Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-701-655-2017 7 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– ხ. ჩ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს-მა“ (შემდეგში: მესაკუთრე, ბანკი ან მოსარჩელე) თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 28 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონზე 36 500 ლარად შეიძინა ქ. რუსთავში, რ-ის ქუჩაზე №27 მდებარე ბინა №2, ს/კ 0-. (შემდეგში უძრავი ქონება).

2. 2012 წლის 21 დეკემბერს აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 17-18).

3. მესაკუთრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობს ხ. ჩ-ე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მესაკუთრემ 2016 წლის 14 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უძრავი ქონებიდან მოპასუხის გამოსახლებისა და მესაკუთრისათვის ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, ამ განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით.

4.2. მესაკუთრემ აღნიშნა, რომ მოპასუხის გამო ვერ ხერხდება უძრავი ქონებით სარგებლობა უკვე თითქმის 4 წელია, რის გამოც მას ფინანსური ზიანი ადგება. მან ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს, შესაბამისი რეაგირებისა და უკანონო მფლობელობის აღსაკვეთად, თუმცა - უშედეგოდ.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის 21 დეკემბრამდე უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო მის სახელზე, ხოლო ბანკის მითითება, მფლობელს გაეთავისუფლებინა საცხოვრებელი ფართი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

5.2 სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო და დაადასტურა მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. თუმცა, განმარტა, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს საშუალება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს მოსარჩელეს, ვინაიდან არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და არ აქვს შესაძლებლობა სხვა ბინაში გადავიდეს საცხოვრებლად.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, ასევე, განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ თუ არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები და თუ ეს მოქმედება არ არის უფლების ბოროტად გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მოსარჩელეს ეკუთვნის. განსახილველ შემთხვევაში მფლობელს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, ასევე, მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შესაძლოა ბანკი შეიზღუდოს.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.2. ბანკმა აუქციონის საშუალებით შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც ჩატარდა მფლობელზე დაკისრებული დავალიანების ამოღების მიზნით. მოპასუხე სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად, ასევე, მფლობელმა არაერთხელ მიმართა ბანკს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის დახმარებით, რომ მის მიმართ არსებული დავალიანება განაწილებულიყო.

7.3. მოპასუხემ აღნიშნა, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ მას შეუზღუდა უფლება, ჰყოლოდა ადვოკატი. სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხესთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის მიმართ გამოსახლების მოთხოვნის არსებობა-არარსებობაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება, რომ მას პირველი ინსტაციის სასამართლოში შეეზღუდა ადვოკატის ყოლის უფლება, რადგან არ არსებობდა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ასევე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ იმსჯელა არასრულწლოვან შვილთან მიმართებით, რადგან იგი არ წარმოადგენდა განსახილველი სარჩელის მოპასუხეს.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9.2. კასატორმა იმეორებს სააპელაციო საჩივარში დასახელებულ პრეტენზიებს (იხ. ამ განჩინების 7.2-7.3 პუნქტები) და დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ ვერ შეძლო მხარეთა შორის მორიგება ეწარმოებინა. მოპასუხე მზად იყო, მოსარჩელისათვის წინასწარ 3000 ლარი, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეხადა.

9.3. კასატორის განმარტებით, სასამართლოს შეეძლო მისთვის სახაზინო ადვოკატი დაენიშნა, თუმცა, აღნიშნული საპროცესო უფლების გამოუყენებლობით, სასამართლოებმა მოპასუხე დაუცველი დატოვეს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

16.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

16.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

16.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. სარჩელით მესაკუთრე ითხოვდა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას მოპასუხის (კასატორის) უკანონო მფლობელობიდან და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, რაც მართებულად დააკმაყოფილა სასამართლომ, შესაბამისად, ამ კონტექსტში კასატორის არგუმენტი, რომ მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის შესახებ არ უმსჯელია სასამართლოს დაუსაბუთებელი შედავებაა, ამასთან, მხარე ხან შვილის არასრულწოვანებაზე უთითებს, ხან იმაზე, რომ შვილი გრძელვადიან სამსახურებრივ მივლინებაშია წასული (გემზე სამუშაოდ; იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ.49-57).

17. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას ადვოკატის ყოლის უფლება შეეზღუდა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს შეეძლო ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, რასაც კანონი და, შესაბამისად, სასამართლო არ კრძალავს. ხოლო სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობენ გადახდისუუნარო მხარეები ისეთ საქმეებში, როცა საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გამო, საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია. ამისათვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ხ. ჩ-ეს (პ/ნ 3-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N16, გადახდის თარიღი 2017 წლის 12 ივნისი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე