საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-595-554-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა. რ-ი, ი. მ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მინდობილობებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
1.1.თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მარწმუნებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1.1. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 20 აგვისტოს ქ. მოსკოვის ნოტარიუსის ო. ი-ის ასული მ-ას მიერ შედგენილი მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის №4დ-1160, რუსული ენიდან ქართულ ენაზე თარგმანის სისწორე დამოწმებულია მარნეულის ნოტარიუსის ა. ზ-ის მიერ რეესტრი №1-3220, 27.10.2008);
1.1.2.ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს თ. გ-ის მიერ შედგენილი უძრავი ქონების განკარგვაზე გადანდობის მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის №1-1391); ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. გ-ის მიერ შედგენილი 2008 წლის 29 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესრტში რეგისტრაციის №1-1551).
2. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
2.1.რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. რ-მა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, რწმუნებული, პირველი აპელანტი ან კასატორი) და ი. მ-ამ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, უძრავი ქონების შემძენი, მეორე აპელანტი ან კასატორი), რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
3.2.სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
3.2.1. სააპელაციო სასმაართლომ დადგენილად მიიჩნია: 1999 წლის 21 ოქტომბრის მიწის უძრავი ქონების სააღრიცხო ბარათით დასტურდება, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წ-ოში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელეზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №84/10/02/483);
3.2.2. 2007 წლის 20 აგვისტოს ქ. მოსკოვის ნოტარიუსის ო. ი-ის ასული მ-ას მიერ გაცემულია მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის №4დ-1160, რუსული ენიდან ქართულ ენაზე თარგმანის სისწორე დამოწმებულია მარნეულის ნოტარიუსის ა. ზ-ის მიერ რეესტრი №1-3220, 27.10.2008), რომლის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილებას ანიჭებს პირველ მოპასუხეს (იხ. ამ განჩინების 2.1. ქვეპუნქტი) გაუკეთოს პრივატიზება, მართოს და განკარგოს მთელი მისი ქონება, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი განთავსებული, გაიფორმოს თავის სახელზე, იყიდოს, აჩუქოს, გაყიდოს, მიიღოს საჩუქრად, გაცვალოს, ჩადოს და მიიღოს გირაოში მშენებარე და სხვა საკუთრება; ვადების პირობები და ფასი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს, განახორციელოს ანგარიში დადებული გარიგებების, მიიღოს მემკვიდრეობით ან უარი თქვას მასზე - მოსარჩელის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელი წ-ო, საქართველოს რესპუბლიკა. მიწ. ნაკვეთი №483 და 772), მიიღოს მოსარჩელის კუთვნილი ქონება, ფული, ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე დოკუმენტები ყველა პირისაგან, ორგანიზაციისაგან, დაწესებულებისაგან, საწარმოსაგან, ასევე სახელმწიფო და სხვა ბანკებიდან და შემნახველი სალაროდან, ფოსტა-ტელეგრაფიდან საკუთარი შეხედულებისამებრ, აწარმოოს მისი სახელით საქმეები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, კოოპერატიულ და ამხანაგობის ორგანიზაციებში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა სასამართლო დაწესებულებებში ყველა უფლებით, რაც აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს და მესამე პირს, დაზარალებულს, აგრეთვე საქმე დაამთავროს მორიგებით, მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს სასარჩელო მოთხოვნა ან უარი თქვას მასზე, მიიღოს ქონება ან ფული, წარადგინოს ყველა სახის განცხადება და ხელი მოაწეროს მის მაგიერ. რწმუნებული უფლებამოსილია წინამდებარე მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილება ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს სხვა პირს საკუთარი შეხედულებისამებრ;
3.2.3. 2008 წლის 28 ოქტომბერს, ნოტარიუს თ. გ-ემ გასცა უძრავი ქონების განკარგვაზე გადანდობის მინდობილობა, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ, რომელიც ამ განჩინების 3.2.2. ქვეპუნქტში მითითებული მინდობილობით წარმოადგენდა მარწმუნებელს (მოსარჩელეს), ი. ა-ს (შემდეგში: ახალი რწმუნებული) მიანიჭა საკუთრების მიმნდობის საკუთრებაში არსებული მთელი ქონების, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს და სადაც არ უნდა იყოს განთავსებული, მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობის საფუძველზე, ახალი რწმუნებული, სხვა უფლებებთან ერთად, ასევე აღიჭურვა უძრავი ქონების გაყიდვის უფლებით;
3.2.4. 2008 წლის 29 ნოემბერს, ახალ რწმუნებულსა (რომელიც მოქმედებდა 3.2.3 ქვეპუნქტში მითითებული გადანდობის მინდობილობის უფლებამოსილების ფარგლებში) და ამ განჩინების 2.1 ქვეპუნქტში დასახელებულ მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ამ უკანასკნელის საკუთრებად აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2014 წლის 15 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წ-ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო 5105,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე. უძრავი ქონების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2008 წლის 29 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.3. წინამდებარე განჩინების 3.2.2 ქვეპუნქტში მითითებული 2007 წლის 20 აგვისტოს მინდობილობის სიყალბე დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენით.
3.3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 31 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის №546/გრ.547/დტ თანახმად, ნოტარიუსის ო. მ-ას მიერ 2007 წლის 20 აგვისტოს დადასტურებული მინდობილობა არ შეესაბამება რეალობას, ანუ ის არის ყალბი დოკუმენტი. კერძოდ, გამოსაკვლევი დოკუმენტის ბლანკი და მასზე არსებული ნოტარიუს ო. მ-ას მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი შესრულებულია ფერადი ასლგადამღები ტექნიკის გამოყენებით. ნოტარიუსის მიერ 2007 წლის 20 აგვისტოს დადასტურებულ გამოკვლეულ მინდობილობაზე, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით №4დ-1160, მოსარჩელის სახელით რუსულ ენაზე არსებული ხელმოწერა წარდგენილი ნიმუშებით არ არის შესრულებული ამ პირის ან პირველი მოპასუხის მიერ. იმის დადგენა, შესრულებულია თუ არა გამოსაკვლევ მინდობილობაზე, ნოტარიუს ო. მ-ასა და მოსარჩელის სახელით არსებული ხელმოწერები ერთი და იმავე პირის მიერ, შეუძლებელია მათი სხვადასხვაგვარი აგებულების გამო.
3.3.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით დადგენილია, რომ ი. მ-ის ძე კ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ: 2008 წლის 29 ნოემბერს ი. კ-მა, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის (მდებარე თეთრიწყაროს რაიონი სოფელი წ-ო) გასხვისებით მიღებული ფულადი თანხა. ი. კ-ს აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით. ამავე განაჩენით, ი. კ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ყალბი დოკუმენტის გამოყენება).
3.4. ამდენად, დადგენილია, რომ 2007 წლის 20 აგვისტოს ქ. მოსკოვის ნოტარიუსის ო. ი-ის ასული მ-ას მიერ შედგენილი მინდობილობა იყო გაყალბებული და მოსარჩელეს, მისი უძრავი ქონების გასხვისებაზე არ მიუნიჭებია უფლებამოსილება პირველი მოპასუხისათვის, ისევე, როგორც - ასეთი უფლებამოსილების მესამე პირისათვის გადანდობის უფლება, მოცემულ შემთხვევაში, ამ განჩინების 3.2.3 ქვეპუნქტში დასახელებული ახალი რწმუნებულისათვის, რის საფუძველზეც გაფორმდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.4.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე მოპასუხის, რომელიც სადავო უძრავი ქონების შემძენია, სააპელაციო პრეტენზია მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, ასევე, მოსარჩელის მიერ 2008 წლის 29 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (იხ. 3.2.4 ქვეპუნქტი) მოწონების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.
3.4.2. სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 185-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი მაშინ, როდესაც სადავოდ არის გამხდარი მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულება კეთილსინდისიერია, ანუ გამოკვეთილია ის გარემოება, როდესაც შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო.
3.4.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 185-ე მუხლის დებულებანი იცავენ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავი ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან, ან არ არის სრულყოფილი, რისი არ ცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ საკითხის გამორკვევისას გამოსაკვლევია შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (იხ. სუსგ-ები: №ას-355-334-2014, 21.07.2014 წ; №ას-375-352-2014, 14.07.2014წ.).
3.5. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2008 წლის 29 ნოემბერს, მოსარჩელის არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც მოქმედებდა 2008 წლის 28 ოქტომბერს განკარგვაზე გადანდობის მინდობილობის უფლებამოსილების ფარგლებში (იხ. ამ განჩინების 3.2.3 ქვეპუნქტი), რომელიც თავის მხრივ გაცემული იყო ყალბი მინდობილობის საფუძველზე, მეორე მოპასუხესთან სანოტარო წესით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წ-ოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო 5105,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელეს) გასხვისებაზე და შედეგად უძრავი ქონება მეორე აპელანტის საკუთრებად დარეგისტრირდა.
3.5.1. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ქონება გასხვისდა არა საჯარო რეესტრში ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის, არამედ მისი მინდობილი წარმომადგენლის მიერ. შესაბამისად, შემძენი ენდობოდა არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისწორეს, არამედ ის ენდობოდა იმ მინდობილობებს, რომელთაგან ერთ-ერთის სიყალბეც დადგინდა საქმის მასალებით, ხოლო მეორე გაცემული იყო ყალბი მინდობილობის საფუძველზე. რაც შეეხება მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას, აღნიშნულს კანონდებლობა არ იცნობს. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმეზე №3კ/624-02), რომელშიც დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას: სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტის არსებობას. უფლებამოსილება უნდა იყოს ნამდვილი.
3.5.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ნივთის ნამდვილ მესაკუთრეს, მოსარჩელეს არ გამოუვლენია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების ნება.
3.5.3. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
3.5.4. სსკ-ის 111-ე, 170-ე მუხლების თანახმად, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. კერძოდ, მან შეიძლება გაასხვისოს, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთოს ან მოგების მიღების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იგი სხვა პირს. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ნივთის ნამდვილ მესაკუთრეს არ გამოუვლენია სადავო უძრავი ქონების გასხვისების ნება, მხოლოდ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები ვერ დაიცავდნენ უძრავი ქონების შემძენის (მეორე აპელანტის) ინტერესებს.
3.5.5. სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებას ეფუძნება, რაც ამ უკანასკნელებისადმი სანდოობას გულისხმობს. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რომლის იგნორირებამაც შეიძლება ბრუნვის მონაწილე არაკეთილსინდისიერ მონაწილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს.
3.5.6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარიგების მხარეს - მეორე აპელანტს, რომელმაც სადავო გარიგებით შეიძინა უძრავი ქონება უნდა გამოეჩინა წინდახედულება უძრავი ქონების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო აქტის ნაკლის მიმართ.
3.5.7. სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 111-ე მუხლის საფუძველზე, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, მისი ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
3.5.8. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების მოწონების ფაქტი, მას არც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე განუცხადებია თანხმობა, რაც დაადასტურა მოწმე თამილა მათითაიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, რის გამოც მან გადაცემული თანხა - 2000 აშშ დოლარი დაუბრუნა პირველ მოპასუხეს (იხ. 2.1. ქვეპუნქტი). მარტოოდენ მხარეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ი. კ-ს (იხ. 3.3.2 ქვეპუნქტი) დათანხმდა სანოტარო ბიუროში ვალის აღიარების ხელწერილის გაფორმებაზე, სასამართლომ არ მიიჩნია მოსარჩელის თანხმობად ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ამასთან, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალის აღიარების ხელწერილი არ გაფორმებულა.
3.5.9. სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმავე შინაარსისაა სსკ-ის 323-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, აღნიშნული ნორმები უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის იმპერატიულად ადგენენ გარიგების წერილობითი ფორმით დადების აუცილებლობას.
3.6. სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების დადებისას განსაზღვრულია სათანადო წესი, მისი მოწონებაც უნდა მოხდეს ამ ფორმით, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ამასთან, გამოვლინდა საკუთრების განკარგვა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად კი ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“.
3.7. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს კანონით განსაზღვრული წესით არ მოუწონებია სადავო გარიგება, დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრება მისი თანხმობის გარეშე განიკარგა. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) კი წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას, ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება (მათ შორის მოწონებაც).
3.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება წარმოადგენდა სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო გარიგებას, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა სსკ-ის 84-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების ერთწლიანი ვადა.
3.8.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ნებისმიერი ხელშეკრულების (მნიშვნელობა არ აქვს მოძრავ ნივთს ეხება ის, თუ უძრავს) ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა (სსკ-ის 128.3-ე მუხლი), რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული ჰქონდა, რადგან ამ უკანასკნელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2012 წელს, ხოლო, მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2014 წელს, შესაბამისად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია.
3.9. ზემოხსენებული მოტივაციით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10. მოპასუხეთა საკასაციო პრეტენზიები
10.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
10.1.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არ გამოიყენა სსკ-ის 84-ე, 101-ე, მე-11, 185-ე მუხლები, რომელთა მიხედვით მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში;
10.1.2. სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ი. კ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა, მასში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელემ მოიწონა დადებული გარიგება და ი. კ-ისაგან ელოდა 8 000 დოლარის მიღებას და მისი მიუღებლობის გამო მიმართა პოლიციას, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა; ასევე - არ შეაფასა განაჩენის მთავარი ბრალდება, რომ ი. კ-მა მიითვისა მოსარჩელის კუთვნილი 8000 დოლარი და არა უძრავი ქონება;
10.1.3 სასამართლომ არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა გარიგების მოწონება, თუ ი. კ-ი გადაუხდიდა მას სახლის გაყიდვით მიღებულ 8 000 აშშ დოლარს. 2008 წელს მოსარჩელემ ნება დართო თავისი ცოლის დისშვილს-თამილა მათითაიშვილს გაეყიდა უკვე ნგრევამდე მისული სახლი, შემდეგ კი უარი თქვა გაყიდვაზე, თუმცა, სადავო ქონებაში შეასახლა მოპასუხე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიანიჭა უძრავი ქონების გასხვისების უფლება;
10.1.4. სასამართლომ კეთილსინდისიერ შემძენად არ ჩათვალა მოპასუხეები, მათ არ იცოდნენ, რომ მოსკოვში გაცემული მინდობილობა ყალბი იყო, რადგან წარმომადგენლის მეშვეობით შეიძინეს უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და ამას არ გააკეთებდნენ, რომ სცოდნოდათ მინდობილობის სიყალბის შესახებ, თუმცა, ისინი მოტყუებული აღმოჩნდნენ, მოგვიანებით, ეს გარიგება მოიწონა მოსარჩელემ. მოტყუებით დადებული გარიგების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთწლიანი ვადა გასულია.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელემ მოითხოვა 2008 წლის 27 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის (რეესტრში რეგ # 1-3220), 2008 წლის 28 ოქტომბერს უძრავი ქონების განკარგვაზე გაცემული გადანდობის მინდობილობისა (რეესტრში რეგ # 1-1391) და 2008 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული # 1-1551 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამასთან, საკუთარი მოთხოვნის იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად მიუთითა, რომ ზემოხსენებული აქტების ბათილად ცნობა არის იმის წინაპირობა, რომ მოსარჩელე გახდეს სადავო ქონების მესაკუთრე; მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნის - უძრავი ქონების დაბრუნებაზე -დაკმაყოფილება შესაძლებელია მოთხოვნილი აქტების ბათილობის პირობებში (იხ. ტ.1, ს.ფ. 3, 5, 9).
14. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # 1089-1009-2017, 05.12.2017წ; # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
14.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.
15. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მინდობილობებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, საბოლოოდ არ აყენებს მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, დასახელებული აქტების ბათილად ცნობით არ მიიღწევა მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიცხვა სადავო უძრავ ქონებაზე.
16. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის სსსკ-ის 372-ე მუხლით, ანუ საქმე ხელმეორედ არსებითად იხილება. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.
16.1.მოცემულ შემთხვევაში, უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე არ შეამოწმა სარჩელის გამართულობა (დასაბუთებულობა), რა დროსაც სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა სურდა მოსარჩელეს. მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სსსკ-ის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში მოთხოვნილი აქტების ბათილობა, სავარაუდოდ იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას.
16.2. სწორედ აღნიშნული საპროცესო დანაწესის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება ანუ არა არსებული ფაქტობრივი გარემოებების ან ახალი მტკიცებულებების წარდგენის/მითითების გზით, არამედ - უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, რათა მოსარჩელემ მიაღწიოს მისთვის სასურველ იურიდიულ შედეგს, რომელიც აღსრულებადი იქნება. სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი.
16.3. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ თვითონ უნდა გამოიკვლიოს, თუ რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა შეიძლება, გააჩნდეს მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და მას შემდეგ, რაც მოსარჩელე სარჩელის გარემოებებსა და მოთხოვნას დააზუსტებს, უნდა დაადგინოს რომელი სამართლის ნორმიდან ან ნორმებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამგვარი მოთხოვნა (სახელშეკრულებო, თუ კანონისმიერი) და შესრულებულია თუ არა იმ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.
16.4. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
16.5. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. რ-ისა და ი. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე