საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1341-1261-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ს. ა-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს თავისი სამი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 120-120 (ას ოცი) ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად 80-80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა დაეკისრა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 29 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად, თუმცა, 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
4. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 365-ე მუხლებით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დაადგინა, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში სადავოდ ხდიდა ჯამში 80 (240-160) ლარს, შესაბამისად, დავის საგნის ფასი ალიმენტის დაკისრების ნაწილში შეადგენდა 960 (ცხრაას სამოცი) ლარს (80X12), რაც ნაკლებია 1 000 ლარზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 (ათასი) ლარს.
5. სსსკ-ის 374-ე და 187-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, მთავარი სხდომის დანიშვნამდე გამოვლინდა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ის უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის მოთხოვნით.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის ღირებულება არასწორად დაიანგარიშა. სასამართლომ ალიმენტის შემცირებული ოდენობა დაიანგარიშა მხოლოდ ორ ბავშვზე, აპელანტს კი გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა მესამე ბავშვის ნაწილშიც, ამიტომაც დავის საგნის ღირებულება გამოვიდა 960 ლარი, რეალურად კი დავის საგნის ღირებულება 1440 (ათას ოთხას ორმოცი) ლარს შეადგენს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი აქვს.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების მე-4 ქვეპუნქტი).
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით უნდა ეხელმძღვანელა და არა - „გ“ ქვეპუნქტით, რადგან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გადასახდელის შემცირებას შეეხებოდა. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაზეც კერძო საჩივრის ავტორიც უთითებს, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფასი გამოითვლება მოპასუხის მიერ გასაჩივრებული შემცირებული თანხის 12 თვეზე ნამრავლით თითოეული ბავშვისათვის, ანუ 40*12=480*3=1440 ლარით. ვინაიდან 1440 ლარი 1 000 ლარს აღემატება, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფასი 80 ლარის 12 თვეზე ნამრავლით უნდა განისაზღვროს, რადგან სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ის თანხა, რომლითაც მცირდება გადასახდელი უნდა გამრავლდეს არაუმეტეს ერთ წელზე, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც მართებულად უთითებს კერძო საჩივარში (იხ. ამ განჩინების მე-7 ქვეპუნქტი).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია, დადასტურებულია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს აღემატება (იხ. ამ განჩინების 12-13 პუნქტები). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა--ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ს. ა-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი