Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-599-558-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ''კ-ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

1.1. თბილისის საქალაქო სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, გამყიდველი ან კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ თ. ნ-ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი ან კასტორის მოწინააღმდეგე) დაეკისრა 42 414 (ორმოცდაორი ათას ოთხას თოთხმეტი) ლარის გადახდა.

2. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

2.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საწარმოს სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:

3.1.1. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3.1.2. საწარმოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაზე მსჯელობისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 327-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კანონით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია - ხელშეკრულების საგანი და ფასი.

3.2.1.მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმომ (მოსარჩელემ) მყიდველს (მოპასუხეს) მიაწოდა 42 424 ლარის ღირებულების საქონელი, კერძოდ: 22.03.2014 წელს - სიმინდის თესლი, ღირებულებით - 31500 ლარი; 07.11.2014 წელს: შაიბა D.13+0.1X24X0.5, BT-PR-PNT3-D.15, BT-PF”C”29.5X17X8 VP, ღირებულებით - 529 ლარი; 21.03.2015 წელს - სიმინდის თესლი - ღირებულებით 10385 ლარი (იხ. სასაქონლო ზედნადებები: ელ-0107016729; ელ-014379848; ელ-0164597654 - ტ.1, ს.ფ.15-17);

3.2.2. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 22.03.2014 წლის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული პროდუქცია (სიმინდის თესლი) მიიღო გ. კ-მა (22.03.2014 წლის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი - იხ. ტ.1, ს.ფ. 68), ხოლო 21.03.2015 წლის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ მყიდველისათვის მიწოდებული პროდუქცია (სიმინდის თესლი) - ღირებულებით 10 385 ლარი, მიიღო დ. ა-მა (იხ. 21.03.2015 წლის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი - ტ. ს.ფ.75 );

3.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

3.3.1. სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

3.3.2. წინამდებარე განჩინების 3.2.1 ქვეპუნქტში მითითებული სასაქონლო ზედნადებების, როგორც მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლომ 22/03/2014წ., 07.11.2014წ., 21.03.2015წ. სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მყიდველის გრაფაში მითითებულია თ. ნ-ი, მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე. ამ კანონქვემდებარე აქტის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მითითებული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ ელექტრონული წესით დადასტურებას და არც საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებები არ შეიცავს მონაცემებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურების შესახებ.

3.3.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ გამყიდველის მიერ ცალმხრივად შექმნილი დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს არ ადასტურებდა.

3.4. მხარეებს შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების და მოპასუხისათვის საქონლის მიწოდების ფაქტის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმეების: გ. კ-ი და დ. ა-ის /რომლებიც 22.03.2014 წ. და 21.03.2015წ. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული არიან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილ პირებად და ხელს აწერენ ამავე თარიღების საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებს. რაც შეეხება 07/11/2014 წლის სასაქონლო ზედნადებს, მასში საქონლის მიმღები პირის მონაცემები მითითებული არ არის და არც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტია წარდგენილი/ განმარტებების შეფასებისას სასამართლომ აღნიშნა:

3.4.1. მოწმე გ. კ-მა განმარტა, რომ დაურეკეს მყიდველის (მოსარჩელის) მაღაზიიდან, მაღაზიის მენეჯერმა და მისგან მიიღო დავალება საქონლის გადაზიდვის თაობაზე, საქონელი ჩამოიტანა წნორში და დაცალეს საწყობში. ანალოგიური შინაარსის განმარტება მისცა დ. ა-მაც, რომელიც მყიდველის სიმამრია. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ შპს ,,ლ- ოსათვის” არაერთხელ გადაუზიდავს საქონელი თბილისიდან წნორში, მაღაზიის მენეჯერის დავალებით და გადაზიდული საქონელი მიჰქონდა მაღაზიაში. მისივე განმარტებით, მოპასუხეს მისთვის მინდობილობა არასოდეს მიუცია.

3.4.2. საქმეში წარდგენილია სამეწარმეო რეესტრიდან შპს ,,ლ-ოს” ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმე დ. ა-ი არის შპს ,,ლ- ოს” პარტნიორი, ხოლო საწარმოს დირექტორი 2014 წლის 10 მარტის მდგომარეობით არის მოპასუხის (მყიდველის) ცოლი - ლ. ა-ი, ხოლო 2016 წლის 14 იანვრიდან - თვითონ მოპასუხე. მხარეები ადასტურებენ რომ შპს ,,ლ- ოს” და მოსარჩელეს შორის წლების განმავლობაში არსებობდა სავაჭრო ურთიერთობა და მოსარჩელეს ამ მაღაზიისათვის მიწოდებული აქვს რამდენიმე ასეული ათასი ლარის ღირებულების საქონელი. ხოლო უშუალოდ მოპასუხის მიერ საწარმოსაგან საქონლის შეძენის ფაქტზე მოსარჩელემ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ მიუთითა.

3.5. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასაქონლო ზედნადებებით მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ დასტურდებოდა; მოწმეთა განმარტებებითაც არ დასტურდებოდა მათთვის მოპასუხის მიერ საქონლის გადაზიდვის დავალების და ნასყიდობის საგნის მიღების უფლებამოსილების მინიჭების ფაქტი, არც გადაზიდული საქონლის უშუალოდ მოპასუხის (მყიდველის) მიერ მიღების ფაქტი.

3.5.1. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების - მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულების არსებობის თაობაზე. ამდენად, არ არსებობდა საწარმოს სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტების, მოწმეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებებების, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ზემოხსენებული ინსტრუქციის არასწორ შეფასებას და აქედან გამომდინარე მცდარ დასკვნებს ეფუძნება;

6.1.2. წინააღმდეგობრივია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადები არ ითვალისწინებს დამოწმებას ფიზიკური პირის მიერ, მაგრამ ასეთი ზედნადები მაინც არ განიხილება გარიგებად; სასამართლომ არ შეაფასა ამ ზედნადებებში მითითებული რეკვიზიტები: მყიდველი და მძღოლი, ვერ დაინახა ურთიერთკავშირი და ფაქტობრივი გარემოება საქონლის მყიდველისათვის გაგზავნის შესახებ.

6.1.3. მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები გამომდინარეობდა, ამ უკანასკნელთა ვინაობიდან და მოპასუხესთან ნათესაური კავშირიდან, რაც არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით საწარმოს საკასაციო განაცხადი ცნობილია არსებითად განსახილველად დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებულ პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია.

9. განსახილველ შემთხვევაში საწარმომ საკუთარი მოთხოვნის ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმაზე, რომ მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულებით მიაწოდა საქონელი, ხოლო გადაცემული საქონლის დასტურად სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ელზედნადებები და მიღება-ჩაბარების აქტები.

10. მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობას ეხება საკითხი, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლითაც საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები, კერძოდ: „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა (12.06.2012. N6446). ამავე კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი, კერძოდ, პირველი ნაწილით: „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან). მითითებული საჯაროსამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა.

11. საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მხარეები ადასტურებენ მათ შორის წლების მანძილზე არსებულ ურთიერთობას (იხ. ამ განჩინების 3.4.2 ქვეპუნქტი). სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის არათანასწორი წილი დააკისრა მოსარჩელეს და მის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულების (სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები), საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების განმარტებების, რომელთაგან ერთ-ერთი მოპასუხის (მყიდველის) სიმამრია, საპირისპიროდ ჯეროვნად არ შეამოწმა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცების სამართლებრივი ვარგისიანობა.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დეტალურად გაანალიზება არ იძლევა იმ დასკვნის ცალსახად გამოტანის შესაძლებლობას, რომ საწარმოს მიერ შექმნილი დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები, მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს არ ადასტურებს (იხ. 3.3.3. ქვეპუნქტი). საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტზე, როგორც მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შექმნილ და არასარწმუნო მტკიცებულებაზე მსჯელობა, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ინსტრუქციაზე დაყრდნობით არ არსებობს მყიდველის მხრიდან სასაქონლო ზედნადების დადასტურების ვალდებულება (იხ. 3.3.2-ე ქვეპუნქტის ბოლო წინადადება), დაუსაბუთებელი მსჯელობაა და არ გამომდინარეობს ამ განჩინების მე-10 პუნქტში მოხმობილი საგადასახადო მოწესრიგებიდან.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გააახვილებს სასაქონლო ზედნადებებზე, რომელთაგან ორზე რეკვიზიტები /გამყიდველი - მოსარჩელე საწარმო; მყიდველი-მოპასუხე; მყიდველის სახელით საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი ნდობით აღჭურვილი პირი/ 22.03.2014წ. ელ-0107016729 და 21.03.2015წ. ელ-0164597645 (ტ.1, ს.ფ.15 და 17) სრულად არის შევსებული, ამასთან, მოსარჩელისა და მოპასუხის მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა, სადაც პრეზუმირებულია მოპასუხის ზეპირი მითითებით (დავალებით) ამ უკანასკნელის ნდობით აღჭურვილი პირებისათვის გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდება და ამ საქონლის სწორედ მოპასუხის სიმამრის კუთვნილი მაღაზიის, რომლის დირექტორიც მეუღლის შემდეგ, თვითონ მყიდველი გახდა, ადგილმდებარეობის მიხედვით ჩატანა მაღაზიის მენეჯერის ზეპირი მითითებით, ერთობლივად იძლევა მყარი ვარაუდის დაშვების საფუძველს, რომ მოპასუხის ზეპირი მითითებით ჩაიტანეს სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ღირებულების პროდუქცია მოწმედ დაკითხულმა პირებმა და გადასცეს მოპასუხეს.

14. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით ჩასატარებელი კვლევის დროს, საწარმოს მიერ აღძრული სარჩელის გასაქარწყლებლად მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებების სარწმუნოობა ხელახლა უნდა შეფასდეს და დადგინდეს, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რომლებშიც ყველა რეკვიზიტი ამომწურავად არის მითითებული /ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ზემოხსენებული ინსტრუქციის თანახმად, მე-14 და მე-18 სტრიქონების შევსება სავალდებულო არაა/, გამყიდველის მხრიდან რა ღირებულების საქონლის მოთხოვნის უფლება შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულად. „სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს“ (იხ. სუსგ # ას 794-743-2017, 31.07.2017წ.).

15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდება სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობას.

16. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "კ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე