საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1320-1240-2017 17 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ. ზ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ი (მოსარჩელე)
დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირები მოპასუხის მხარეზე - გ. ზ-ე, გ. ზ-ე, ა. ვ-ე, თ. ლ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ქობულეთში, კ-ის ქუჩა №42-ში მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: უძრავი ქონება) ს/კ №2- ნ. თ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) საკუთრებაშია (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 13-14).
2. აღნიშნულ უძრავ ქონებას მ. ზ-ე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ფლობს.
3. გ. ზ-ე, გ. ზ-ე, ა. ვ-ე და თ. ლ-ა (შემდეგში: მესამე პირები ან მოპასუხის ოჯახის წევრები) ჩაბმული იქნენ საქმეში მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (იხ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება, ს/ფ 60-61).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მესაკუთრემ 2016 წლის 18 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.
4.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-2 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე უძრავ ქონებას კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს, რითაც ირღვევა მისი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და დამატებით განმარტა, რომ აუქციონზე უძრავი ქონება გასხვისდა კანონისა და პროცედურების დარღვევით და განმარტა, რომ პრობლემური სესხების გამო, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ირიცხება დახმარების სიაში; აჭარის ა.რ. მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის შედეგადაც შესაძლოა მოხდეს უკანონოდ გასხვისებული ქონების გამოსყიდვა.
5.2. სარჩელი მესამე პირებმაც არ ცნეს.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დასკვნები
6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილი იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.
6.2. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 160-162-ე, 311-ე, 312-ე მუხლები და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით და არ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს.
6.4. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 268-ე მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება, რომელიც ეხება შუამდგომლობას სსგს-დან მტკიცებულებათა გამოთხოვას და დართვას, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირებმა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებად 2015 წლის 13 ნოემბრიდან ირიცხება უძრავი ქონება, ხოლო მოპასუხე და მესამე პირები აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ, მაშინ როცა სადავო უძრავი ქონება მათი მშობლიური სახლია.
7.3. სასამართლომ არ დაადგინა უძრავ ქონებაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა სრულად და ინფორმაცია მათ შესახებ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმების თაობაზე, რომლითაც მესაკუთრეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე, არ დაკმაყოფილდა.
8.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მესამე პირების სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული.
8.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 377-ე, 393-ე, 394-ე, 382-ე, 390-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
8.5. სასამართლომ დამატებით განმარტა სსკ-ის 164-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, სსსკ-ს 102-ე მუხლი და აღნიშნა, რომ აპელანტს არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, შესაბამისად, დადასტურებულად იქნა მიიჩნეული, რომ აპელანტი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და ამ ქონების დაკავების უფლება მას არ გააჩნია.
8.6. სასამართლომ ასევე იმსჯელა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ სსსკ-ის 248-ე მუხლის საფუძველზე და განმარტა, რომ სასამართლო იხილავს დავას სარჩელში დასახელებული მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, შესაბამისად მოპასუხედ დასახელებული პირის გარდა, სხვა პირთა მიმართ მოთხოვნის საფუძვლიანობას სასამართლო ვერ შეაფასებდა, ამიტომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა იშუამდგომლა სადავო უძრავ ქონებაში რეგისტრირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, არასრულია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
9.3. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 7.2-7.3 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით მესამე პირების კერძო საჩივარი, მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
10.2. კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
16.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
16.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
16.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
17. მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ კასატორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, სწორედ ამიტომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი მოპასუხეს მის დაკმაყოფილებაზე. სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, ამასთან მოპასუხეს არ მიუთითებია, თუ რა გარემოების დადასტურებას აპირებდა გამოთხოვილი ინფორმაციით. რაც შეეხება საკასაციო წარმოების ეტაპს, სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დამატებით მტკიცებულებათა გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. ზ-ეს (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ლ-ას (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 2017 წლის 15 ნოემბერი და საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 2017 წლის 8 დეკემბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე