Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-658-614-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –მ. ქ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1.1.მოსარჩელესა და ნ. გ-ს (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი, იპოთეკარი ან კრედიტორი) შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით, ასევე, 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმებული გარიგებით წარმოშობილი ვალდებულება 4000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების შესახებ შეწყდა ნაწილობრივ, 445 აშშ დოლარის ნაწილში. მხარეთა შორის არსებული ვალდებულება 445 აშშ დოლარის ნაწილში ჩაითვალა შესრულებულად;

1.1.2. სასარჩელო მოთხოვნა 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით, ასევე, 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოშობილი სესხის გადახდის ვალდებულების სრულად შეწყვეტის და ვალდებულების შესრულებულად აღიარების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

1.2. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე, 427-ე მუხლები.

2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

2.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. ამ განჩინების 1.1.2 ქვეპუნქტში დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნა) შემდეგი დასაბუთებით:

2.1.1. სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, თუ რამ განაპირობა 2015 წლის 6 თებერვალს ხელშეკრულების დადება იმ თანხაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ უკვე ფაქტობრივად გადახდილი იყო;

2.1.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 28 ნოემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოპასუხემ მოსარჩელისაგან ზედმეტი თანხის სახით 4500 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2013 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებით - 3 635 აშშ დოლარი, რაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა არაერთხელ დაადასტურა;

2.1.3. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ 2015 წლის ხელშეკრულება ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენდა და იგი წინარე ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობდა, შესაბამისად, ახალ დამოუკიდებელ ვალდებულებას არ წარმოშობდა;

2.1.4. მოსარჩელის ნდობა მოპასუხისადმი, ამ უკანასკნელმა ბოროტად გამოიყენა და მოსარჩელე აიძულა, ხელი მოეწერა მესამე - 2015 წლის 6 თებერვლის - ხელშეკრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონის წესით გაუსხვისებდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით, მსესხებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

3.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 28 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი მიიღო. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით მხარეებმა 2015 წლის 6 თებერვალს, ნოტარიუსის თანდასწრებით, დამატებითი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის საფუძველზეც, ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარამდე შემცირდა. ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად 2015 წლის 6 აგვისტო, ხოლო სარგებელი - საერთო თანხის 3%-ით განსაზღვრა.

3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მხარეთა შორის ვალდებულებების შეწყვეტილად აღიარება, ხოლო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა მის მიერ ხელშეკრულებებით (იხ. 3.3. ქვეპუნქტი) ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებაზე. ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნისა და მისი ფაქტობრივი საფუძვლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელი იყო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების (4000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაფარვის) შესრულების ფაქტის დასაბუთებულობა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

3.4.1.სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი;

3.4.2. სასამართლომ მხარის ყურადღება გაამახვილა სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. კერძოდ, გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი) კი მსესხებელს, მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელეს, როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს, ეკისრებოდა (იხ. სუსგ # ას-965-926-2014, 30.04.2015წ.);

3.4.3. გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება. ნების გამომვლენს ნოტარიუსი განუმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანმდევ შედეგებს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება დადასტურებული იყო ნოტარიუსის მიერ. შესაბამისად, მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ მსესხებელი გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი. ამის საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი მტკიცებულებით;

3.4.4. სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სარჩელით მსესხებელი არ ითხოვდა 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობას იძულების, მოტყუების ან კანონით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლით. მოვალემ სარჩელით ვალდებულების შეწყვეტა მოითხოვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სადავო ვალდებულება მან უკვე შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარში მოვალის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებაზე მსესხებლის მიერ ხელისმოწერა, მოპასუხის მხრიდან ნდობის ბოროტად გამოყენებისა თუ იძულების გარემოებით იყო განპირობებული, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა, რადგან აღნიშნული გარემოებები სარჩელის საფუძველს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, არ განეკუთვნებოდა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს.

3.5. სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. თუმცა, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

3.5.1. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი 4000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება შეასრულა, რის გამოც სსკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შეწყვეტილიყო;

3.5.2. აპელანტი (მსესხებელი) 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად საქმეში წარდგენილ იმ წერილობით მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომლითაც 2012-2013 წლებში განხორციელებული გადახდები დასტურდება. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ კი, მოპასუხე (გამსესხებელი) განმარტავს, რომ მან აღნიშნული გადახდები სრულად გაითვალისწინა და სწორედ ეს შესრულებები გახდა 2011 წლის 28 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი, რა დროსაც მხარეები 2015 წლის 6 თებერვალს სესხის ძირითადი თანხის შემცირებულ ოდენობაზე, კერძოდ, 6000 აშშ დოლარის ნაცვლად, 4000 აშშ დოლარზე შეთანხმდნენ;

3.5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საცილოდ არ არის გამხდარი (განსახილველი სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს) 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების ნამდვილობა, მოსარჩელეს (მოვალეს) უნდა წარედგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განხორციელებულ გადახდებს დაადასტურებდა, თუმცა, მას ასეთი მტკიცებულებები არ წარუდგენია. შესაბამისად, სარჩელს, დაუსაბუთებლობის მოტივით, მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

4. მოვალის საკასაციო საჩივარი

4.1. მსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. ამ განჩინების 2.1.1-2.1.4 ქვეპუნქტები).

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოვალის საკასაციო საჩივარი არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

6. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპის თავისებურების გათვალისწინებით, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შემოწმებულა სარჩელის გამართულობა ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი საფუძვლიანობა, ასეთი შესაძლებელია სწორედ საქმის მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოხდეს, რაც მართლმსაჯულების განხორციელების საპროცესო ეკონომიის პრინციპს ემსახურება და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს დავის საგნის შეცვლად ან გადიდებად, რაც დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოში სსსკ-ის 381-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ # ას -595-554-2017, 15.12. 2017 წ.).

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 42-47) - სააღსრულებო ბიუროს მიმართვასა და აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე (იხ. სუსგ # ას-437-409-2017, 29/09.2017წ.);

8.1. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობის საფუძველია წინამდებარე განჩინების 3.3 ქვეპუნქტში მითითებული 2011 წლის 28 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ვალდებულების შესრულების დრო არის 2016 წლის 6 აგვისტო და კრედიტორის (მოპასუხის) მიერ მოთხოვნილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრება: სესხის ძირითადი თანხა - 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი 3 (სამი) თვის, თვეში 3,0 (სამი) % - 360 აშშ დოლარი; სულ - 4360 (ოთხი ათას სამას სამოცი) აშშ დოლარი;

8.2. მოსარჩელე დავის არსის მოკლე მიმოხილვაში უთითებს, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებით ემუქრება მოპასუხე, ზემოხსენებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის - სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 2-3). მოსარჩელე ითხოვს კრედიტორთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების /მასში შესული ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების - 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის, როგორც ძირითადი თანხის და 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის, სარგებლის სახით/ შესრულებულად აღიარებას, რაც კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულების შეწყვეტად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელით მოთხოვნილია ვალდებულების შეწყვეტა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოვალემ სადავო ვალდებულება უკვე შეასრულა (იხ. ამ განჩინების 3.4.4 ქვეპუნქტი).

9.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა დააზუსტებინოს მოსარჩელეს (აპელანტს) მოთხოვნა, კერძოდ, ხომ არ ითხოვს იგი ნოტარიუს დავით ფუტკარაძის მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს კრედიტორის (რომელიც ამ დავაში მოპასუხეა) სასარგებლოდ გაცემული # 151066125 საღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას და თუ ეს ასეა, მაშინ, სააღსრულებო ფურცელში მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება რა ოდენობას შეადგენს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე - სარგებლის ნაწილში.

9.2. ამასთან, გასაზიარებელია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რასაც სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი თანხის 445 აშშ დოლარით შემცირების (ამ მოცულობით ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის) ნაწილში, რადგან თავად კრედიტორმა დაადასტურა, რომ მოვალემ მას გადაუხადა 445 (ოთხას ორმოცდახუთი) აშშ დოლარი (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ.121 და სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.2, ს.ფ. 91), თუმცა, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სასარჩელო მოთხოვნის გამართულობის თვალსაზრისით, დამატებით უნდა დადგინდეს: 445 აშშ დოლარის გადახდით ნაწილობრივ შესრულდა სესხის ძირითადი თანხის თუ სარგებლის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ფაქტის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 2000 (ორი ათასი), ხოლო ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის სასარგებლოდ მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 4000 (ოთხი ათასი) დოლარი სასარჩელო მოთხოვნაში მოვალის მიერ მითითებული თანხის იდენტურია, სარგებელის ოდენობა კი სასარჩელო მოთხოვნასა და სააღსრულებო ფურცელში განსხვავებულია. სააღსრულებო ფურცელში სარგებელი 360 (სამას სამოცი) აშშ დოლარს შეადგენს, რაც განსხვავდება მოვალის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული სარგებლის (2000 აშშ დოლარი) ოდენობისაგან (შდრ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 6 და წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ტ.1, ს.ფ. 43). სააპელაციო საჩივრით მოვალემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისი უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელემ უნდა დააზუსტოს თავისი მოთხოვნა და დააკონკრეტოს, სესხის ძირითად ნაწილში და დარიცხულ სარგებელში რას შეადგენს კრედიტორისადმი მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულება.

10. ზემოხსენებული მოტივაციითა და სამართლებრივი მითითების ფარგლებში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი