Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1305-1225-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.ზესტაფონში, გ-ას ქ. N11, ს/კ 3- მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: უძრავი ქონება) სს ,,ს- ის’’ (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) საკუთრებაშია (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15-16, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 183-ე, 311-312-ე მუხლები).

2. აღნიშნულ უძრავ ქონებას ნ. ს-ე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ფლობს.

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მესაკუთრემ 2016 წლის 29 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

3.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-2 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ მიუხედავად არაერთგზის შეტყობინებისა, სადავო უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც, მოსარჩელე წლების მანძილზე ვერ სარგებლობს საკუთარი ქონებით.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაფორმების შემდეგ, მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 16 000 ლარი. მოპასუხის განმარტებით, ამ თანხას ის ნაწილ-ნაწილ იხდიდა, თუმცა, ვერ მოახერხა რამდენიმე თვის თანხის გადახდა, რასაც უახლოეს მომავალში გადაიხდის.

4.2. მოპასუხის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა არასწორადაა დაყენებული, რადგან სადავო უძრავ ქონებას მოპასუხესთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ფლობენ.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა. მესაკუთრის სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 158-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე, 505-ე, 508-ე მუხლებით და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.3. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. საქალაქო სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ მოპასუხე თავად ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას და აღიარებს ოჯახის წევრებთან ერთად მოსარჩელის კუთვნილი ქონებით სარგებლობის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობისა და ნივთით სარგებლობის ფაქტი.

5.4. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ შეწყვიტა ნასყიდობის საფასურის გადახდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე ნასყიდობის ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 108-114) ნასყიდობა ძალაში შედის ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ხელშეკრულების 13.3.1 პუნქტის თანახმად კი, შესაძლებელია ბანკის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, თუ მყიდველი სრულიად და ჯეროვნად არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირეს. სსკ-ის 508-ე მუხლი ადგენს ორმხრივ რესტიტუციას ვალდებულების შეუსრულებლობისას, კერძოდ, თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხის მიმართ. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის.

5.5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მესაკუთრეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 268-ე და 269-ე მუხლების საფუძველზე.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

6.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებას არ წარმოადგენს და ის უკანონოდ ფლობს მას;

6.3. სადავო უძრავი ქონება აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისაგან 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარად შეიძინა, თანხას, შეთანხმებისამებრ, ნაწილ-ნაწილ იხდიდა და გადახდილი ჰქონდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრე არა მოსარჩელე, არამედ აპელანტია. შესაბამისად, აპელანტი უძრავ ქონებას უკანონოდ არ ფლობს. არამართებულია საქალაქო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს, მასსა და აპელანტს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან მოსარჩელემ აპელანტს არ მისცა სათანადო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რათა უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გაეფორმებინა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.2. სასამართლომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე მითითებით დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა მესაკუთრის სარჩელის დასაბუთებულობა.

7.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით აპელანტს მართალია წარმოეშვა ნივთის მოთხოვნის უფლება, მაგრამ იგი მესაკუთრე არ გამხდარა, რადგან საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეფასები, აპელანტს სადავო ქონების ფლობის მართლზომიერი საფუძველი არ გააჩნია.

7.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მართალია, 2016 წლის 3 მაისამდე აპელანტი სადავო ქონებას ფლობდა ხელშეკრულების, ე.ი. მესაკუთრის ნების საფუძველზე, თუმცა, 2016 წლის 3 მაისიდან მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულება მოშალა, რისი უფლებაც მას სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჰქონდა. მოსარჩელემ, ასევე, სსკ-ის 355-ე მუხლის დანაწესის მიხედვით შეატყობინა მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, მას კი შეტყობინება მიუვიდა. ამის გამო, სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარი ნამდვილია, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ხელშეკრულება მოშლილია და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს არ წარმოშობს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესაკუთრემ აპელანტს დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა, რითაც აპელანტის მფლობელობა, სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, შეწყდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

8.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 6.2-6.3 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

16. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობისა და საკუთრების მართლზომიერებას უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელისაგან უძრავი ქონება თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით უნდა გამოესყიდა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება, როცა მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს ადასტურებს და საჯარო რეესტრის ამონაწერით მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე დადასტურებულია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციულ სარჩელს, რომლის საკუთრებაშიც მყოფ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს კასატორი. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დაედასტურებინა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

18.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ს-ეს (პ/ნ 1--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. კ-ის (პ/ნ 4-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 16 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი