Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-848-792-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ბ. მ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო. ს-ი (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 30 მარტის №A15088446-016/001 განკარგულების საფუძველზე გახდა ქ. თბილისში, დ/დ-ი, დ. თ-ის ქ. 12 -ში მდებარე საცხოვრებელი ბინის # 28 (შემდეგში: უძრავი ქონება; ს/კ 0---), მესაკუთრე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 25-26).

2. უძრავ ქონებას ფლობენ ბ. მ–ა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და გ. მ–ა (შემდეგში: მეორე მოპასუხე).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მესაკუთრემ 2016 წლის 27 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ მათი საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებისა და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემის მოთხოვნით.

3.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს დასახელებულ საცხოვრებელ ბინაში და მზად იყო გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება ნებაყოფლობით, თუმცა მოსარჩელემ იგი მოატყუა.

4.2. პირველი მოპასუხის განმარტებით, სააღსრულებო ბიურომ საჯარო აუქციონი ჩაატარა კანონის დარღვევით და ის ითხოვს თავდაპირველი მესაკუთრისათვის ნასესხები 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარის დაბრუნებას უძრავი ნივთის ღირებულებიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტით,

4.3. მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

5.2. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე, ასევე - საცხოვრებელ ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.

5.4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა და ამ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ეს უკანასკნელი უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, ასევე, მისი აზრით, უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ფიქციურ ხასიათს ატარებს.

6.3. აპელანტის განმარტებით, ის სადავო უძრავი ქონების იპოთეკარია ბინის ადრინდელ მესაკუთრესთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. პირველმა მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი დავალიანება ბინის ღირებულებას გაცილებით აღემატება, აქედან გამომდინარე, თუ პირველი მოპასუხე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ვერც დავალიანება დაიფარება სრულად და ვერც მესაკუთრე მიიღებს რაიმე თანხას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხე სამართლებრივი საფუძლის გარეშე ფლობდა მას.

7.3. სასამართლოს შეფასებით, პირველ მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ის უძრავ ქონებას მესაკუთრის ნებით ფლობდა, მას არ გააჩნდა უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ის არამართლზომიერი მფლობელი იყო.

7.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პრეტენზია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკა მისი მფლობელობის მართლზომიერებაზე მიუთითებს და განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს. იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გამოყენებითაც უზრუნველყოფილ კრედიტორს უფლება აქვს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით (სსკ-ის 286.1-ე მუხლი).

7.5. განჩინების 7.2-7.4 პუნქტებში მოცემული მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრისათვის უძრავი ქონება.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

8.2. მოპასუხემ იგივე ფაქტობრივი გარემოებები გაიმეორა, რაც მის სააპელაციო საჩივარშია წარმოდგენილი (იხ. ამ განჩინების 6.2-6.3 ქვეპუნქტები).

8.3. კასატორმა დამატებით აღწერა ის ეტაპები, თუ ვის ეკუთვნოდა სადავო უძრავი ქონება იქამდე, ვიდრე მოსარჩელე გახდებოდა მისი მესაკუთრე, ასევე - თუ როგორ წარიმართა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო დავა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

16. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას იპოთეკა ადევს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის დეტალებს განსახილველ დავასთან შემხებლობა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციულ სარჩელს, რომლის საკუთრებაშიც მყოფ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს კასატორი. მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დაედასტურებინა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ. მ-ას (პ/ნ 3-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 69, გადახდის თარიღი 2017 წლის 27 ივლისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე