Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-962-897-2017 29 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– ლ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - მ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საგარეჯოს რაიონში, სოფელ თ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი გაშენების ფართით 45 კვ.მ (ს/კ 5-; შემდეგში: უძრავი ქონება), საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სახელზე (საჯარო რეესტრის შესახებ „საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ-1, ს.ფ 15-16, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ,183-ე, 311-312-ე მუხლები).

2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობენ ლ. მ-ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კასატორი) და მ. მ-ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 მესაკუთრემ 2016 წლის 15 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთა გამოსახლება და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

3.2 მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1 მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია განხორციელდა სამართლებრივი ნორმების დარღვევით.

4.2 მოპასუხეების განმარტებით, სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდა ნ. მ-ს (თავდაპირველი მესაკუთრე), რომელიც 2001 წელს გარდაიცვალა. მას დარჩა შვილები, ვ. მ-ი (მოსარჩელის მამა) და პირველი მოპასუხე. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 2004 წელს. მოპასუხეების მტკიცებით ისინი, როგორც თავდაპირველი მესაკუთრის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც, უწყვეტად ცხოვრობენ საგარეჯოს რაიონის სოფელ თ-ში მდებარე სადავო სახლში.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა;

5.1.1 მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ასევე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ, სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

5.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 158-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს და ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

5.3 სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 172-ე მუხლის დანაწესით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ)მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.4 რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა და ამ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.

5.5 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უარყოფილ იქნა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

6.1.1. მოპასუხეებმა მიუთითეს წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნეს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს. პირველმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფელ თ-ში მას ერიცხება უძრავი ქონება, რომელიც უკანონოდ დაირეგისტრირა მოსარჩელემ.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.

7.3 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება, რომ ისინი უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები იყვნენ და სსკ-ის 159-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მართლზომიერია ის, ვინც ნივთს ნამდვილი სამართლებრივი საფუძვლით ფლობს. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ უძრავ ქონებას მესაკუთრის ნებით ფლობდნენ, მათ არ გააჩნდათ უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ისინი არამართლზომიერი მფლობელები იყვნენ.

7.4 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მსჯელობა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა სამართლებრივი ნორმების დარღვევით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესით და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

7.5 სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და დაადასტურებდა მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის არსებობას, თუმცა, მოპასუხეებმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები ვალდებული იყვნენ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მესაკუთრისათვის უძრავი ქონება.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 6.1.1 პუნქტში მითითებული გარემოებების იდენტურია.

8.3 კასატორმა დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კასატორის საკუთრების უფლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართლის ნორმებია დარღვეული, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოვიდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება)

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

18. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე