საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-837-783-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. რ-ო, ვ. რ-ო (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი ვ. რ-ოსა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და მ. რ-ოს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული.
6. 2017 წლის 17 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა და სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
6.1. აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - სულ 270 ლარის ანაზღაურება მოპასუხეებს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაეკისრათ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური უსწორობა გასწორდა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა 41 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 270 ლარის ანაზღაურება.
7.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 260-ე და 53.1-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ვინაიდან მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია, მის მიერ გადახდილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრათ მოწინააღმდეგე მხარეებს ანუ მოპასუხეებს, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა შესაბამის პუნქტს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომა უნდა გასწორებულიყო და მოპასუხეებს უნდა დაჰკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ორი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 270 ლარის ანაზღაურება.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება მოითხოვეს.
8.1. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან მოპასუხეები ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, შესაბამისად, ეს გარემოება გამორიცხავს განჩინებით დაკისრებული თანხის გადახდის შესაძლებლობას.
8.2. მოპასუხეებმა მიუთითეს, არომ კერძო საჩივრის ავტორთაგან პირველი მწოლიარე ავადმყოფია, ხოლო მეორე - უმეშევარია და, შესაბამისად, არ გააჩნია შემოსავალი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივნისისა და 4 სექტემბრის განჩინებებით ორივე მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, მოპასუხეთა კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
12. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას მოიხმობს და განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მხარეთა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების წესს. აღნიშნული დანაწესით არ წესრიგდება მხარეთა შორის სახელმწიფო ხარჯების განაწილების საკითხი, როგორც ეს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაშია აღნიშნული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ის ფაქტი, რომ მოპასუხეები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გავლენას ვერ ახდენს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გაწეული სახელმწიფო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებაზე, რაც მოპასუხეს ეკისრება. სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებით მოქმედებს და ის არ ადგენს მხარეთა შორის სახელმწიფო ხარჯების განაწილების წესს. მხარეთა შორის სახელმწიფო ხარჯების განაწილების წესი დამოკიდებულია სასამართლო დავის განხილვის საბოლოო შედეგზე და მოწესრიგებულია სსსკ-ის 53-ე მუხლით.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებაზე, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ისინი ვერ შეძლებენ განჩინებით დაკისრებული თანხის მოსარჩელისათვის გადახდას. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით თუ იძულებით შესრულების საკითხი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე წყდება, რასაც შესაბამისი კომპეტენტური ორგანო წარმართავს და აღნიშნული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება. ამ კანონით დადგენილია აღსრულების წესი და პირობები, მათ შორის გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა დაცვის გარანტიები (იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38.12-ე და 45-ე მუხლები).
14.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ოს და ვ. რ-ოს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე