.ტ.1, ს.ფ. 116-122). 2.1.6 ქვეპუნქტში დასახელებული მოპასუხე ნ. ჭ-ას მემკვიდრეა და ზემოხსენებულ ორდერში მითითებული იყო, როგორც მამკვიდრებლის ოჯახის წევრი. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ორდერის ნამდვილობას, რომელიც გაცემულია 1962 წელს, ხოლო მისი გაცემის საფუძველია ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის # 589 გადაწყვეტილება. კანონიერი ბინათმოსარგებლეობის მემკვიდრეობით გადაცემის სამართლებრივი საფუძლები მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი (გარდაცვალების შემთხვევაში - მისი მემკვიდრე), რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, 2.1.6 ქვეპუნქტში დასახელებული მოპასუხე წარმოადგენს პირს, რომელსაც გააჩნია სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი - ორდერი და სამკვიდრო მოწმობა, ამდენად, იგი ნივთის მართლზომიერი მფლობელია და სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის [დაუშვებელია მართზლომიერ მფლობელს მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება] თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა ამ მოპასუხის მიმართ უსაფუძვლოა.

14. კასატორებმა სამართლებრივად წონადი მტკიცებულებებით ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, ზემოხსენებული მოტივაციით არ დაკმაყოფილდა საკასაციო განაცხადები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. ანალოგიურ საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა, რომელიც ვინდიკაციური სარჩელების დასაბუთებულობასა და კვლევას შეეხება (იხ სუსგ-ები: #ას-1380-1500-04; #ას-41-432-05; #ას-1205-1449-05; #ას-307-712-06; # ას-307-712-06; # ას-1827-1800-2011).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ის, თ. გ-ის, ჯ. ბ-ის, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გ. გ-ძისა და დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი