საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-861-804-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2008 წლის 14 მაისს მ. ბ-ასა (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) და შპს „ა-ს“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე) შორის გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ №Q-B-32 (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც მოსარჩელე პირველ მოპასუხეს გადაუხდიდა 102 182 აშშ დოლარს, ხოლო პირველი მოპასუხე მოსარჩელეს აუშენებდა და საკუთრებაში გადასცემდა უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, ქ-ის ქ. №1ა, ბლოკი “B”, სართული 4, ბინა 32, საერთო ფართი-97.00 კვ.მ, ს/კ 0- (შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 13-23).
2. პირველმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სამშენებლო სამუშაოები დაესრულებინა არაუგვიანეს 2008 წლის 30 სექტემბრისა, ხოლო სახლი ექსპლუატაციაში მიეღო არაუგვიანეს 2009 წლის 30 იანვრისა. უძრავი ქონება მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცემოდა მისი ღირებულების სრულად გადახდისა და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ (იხ. ხელშეკრულების 4.1 და 4.2 პუნქტები, ტ. 1, ს/ფ 13-23).
3. მოსარჩელემ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ უძრავი ქონების ღირებულება სრულად გადაიხადა და უძრავი ქონება მას მფლობელობაში გადაეცა, თუმცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს ქონებაზე საკუთრების უფლება არ გადასცა.
4. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა, შემდეგი საფუძვლებით: კერძო აღმასრულებელ დ. დ-ძის მიმართვა №13005557-008/112, 24.01.2013 წ.; თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა №A14082342-008/001, 10.11.2014 წ.; თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა №13056857-009/001, 22.10.2013 წ., ამასთან, უძრავი ქონება სს „თ-ის“ სასარგებლოდ დატვირთულია იპოთეკით (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს/ფ 31-33).
5. 2011 წლის 11 აპრილს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ წინასწარი ხელშეკრულებით დადგენილი მოსარჩელის უფლება (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს/ფ 31-33).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. 2015 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხის, სს „თ-ის“, გ. ფ-ის, ზ. თ-ის, მ. ქ-ის, თ. ჩ-ის, დ. ა-ის, მ. ა-ას, გ. მ-ის, ი. ბ-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.
6.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ მან განახორციელა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები უძრავ ქონებაზე, მისი ოჯახი ცხოვრობს სადავო ბინაში, თუმცა, მოსარჩელე მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.
6.3. მოსარჩელის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ არაერთხელ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი, არწმუნებდა, რომ მოხდებოდა უძრავი ქონების გათავისუფლება უფლებრივი ნაკლისგან, თუმცა, პირველი მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და უძრავ ქონებაზე გამოყენებულია ყადაღა, რომლის საფუძვლები პირველი მოპასუხის მიმართ არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში გადასაცემ ფართთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, არამედ იგი სხვა დავებიდან გამომდინარეობს.
7. პირველი მოპასუხის შესაგებელი
7.1. პირველმა მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ცნო, მისი განმარტებით მოსარჩელის ორივე მოთხოვნა მართლზომიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. მეორე მოპასუხის შესაგებელი
8.1. მეორე მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.2. მან განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, კონკრეტულ შემთხვევაში კი საწინააღმდეგო არ მტკიცდებოდა და არ ვლინდებოდა ისეთი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა საჯარო რეესტრის მიერ ქონების არასწორი რეგისტრაციის ფაქტს. უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია პირველი მოპასუხე, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაავრცელოს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებები.
8.3. მეორე მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება ქონებაზე ფორმალურად და შინაარსობრივად არ იყო წარმოშობილი, ხოლო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება წარმოშობილია კანონიერად და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
9. დანარჩენ მოპასუხეთა შესაგებლები და ახსნა-განმარტებები
9.1. სს „თ-მა“ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ის არ წარმოადგენს სადავო საკითხზე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს და მესაკუთრის ცვლილება გავლენას ვერ იქონიებს იპოთეკარის უფლებაზე, რადგან იპოთეკა გარდამავალი უფლებაა.
9.2. გ. ფ–მა მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი წერილობითი შესაგებლით არ ცნო, თუმცა, 2016 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.
9.3. 2016 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სს „თ-ის“, ზ. თ-ის, მ. ქ-ის, თ. ჩ-ის, დ. ა-ის, მ. ა-ასა და გ. მ-ის წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9.4. ი. ბ-მა 2016 წლის 28 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ცნო.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება ყადაღისაგან გათავისუფლდა და ის მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.
10.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე, 327-ე, 361-ე, 323-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 193-ე მუხლით და დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია მათ შორის გაფორმებული ფართის ნასყიდობის შესახებ წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას აკისრებდა მხარეებს.
10.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო პირველ მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა მატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს საკუთრების უფლების აღრიცხვა წარმოადგენდა, რადგან პირველმა მოპასუხემ პირადად ვერ შეძლო აღნიშნულის განხორციელება.
10.4. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 131-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება, ასევე მოპასუხეებმა სადავოდ არ გახადეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის, პირველმა მოპასუხემ, ცნეს კიდეც სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არის არა სარჩელის ცნობა და მოპასუხეთა მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების აღიარება, არამედ ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შესაბამისობაშია განსახილველ დავასთან.
11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მეორე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1.1. გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
11.1.2. აპელანტმა გაიმეორა ამ განჩინების 8.2-8.3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია გარკვეულ ფორმალურ სამართლებრივ საკითხებთან, რომელიც დაწესებულია და განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნით, შესაბამისად, საკუთრების წარმოშობის დროის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა უნდა მიექცეს კანონმდებლობით დადგენილი, როგორც შინაარსობრივ, ასევე, ფორმალური წინაპირობების ზედმიწევნით დაცვას;
11.1.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება მისი ფორმალური და შინაარსობრივი წესების დაცვით არ არის წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე;
11.1.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების მოსარჩელეზე რეგისტრაციის შემთხვევაშიც საგადასახადო ორგანოს უფლებები არ უნდა გაუქმდეს.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ნაწილში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 477-ე, 361.2-ე მუხლები, სპეციალური კანონის მე-40, 32-ე მუხლები და განმარტა, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
12.3. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს წარმოეშვა საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება უძრავ ქონებაზე, ხოლო წინარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით მხარეებმა გამორიცხეს ამ ქონებაზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაცია.
12.4. სასამართლომ იხელმძვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2-ე მუხლითა და მე-11 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლის მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია 2011 წლის 11 აპრილს, ხოლო პირველი მოპასუხის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაცია განხორციელებულია 2014 წლის 12 დეკემბერს, რაც გამორიცხავდა აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება უფრო გვიან წარმოიშვა, ვიდრე საგადასახადო ვალდებულება. სადავო არაა, რომ ვალდებულებები შესრულებულია ხელშეკრულების მხარეებს შორის და სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება, ხოლო პირველ მოპასუხეს - ქონების მოსარჩელისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
13.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსსკ-ის 377-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არ შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. კასატორის აზრით, განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
13.3. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 11.1.1-11.1.4 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
17. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
18. ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ფორმალური და შინაარსობრივი წინაპირობების დაცვით არ არის წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა საქმეში არსებული გარემოებები დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები არ დავობენ, რის გამოც ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებული ფაქტები დადგენილად მიიჩნევა. განსახილველ დავაში მოპასუხეთა ნაწილმა სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხეთა მეორე ნაწილი მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სადავო არ არის, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც დადგენილად არის მიჩნეული, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო გამყიდველმა მყიდველს ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება არ გადასცა. ეს უკანასკნელი კი გამყიდველის, სსკ-ის 477.1-ე მუხლით გათვალისწინებული, ვალდებულებაა. გამყიდველი, რომელიც განსახილველ დავაში პირველი მოპასუხეა, სარჩელს ცნობს, მას სსკ-ის 361.2-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება ეკისრება.
21. საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლება 2011 წელს წარმოიშვა, საგადასახადო ვალდებულება კი - 2014 წელს. სწორედ ამიტომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასკვნებს, რაც ამ განჩინების 12.2-12.4 პუნქტებშია ასახული და არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის უფლებაზე ადრე საგადასახადო ვალდებულება წარმოიშვა უძრავ ქონებაზე.
22. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სპეციალური კანონის 32-ე მუხლს და დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე და მეორე მოპასუხე არ იმყოფებოდნენ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში. განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 312-ე მუხლი ვერ განიხილება საგადასახადო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად, რადგან თავად სახელმწიფოა პასუხისმგებელი საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე.
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც შეფასების საგანს წინამდებარე საქმეზე წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა და ასეთ პირობებში თავდაპირველი მესაკუთრის ვალდებულების უზრუნველსაყოფად ნასყიდობის საგნის დაყადაღების საფუძვლიანობა (იხ. სუსგ ას-1101-1050-2014, 06.02.2015 წ.; ას-658-625-2014, 05.12.14 წ.).
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
25. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე