Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1264-1184-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჰ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე) რ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. მოსარჩელის უძრავი ქონება გამოთხოვილი იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.

2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

6. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, მხარეთა გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, რაიმე შეტყობინება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

8. პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტა, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება.

9. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე და გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, რაიმე შეტყობინება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტის წარმომადგენელმა კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებაზე აპელანტის საჩივრის განხილვის განახლება.

11. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის გამარტებით, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული, როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის 13 აგვისტოს საღამოს ორივე ფეხის მუხლსქვედა კუნთის კრუნჩხვის გამო გადაადგილება უჭირდა, შეუძლოდ გრძნობდა თავს და ყველა სხვა ინტერესი მისთვის მეორეხარისხოვანი იყო.

12. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმის განხილვის შემდეგ სასამართლოსათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება აზრს მოკლებული იყო. დამატებით განმარტა, რომ კერძო საჩივრის ავტორისათვის ინტერესი საქმესთან დაკავშირებით ძალიან დიდია, რადგან საქმე ეხება ქონებას, რომელიც მის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს. უძრავი ქონების დატოვების შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ავტორი და მისი ოჯახის წევრები რჩებიან ღია ცის ქვეშ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულია, განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. აპელანტს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენილია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე ემსჯელა. საქმეში არ არის არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რატომ არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე თვითონ აპელანტი.

17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 6-9 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სხდომის თაობაზე მას ინფორმაცია არ ჰქონდა, არ დასტურდება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც თავადაც ადასტურებს. ის და მისი წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი დიდ ინტერესს შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება სარჩელზე შესაგებლის წარდგენასა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება, მოპასუხეს კი არც ერთი არ შეუსრულებია.

20.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ბ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე