Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-952-888-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე, ე. მ-ე, დ. მ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ა-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ. თ-ის, ე. მ-ისა და დ. მ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 63-ე, 70-78-ე, 368-ე, 373-ე, 374-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 1 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა, ასევე, განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ განჩინების ასლი აპელანტს პირადად ჩაჰბარდა, 2017 წლის 19 ივნისს (ს/ფ 244), რომელზედაც მიმღები პირის სახელი და გვარი, ჩაბარების თარიღი, პირადი ნომერი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული.

5. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდეგ მოსამართლის თანაშემწეს ესაუბრა და სთხოვა, რომ სახელმწიფო ბაჟი გაენაწილებინა ან გადაევადებინა, რაზედაც უარი მიიღო.

8. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა გამოთვლილიყო არა ნასყიდობის ხელშეკრულების ფასიდან (30 000 ლარი), არამედ - მისი საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულებიდან - 9 500 ლარიდან, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

14. კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ის მოსამართლის თანაშემწეს ესაუბრა ბაჟის განაწილების ან გადავადების თაობაზე და მისგან უარი მიიღო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტმა მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის განაწილების ან გადახდის გადავადების თაობაზე და წარადგინა ამ შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს და ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას.

15. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზიას, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს მოიხმობს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მის ღირებულებად 30 000 ლარია მითითებული (ს/ფ 30-31), აპელანტს კი სხვა მტკიცებულება, რაც მის კერძო საჩივარში აღნიშნულ ამ პრეტენზიას დაასაბუთებდა, არ წარმოუდგენია. კერძო საჩივრის ავტორის შედავება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე