Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-781-730-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ღ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ე-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ე-ის სარჩელი მოპასუხეების ვ. ღ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი აპელანტი), გ. ღ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ნ. ც-ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მესამე აპელანტი), დ. ღ-ის (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე ან მეოთხე აპელანტი) და მ. ღ-ის (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე ან მეხუთე აპელანტი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხოლო დანარჩენ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე, 372-ე, 373-ე, 374-ე, 59-ე, მე-60, 61-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეორე მოპასუხეც იყო, დაუდგინდა ხარვეზი და დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა. მათ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ყველა აპელანტის მიერ ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

5. ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე აპელანტების მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი წარუდგინეს, ასევე განმარტეს, რომ მეორე მოპასუხე საქართველოში არ იმყოფებოდა, ამიტომ სააპელაციო საჩივარს მან ხელი ვერ მოაწერა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 21 აპრილს პირველმა მოპასუხემ პირადად და როგორც მეორე მოპასუხის ძმამ ჩაიბარა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, პირველი აპელანტი ხელწერილში უთითებს, რომ განჩინება ჩაიბარა თავისი ძმისთვის, მეორე აპელანტისათვის გადასაცემად (ტ. 2, ს/ფ 22). ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა 2017 წლის 22 აპრილიდან დაიწყო და 2017 წლის 1 მაისს (ორშაბათი) ამოიწურა. მეორე აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა: ის გარემოება, რომ მეორე აპელანტი საქართველოში არ იმყოფებოდაა, მას სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შევსებისაგან არ ათავისუფლებდა. მას შეეძლო სათანადო წესით გაეფორმებინა მინდობილობა უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც მას სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარში საუბარია ბინაზე, რომელშიც სხვა აპელანტებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს კერძო საჩივრის ავტორიც, აღნიშნული გარემოება საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლოს სრულად მიეღო წარმოებაში საჩივარი და ნაწილობრივ განუხილველად არ დაეტოვებინა ის. მით უმეტეს, კერძო საჩივრის ავტორს, საზღვარგარეთ ყოფნის დროს, პრაქტიკულად არც ჩაჰბარებია სააპელაციო სასამართლოს რაიმე განჩინება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

14. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 21 აპრილს კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), აქედან გამომდინარე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი არ ჩაჰბარებია.

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო ხარვეზი ვერ გამოასწორა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ როგორც პირადად, ასევე - წარმომადგენლის მეშვეობით. კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო, სსსკ-ის 96-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, წარმომადგენლისათვის უფლებამოსილება გაეფორმებინა. მეორე აპელანტის მიერ სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შესახებ სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი საქმის მასალებით არ დასტურდება.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზრვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ღ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე