საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-651-607-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. უ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები - ნოტარიუსი თ. ე-ი, სს "ს-ი", ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო
თავდაპირველი მოპასუხე - ნ. ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. გ-ესა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი) და ნ. ბ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მოვალე) შორის 2014 წლის 15 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავში, 2-, საკადასტრო კოდი: 0-158; 44,12კვ.მ. (შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ხელშეკრულება, ტ. 2, ს/ფ 33-35).
2. 2014 წლის 2 მაისს ნოტარიუსმა თ. ე-მა (შემდეგში: მესამე პირი ან ნოტარიუსი) გასცა სააღსრულებო ფურცელი მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს.კ. 0-158 - იპოთეკის საგნის აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე (იხ. სააღსრულებო ფურცელი, ტ. 2, ს/ფ 134-136).
3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 1 ივლისის სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების ოქმით, აღმასრულებლები იმყოფებოდნენ მოვალის მისამართზე, სადაც უძრავი ქონება ფიზიკურად გაერთიანებული დახვდათ მეზობლად მდებარე საცხოვრებელ ბინასთან. უძრავ ქონებას ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს (შემდეგში: მესამე პირი) მიერ 2014 წლის 5 მაისს დაედო ყადაღა (იხ. ტ. 2, ს/ფ 14, 17).
4. უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავში, 2.. ს/კ 0-159 საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ. უ-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 18-19).
5. ამ განჩინების პირველ და მეოთხე პუნქტებში აღნიშნული უძრავი ქონებები გაერთიანებულია და მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი 0-159, საერთო ფართი 110.05 კვ.მ.
6. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში 2013 წლის 2 აპრილიდან მეორე მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული, 2013 წლის 4 ივნისიდან - მ. ჯ-ზე, 2013 წლის 17 სექტემბრიდან - ხ. ნ-ეზე, ხოლო 2014 წლის 20 თებერვალს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრე გახდა მოსარჩელე, შეძენის მომენტში უძრავი ქონება არ იყო დატვირთული იპოთეკით და არ იყო დაყადაღებული.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მესაკუთრემ 2014 წლის 18 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ნივთის ყადაღისგან გათავისუფლების, იპოთეკის ნაწილში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
7.2. მოსარჩელის განმარტებით მეორე მოპასუხეზე იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0-158, ასევე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0-159, რომლებიც გააერთიანა მეორე მოპასუხემ და ფართი გახდა 110.05 კვ.მ. საბოლოოდ აღნიშნული გაერთიანებული ფართის მესაკუთრე გახდა მოსარჩელე. ამიტომ მოვალის საკუთრებაში უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია 0-158, არსებობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან 2013 წლის 3 აპრილს უძრავი ქონება მან გაასხვისა და არ გააჩნდა მასზე საკუთრების უფლება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისთვის კი არ ჰქონდა მესაკუთრის თანხმობა, რის გამოც ხელშეკრულება ბათილია, როგორც გარიგება დადებული არაუფლებამოსილი პირის მიერ.
7.3. ამის საფუძველზე, ასევე ბათილია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის ნაწილში. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში კრედიტორის მიმართ მესაკუთრეს არავითარი ვალდებულება არ გააჩნია და მისი ბინის რეალიზაცია, კრედიტორისათვის სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, უკანონოა, რითაც ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. პირველმა მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საჯარო რეესტრში ხელშეკრულების დარეგისტრირების დროს არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა, რის გამოც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
8.2. მეორე მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა.
8.3. ნოტარიუსმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 15 იანვარს სანოტარო ბიუროში მას მიმართეს კრედიტორმა და მოვალემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების მოთხოვნით, რომელიც კანონის სრული დაცვით განხორციელდა და გაფორმდა საჯარო რეესტრში.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისგან გათავისუფლდა უძრავი ქონება, ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 15 იანვრის იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, იპოთეკის ნაწილში, გაუქმდა ნოტარიუსის 2014 წლის 2 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში.
9.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში:სსკ) 50-ე, 52-ე, 54-ე, 62-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 185-ე, 286-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40.1 მუხლებით, 44-ე მუხლის პირველი და მეექვსე ნაწილებით, 45-ე მუხლით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის კეთილსინდისიერების ფაქტი ეჭვს არ იწვევდა. მან შეიძინა ქონება, რომელიც არ იყო იპოთეკით დატვირთული და დაყადაღებული.
9.3. იპოთეკის ხელშეკრულების წარმოშობისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნების გამოვლენა, განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილი იყო, რომ იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია მეორე მოპასუხესთან.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 185-ე მუხლის დანაწესი, იმის მიუხედავად, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, იპოთეკის საგანი - ს/კ 0-158 მოვალის სახელზე ირიცხებოდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2. სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგან სააპელაციო საჩივრით არც ერთი მათგანი სადავო არ გამხდარა.
11.3. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს, უძრავი ქონება ს/კ 0-158 მოვალის საკუთრება არ ყოფილა. აღნიშნული დადასტურებული იყო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
11.4. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის კეთილსინდისიერების ფაქტი, შესაბამისად, პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 52-ე, 170-ე, 62-ე და 54-ე მუხლების დანაწესით, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის ნების არარსებობის გამო, სახეზეა სადავო 2014 წლის 15 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე, სადავო სააღსრულებო ფურცლის გაუქმების და უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნის წინაპირობაა.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 52-ე, 62-ე და 54-ე მუხლები, რადგან მეორე მოპასუხემ დააფიქსირა თავისი ნება სადავო ფართის სესხის უზრუნველყოფის შესახებ. სასამართლომ არ გამოიყენა ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა სისრულის პრეზუმფციის არსებობისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპი.
12.3. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მესაკუთრეს ნება არ გამოუხატავს, რადგან მეორე მოპასუხემ გამოხატა ნება და ის იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაოქ საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
17. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სესხისა და იპოთეკის ხლშეკრულების გაფორმების დროს მოვალემ გამოავლინა ნება იპოთეკით დატვირთულიყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც ქვემდგპომმა სასამართლოებმა არ გაიზიარეს.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს მოვალე ირიცხებოდა უძრავი ქონების მესაკუთრედ, არ არის დადასტურებელი საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. საქმეში განთავსებულია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც უძრავ ქონებაზე მესაკუთრეები იმ ქრონოლოგიით იცვლებოდნენ, როგორც ეს ამ განჩინების მე-5 პუნქტშია აღწერილი. სწორედ ამიტომ, დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, რომ იპოთეკა მოვალის საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებას დაედო.
20. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლება 2014 წლის 14 თებერვალს წარმოიშვა, მაშინ როცა ეს ორი უძრავი ქონება გაერთიანებული იყო, 2013 წლის 11 სექტემბრიდან კი იმავე გაერთიანებულ ქონებას საკუთრების უფლებით ხ. ნ-ე ფლობდა. აქედან გამომდინარე, 2014 წლის 15 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკა უძრავ ქონებას მესაკუთრის ნების გარეშე დაედო.
21. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 54-ე, 62-ე, 170-ე მუხლებს და განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე მესაკუთრის ნების გარეშე დადებული ხელშეკრულება ითვლება ბათილად და ის არ წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც ამ ხელშეკრულების დადებით მხარეებმა განიზრახეს.
22. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომელიც ამ განჩინების 12.3 ქვეპუნქტშია მითითებული და იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე არ გამოიყენა საკუთარი პროცესუალურსამართლებრივი ვალდებულება და არ წარუდგინა სასამართლოს სარჩელის პასუხად შესაგებელი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი და 8.2 ქვეპუნქტი), ამ უკანასკნელის მიმართ დადგა სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დადასტურებულად ჩაითვალა მეორე მოპასუხის მიმართ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-664-635-2016, 202-ე პუნქტი).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება“ (იხ. სუსგ ას-1777-1755-2011, 04.06.2012 წ. ას-262-253-2012, 25.06.2012 წ.).
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. გ-ეს (პ/ნ 3-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 678.6 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 12 ივნისი), 70% – 475.02 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე