საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-978-910-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ. მ-ე, შ. მ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''პ-ი'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შპს „პ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შ. მ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და მ. მ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე, 60.2-ე, 61.3-ე, 2591-ე, 59-ე მუხლებით და დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მეორე აპელანტი, რომელიც ასევე არის პირველი აპელანტის წარმომადგენელი. მას სასამართლო სხდომაზე ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტა გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მეორე აპელანტმა ხელზე ჩაიბარა 2017 წლის 5 მაისს (ს/ფ 110). პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მეორე აპელანტისთვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო, მას ევალებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი (სსსკ-ის 259 1-ე მუხლი).
6. განსახილველ შემთხვევაში მეორე აპელანტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში არ გამოცხადებულა, იგი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადდა 2017 წლის 5 მაისს დ აიმავე დღეს ჩაიბარა იგი.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღიდან, 27 აპრილიდან დაიწყო და 2017 წლის 10 მაისს (ოთხშაბათი) ამოიწურა. აპელანტებმა კი სააპელაციო საჩივრები 2017 წლის 11 მაისს (ხუთშაბათი) წარადგინეს, შესაბამისად, მათ გასაჩივრების ვადა გაშვებული აქვთ. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივრები განუხილველი რჩება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივრები წარმოადგინეს აპელანტებმა, მისი გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საჩივრების დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
9. პირველი და მეორე კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სსსკ-ის 60.2-ე მუხლის თანახმად ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2017 წლის 27 მარტს, გასაჩივრების ვადის ათვლა კი დაიწყო 28 აპრილიდან, რადგან თუ მხარე არ ჩაიბარებს გადაწყვეტილებას არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღიდან, შესაბამისად ვადის ათვლა დაიწყო 28 აპრილს, ხოლო გასაჩივრების მე-14 დღე 11 მაისს იწურებოდა, ანუ გასაჩივრების ვადა არ დარღვეულა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 31 ივლისისა და 9 ოქტომბრის განჩინებებით კერძო საჩივრები მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მეორე მოპასუხე პირადად და როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი და მინდობილობა, ს/ფ 65; 93-101).
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-7 ქვეპუნქტებში.
15. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანამხად მოპასუხეთათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ, 2017 წლის 27 აპრილს დაიწყო და 14 დღეში, 2017 წლის 10 მაისს ამოიწურა. მეორე მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 2017 წლის 5 მაისს ჩაიბარა (იხ. ხელწერილი, ს/ფ 110), მაშინ როცა სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა უკვე დაწყებული იყო.
16. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეთათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2017 წლის 10 მაისს (ოთხშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 11 მაისს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის მოპასუხეთათვის ჩაბარების დღიდან უნდა დაიწყოს, რადგან გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს და განსახილველ შემთხვევაში იგი კანონის დაცვით გამოთვალა სააპელაციო სასამართლომ.
18.ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ისა და შ. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე