საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-925-865-2017 25 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. გ-ა, ი. ჟ-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – იბა "ა-ის ჩიხის" წევრები: მ. ჩ-ი, ი. მ-ი, მ. რ-ი, ა. ვ-ი, ე. ს-ი, თ. ს-ი, ი. ს-ი, თ. ს-ი, თ.ი ს-ი-ტ-ი, რ. თ-ე, თ. ლ-ა, ს. კ-ი, ა. ჰ-ი, ო. კ-ი, ნ. ბ-ი, მ. დ-ე, გ. ბ-ი, ვ. ნ-ი, ა. ა-ი, ე. პ-ე, ნ. გ-ი-ზ-ი, ნ. ბ-ე, თ. დ-ი, ე. მ-ე, მ. ი-ი, ბ. ყ-ი, თ. ყ-ი-დ-ე, ი. მ-ი, ი. ქ-ი, მ. ქ-ე, ნ. გ-ი, რ. გ-ი, ი. გ-ი, გ. მ-ი, ს. ი-ი, თ. დ-ი, გ. ც-ი, მ. მ-ი, გ. მ-ი, ი. მ-ე, მ. ხ-ი, მ. ლ-ი (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ხ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე # 2/13690-12) ი. ჟ-ასა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და ი. გ-ას (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი- ტ.5, ს.ფ. 163-165):
1.1. მოპასუხეებს ნ. გ-ი-ზ-ს, ვ. ნ-ს, მ. ი-ს, ბ. ყ-ს, თ. ყ-ი-დ-ეს, ს. კ-ს, მ. დ-ეს, ე. პ-ეს, თ. დ-ს, რ. თ-ეს, ი. მ-ს, მ. ქ-ეს, ი. გ-ს, ს. ი-ს, ი- ც-ს, ნანა გ-ს, რ. გ-ს, გ. ბ-ს, ი. კ-ეს, კ- ა-ს, თ.ლ-ას, ნ. ბ-ს, ნ. ბ.ეს, თ. ს-ს, ე. ს-ს, თ. ს-ს, გ. მ.ს, ი. მ-ეს, თ. დ-ს, თ. ს-ი-ტ-ს, ი. ს-ს, მ. მ-ს, მ. ხ-ს, ა. კ-ს, ო. კ-ს, გ. მ-ს, მ. ლ-სა და ე. მ-ეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 102 650 აშშ დოლარისა და 10 900 ევროს გადახდა დაეკისრათ;
1.2. მოპასუხეებს ნ. გ-ი-ზ-ს, ვ. ნ-ს, მ. ი-ს, ბ. ყ-ს, თ. ყ-ი-დ-ეს, ს. კ-ს, მ. დ-ეს, ე. პ-ეს, თ. დ-ს, რ. თ-ეს, ი. მ-ს, მ. ქ-ეს, ი. გ-ს, ს. ი-ს, ი- ც-ს, ნ. გ-ს, რ. გ-ს, გ. ბ-ს, ი. კ-ეს, კ- ა-ს, თ.ლ-ას, ნ. ბ-ს, ნ. ბ.ეს, თ. ს-ს, ე. ს-ს, თ. ს-ს, გ. მ.ს, ი. მ-ეს, თ. დ-ს, თ. ს-ი-ტ-ს, ი. ს-ს, მ. მ-ს, მ. ხ-ს, ა. კ-ს, ო. კ-ს, გ. მ-ს, მ. ლ-სა და ე. მ-ეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 113 550 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ;
1.3. მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 579.11 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ, ხოლო - მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 580.69 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე # 2/16087-14) პირველი და მეორე მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი- ტ.5, ს.ფ. 25-26);
2.1. მოპასუხეებს მ. ჩ-ს, ი. მ-ს, მ. რ-სა და ა. ვ-ს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 102 650 აშშ დოლარისა და 10 900 ევროს გადახდა დაეკისრათ;
2.2. მოპასუხეებს მ. ჩ-ს, ი. მ-ს, მ. რ-სა და ა. ვ-ს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 113 550 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ;
2.3. მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 579.11 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ, ხოლო - მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 580.69 ლარის გადახდა.
3. ამ განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში დასახელებულ გადაწყვეტილებებზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა; 3.1.პირველი და მეორე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს ორივე გადაწყვეტილებაზე წარმოებაში იქნა მიღებული, ასევე, წარმოებაში იქნა მიღებული 1.2 ქვეპუნქტში დასახელებულ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე და 2.1. ქვეპუნქტში მითითებულ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი - ამ განჩინების მეორე პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 14 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე (საქმე # 2ბ/2484-15; იხ. სხდომის ოქმი - ტ.13, ს.ფ.71-92 და კომპაქტდისკი - ს.ფ. 93), რომელზედაც გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების 1-2 პუნქტები) აპელანტების (მოწინააღმდეგე მხარეების) იბა „ა-ის ჩიხის“ წევრების: ე. ს-ის, თ. ს-ის, თ. ს-ის, თ. ს-ი - ტ-ის, რ. თ-ის, თ.ლ-ას, ს. კ-ის, ა. ჰ-ის, ო. კ-ის, ნ. ბ-ის, მ. დ-ის, ვ. ნ-ის, კ- ა-ის, ე. პ-ის, ნ. გ-ი-ზ-ის, ნ. ბ.ის, თ. დ-ის, მ. ი-ის, ბ. ყ-ის, თ. ყ-ი-დ-ის, ი. მ-ის, ი. ქ-ის, მ. ქ-ის, ნ. გ-ის, რ. გ-ის, ი. გ-ის, გ. მ-ის, ს. ი-ის, თ. დ-ის, ი- ც-ის, გ. მ.ის, ი. მ-ისა და მოწინააღმდეგე მხარის, გ. ბ-ის წარმომადგენელმა - თ. გ-ემ და მ. ჩ-ის, ი. მ-ის, მ. რ-ისა და ა. ვ-ის წარმომადგენელმა ლ. ტ-მა იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე სამოქალაქო საქმეზე #2/8777-14 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ.ქვემორე მე-5 პუნქტი).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე #2/8777-14) კ- ა-ის (იხ. ამ განჩინების 1.1 ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ) სარჩელი დაკმაყოფილდა:
5.1. ბათილად იქნა ცნობილი იბა „ა-ის ჩიხის“ დაფუძნების შესახებ 2007 წლის 27 ნოემბრის სანოტარო აქტი (რეესტრში რეგისტრაციის #1-19179);
5.2. უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, გ. ა-ის ჩიხი #3, ს/კ ... საცხოვრებელი ფართი 65 კვ.მ. და სარდაფი 16 კვ.მ. ინდივიდუალური საკუთრების უფლებით აღირიცხა მე-5 პუნქტში დასახელებული მოსარჩელის სახელზე (იხ. ამ განჩინების 1.1 ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი).
6. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განცხადების ავტორების (იხ. მე-4 პუნქტი) მოთხოვნას არ დაეთანხმენ ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოსარჩელეები და მესამე პირი - ხ. ა-ე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით (იხ. ტ.13, ს.ფ.169-176) მეორე მოსარჩელის (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის #2/8777-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მეორე მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებულ პირთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და # 2ბ/2484-15 საქმის განხილვა შეჩერდა საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ # 2/8777-14 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. განჩინება - ტ.13, ს.ფ. 123-128).
8.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 279.დ-ე, 281-ე მუხლებით და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 29 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის განხილვის მიზნებისათვის, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი იბა „ა-ის ჩიხის“ დაფუძნების შესახებ 2007 წლის 27 ნოემბერის სანოტარო აქტი (რეესტრში რეგისტრაციის #1-19179);
8.1.1. სასამართლომ აღნიშნა: განსახილველი დავის ფარგლებში იკვეთება გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება) დამდგარი შედეგი სწორედ სადავოდ ქცეულ დაფუძნების აქტს ეყრდნობა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში კვლავ მიმდინარეობს წარმოება, კერძოდ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება დაინტერესებულმა პირებმა (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.
8.1.2. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამოიკვეთა საქმის წარმოების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის #2/8777-14 სადავო გადაწყვეტილებით, რომელიც უპირობოდ უნდა წარმოადგენდეს კანონიერი ძალის მქონე სასამართლო აქტს, დადგენილ ფაქტებს შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს წინამდებარე დავაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინეს პირველმა და მეორე აპელანტებმა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით (იხ. კერძო საჩივარი - ტ.13 - ს.ფ.177-186).
10. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ ნათლად და გარკვევით ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ შეიძლება სააპელაციო სასამართლოში # 2ბ/2484-15 საქმეზე გადაწყვეტილების მიღება # 2/8777-14 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის # 2/8777-14 გადაწყვეტილებაში მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილია მოცემული, გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, თუ რომელი ფაქტები მიიჩნია სასამართლომ დადგენილად.
11. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები (იხ. ამ განჩინების 1-2 პუნქტები) არ ეფუძნება იბა „ა-ის ჩიხის“ დაფუძნების შესახებ 2007 წლის 27 ნოემბრის აქტს, არამედ ისინი მხარეთა შორის 2009 წლის 28 იანვარს დადებულ სესხის ხელშეკრულებას ეფუძნება. ეს ხელშეკრულება დადებულია, ერთი მხრივ, პირველ მოსარჩელესა და მესამე პირს და, მეორე მხრივ, იბა-ს შორის. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით მოპასუხეების მიერ შეტანილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც კანონიერ ძალაშია შესული (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინება). აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება დაეკისროთ.
12. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან, სამართლებრივი ურთიერთობიდან და, რაც მთავარია, მოცემულ სამოქალაქო დავაში მონაწილეობენ თუ არა ერთი და იგივე მხარეები. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს ამ პუნქტში დასახელებულ საქმეთა შორის კავშირის არარსებობის გამო.
13. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, საქმეში არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებიც ადასტურებენ მოპასუხეთა დავალიანებას მოსარჩელეთა მიმართ. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული მასალებით შეუძლია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე # 2ბ/2484-15, იმგვარად რომ # 2/8777-14 საქმესთან შემხებლობა არ ექნება. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად შემდეგი მოტივაციით:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.
17. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტთა ნაწილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებული # 2ბ/2484-15 სამოქალაქო საქმის განხილვა, საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ # 2/8777-14 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე # 2ბ/2484-15, რომლის შეჩერებასაც ითხოვდნენ მხარეები, ეფუძნება # 2/8777-14 სამოქალაქო საქმეზე სადავოდ გამხდარ იბა-ს დაფუძნების აქტს.
19. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ასახულია ამ განჩინების 8.1-8.1.2 ქვეპუნქტებში.
20. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
21. მითითებული ნორმის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ - №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებშია ასახული), რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, ხოლო მათგან მოპასუხეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამო სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება (იხ. 3-4 პუნქტები).
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის გადასაწყვეტად შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის #2/8777-14 სადავო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს. საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული #2/8777-14 საქმე ეხება იბა „ა-ის ჩიხის“ დაფუძნების შესახებ 2007 წლის 27 ნოემბრის სანოტარო აქტის (რეესტრში რეგისტრაციის # 1-19179) ბათილად ცნობას და საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით კ- ა-ის (რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე განსახილველ დავაზე ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოსარჩელეების ერთ-ერთი მოპასუხეა და იმავდროულად სააპელაციო საჩივრის ავტორიც) უძრავი ქონების საკუთრებად აღრიცხვას (იხ. მე-5 პუნქტი).
23.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე პირზე საკუთრების აღიცხვისა და ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებს შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რომ ერთ საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭოს მეორე საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს. იმ დაშვებითაც, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით [რომლითაც ამხანაგობის დაფუძნების აქტის ბათილად ცნობა, რომელიც მოსარჩელე კ- ა-ის მიერ აღძრული მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის /უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა/, დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს], დადგენილია გარკვეული ფაქტები, აღნიშნული ვერ შეაფერხებს ფულადი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე დავის განხილვას მხარეთა შორის, რადგან თუკი არ დადასტურდება მხარეთა შორის ამ სახელშეკრულებო მოთხოვნების არსებობის საფუძვლიანობა, სასამართლოს კონკრეტული წინაპირობების შემოწმება კონდიქციური სამართლის ნორმებით მოუწევს, რასაც ვერ შეუშლის ხელს კონკრეტულ საქმეზე პირის მიკუთვნებითი მოთხოვნის დროს განხილული და გადაწყვეტილი ფაქტობრივი წინაპირობა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტის ბათილობის შესახებ.
23.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერებისას, მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას # 2/8777-14 საქმეზე განხილვის დასრულებამდე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს აპელანტთა (მოწინააღმდეგე მხარეთა) შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, დეტალურად გამოიკვლიოს, რამდენად შეუძლებელია მის წარმოებაში არსებული # 2ბ/2484-15 საქმის გადაწყვეტა # 2/8777-14 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და რამდენად მჭიდრო კავშირი არსებობს ამ ორ საქმეს შორის.
26. “საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა (იხ. სუსგ 9.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014). ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ (იხ. სუსგ ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.).
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2017 წლის 20 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხეთაგან ს. კ-მა (იხ. 1.1 ქვეპუნქტი) განცხადებით მიმართა და წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება მეორე მოსარჩელის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრისა და 26 იანვრის განჩინებების (საქმე 2/8777-14) უცვლელად დატოვების შესახებ. სსსკ-ის 419.3-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება არ გასაჩივრდება (იხ. ტ.13, ს.ფ.161-168).
28. ზემოხსენებული მოტივაციით დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის მოთხოვნა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-სა და ი. ჟ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე